მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
„ღონისძიება მიზნად ისახავდა: ქართული ენის პოპულარიზაციას და ქართული ენის მნიშვნელობის გააზრებას მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს: იაკობ გოგებაშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები დედა ენასთან დაკავშირებით; აღნიშნეს ქართული ენის მნიშვნელობა საქართველოს კულტურის განვითარებაში; წაიკითხეს გამოჩენილ ქართველ მწერალთა გამონათქვამები მიძღვნილი ქართული ენასადმი; გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი.
მოსწავლეებმა აგრეთვე ისაუბრეს: 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, საყოველთაო დემონსტრაციაზე ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონების მოთხოვნით და ქართული საზოგადოების მიერ მიღწეულ სამართლიან გამარჯვებაზე. არგუმენტირებულად დაასაბუთეს, რომ ქართული ენისთვის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნება საზოგადოების ერთიანობამ და ტოტალიტარულ რეჟიმთან მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ განაპირობა. აღნიშნეს, რომ დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიება მიჰყავდათ: VII კლასის მოსწავლეს მართა ხარძიანს და IX კლასის მოსწავლეს მარიამ მარგველანს. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ: კალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - კესო ქობალია და თეონა ლუარსაბოვი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნარგიზა ღვაჩლიანი, რომლებმაც ხელმძღვანელობა გაუწიეს მოსწავლეთა მიერ თავად ორგანიზებულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოს.
ღონისძიებას დაესწრნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები, თემის წარმომადგენლები. მასში ჩართული იყო ყველა მოსწავლე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - კესო ქობალიას, თეონა ლუარსაბოვს და დაწყებითი კლასების მასწავლებელს ნარგიზა ღვაჩლიანს ზემოაღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: