ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით მხატვრულად ლექსები წარმოთქვეს.
„ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“. მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო, არა მხოლოდ ქართველთათვის,არამდე კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.