„ქართული ენა საქართველოს სიყვარულია“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორმა, ელზა აშიროვამ დედაენის დღეს წერილი მიუძღვნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა, ელზა აშიროვამ ქართული ენისა და ზოგადად, მისი ისტორიის შესახებ წერილი გაავრცელა:
„თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია...“ ენა კომუნიკაციის საშუალებაა, ამას ემსახურება მისი, როგორც მეორე ენის სწავლებაც. ენის მნიშვნელოვანი ღირებულება ქვეყნის სიყვარულია, იმ ქვეყნის, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ენა სამშობლოს სიყვარულია.
ქართულმა ენამ, რომელიც ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ფარნავაზ მეფემ გამოაცხადა სახელმწიფო ენად, ქვეყანასთან ერთად განვითარების რთული გზა განვლო. გულშემატკივრებს, ილიას თაოსნობით, არაერთხელ მოუხდათ ბრძოლა ქართული ენის არსებობისთვის. ისინი ყველა გზას მიმართავდნენ მის დასაცავად, რომელიც იზღუდებოდა და იდევნებოდა.
„ჩვენმა ქართულმა ენამ, სკოლებიდან გამოდევნილმა, ისევ ფეხი შესდგა ჩვენს სკოლებში, ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ეხლანდელს რედაქციას „დროებისას“ - აღნიშნავს ილია(ტ.V). პუბლიცისტური წერილები).
იგი ითხოვდა სკოლებში არა მარტო ქართული ენის სწავლებას, არამედ ქართულ ენაზე სწავლებას. ამ მხრივ აფასებდა სოფლის მასწავლებელთა კრებას, რომელმაც ქართული ენა განათლების მიღების საფუძვლად, ქვაკუთხედად აღიარა.
ენის ქომაგ-დამცველები არ უარყოფდნენ სხვა ენის კერძოდ, რუსული ენის სწავლებას, მაგრამ არა როგორც ძირითადი, არამედ როგორც საგანი ისე ისწავლებოდეს.
ქართული ენისა და ქვეყნის დაცვას ემსახურებოდა 1879 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული გიმნაზიები თბილისში, ქუთაისში, სადაც სწავლა ქართულ ენაზე იყო.
გავლენა რუსული ენის იმდენად დიდი იყო, რომ თვითონ ქვეყნის მოქალაქეებიც რუსულ ენაზე საუბრობდნენ, რასაც გულის ტკივილით აღნიშნავდა ილია: „ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არ აქვს სავარჯიშოდ...ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართული სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის, გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის შვენებას შეადგენს“ (ი. ჭავჭავაძე, პუბლიცისტური წერილები).
„მასწავლებელო, როგორ ახერხებდა ილია და თანამოაზრეები სამშობლოსთვისაც და ენისთვისაც ზრუნვას?“ - კითხვას სვამს მე-8 კლასის მოსწავლე.
„მასწავლებელო, ახლა ილიასნაირი ადამიანები რატომ არ არიან?“ - კითხულობს ამავე სკოლის მეორე მოსწავლე
„მასწავლებელო, ქართული ენა ყველანაირად დაცული მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში იქნებოდა“ - ამბობს მესამე მოსწავლე.
მოსწავლეები და საერთოდ, ვინც აცნობიერებს ქვეყნის, ენის ისტორიას, ენას სამშობლოს სიყვარულით სწავლობს. ქართული ენა საქართველოს სიყვარულია. გილოცავთ ქართული ენის დღეს!“, - წერს დირექტორი ელზა აშიროვა.