„ენა დედაა ერისა“ - მეძიბნის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
15-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა თუ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ მოეწყო.
„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო მოკრძალებული ღონისძიება, რომელსაც მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. დედაენის დღე მიულოცა, მთელ საქართველოს, სკოლის დირექტორმა, სერგო დუმბაძემ და უსურვა ჩვენს სამშობლოს, და სრულიად ქვეყნიერებას მშვიდობა. სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ცეცხლაძე, ისტორიის მასწავლებელი შერმადინ თურმანიძე და სკოლის დირექტორის მოადგილე უშანგი დუმბაძე, რომლებმაც ისაუბრეს 14 აპრილის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისათვის.
„იდიდე, წიგნო, იდიდე,
ქართული გულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი
იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო!"
სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.