„ენა დედაა ერისა“ - აღვის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
15-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ გაიმართა.
„ღონისძიების წამყვანებმა, მერვე კლასის მონაწილეებმა - სალომე ჯიაძემ და ზაქარია ჭაბუკიანმა ღონისძიება ისტორიული მიმოხილვით გახსნეს. სტუმრებს და მოსწავლეებს 14 აპრილის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის სიმღერის „დედა ენა“ ფონზე სკოლის მოსწავლეებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ხელმძღვანელი შორენა სილაგაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.