მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების გასაანალიზებლად და მათი წინსვლისთვის შესაბამისი აქტივობების დასაგეგმად დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდება.
Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები, რამდენად საჭიროა მსგავსი ტესტირება და შედეგები დაგვანახებს თუ არა საერთო სიტუაციას. ამის გასარკვევად კი საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და მათი პასუხები მოვისმინეთ.
ნათელა ბოჭორიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, რომ დიაგნოსტიკური ტესტირება, ამ ეტაპზე, სკოლებისთვის საჭირო და აუცილებელი იყო. პანდემიის შემდეგ სასწავლო პროცესისას რიგი ხარვეზები შეიქმნა. ეს ტესტირება ჩვენთვის კვლევის ხასიათს ატარებს, რომლის მიხედვითაც გავიგებთ სად ვართ. ჩვენ ამას სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოსაც ვაკეთებდით, მაგრამ პანდემიის შემდგომ აუცილებელია, რომ მოსწავლეთა ცოდნის დონე შეფასდეს. აქედან გამომდინარე კი მასწავლებლმა საკუთარი კურიკულუმი უნდა დაგეგმოს და სასწავლო მასალა სწორად გადაანაწილოს. ვფიქრობ, რომ დიანოსტიკური ტესტირება ძალიან სწორი, მიზანმიმართული და დროულია. ეს სკოლებს ძალიან დაგვეხმარება.
ნაილი ადეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მიმდინარე სიახლეები ძალიან კარგია. აუცილებელია, რომ ტესტირებაც ყველა სკოლამ გავიაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორც მოწოდებულ ინსტრუქციაში წერია. ყველაზე მეტად ის მოგვეწონა, რომ ტესტირება ერთი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას უნდა ჩატარდეს და სამუშაო მოსწავლეებს სახლებში არ უნდა გავატანოთ, რადგან შემდეგ პროცესში ბევრი ადამიანი ერთვება. ვფოქრობ, რომ ძალიან კარგად მოფიქრებულია, რომ მას ერთი საგაკვეთილო დრო უნდა დაეთმოს და შემდეგ ობიექტური განმავითარებელი შეფასება უნდა დავწეროთ. ისეთი, რასაც ჩვენი სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე გვიჩვენებს.
ჯაბა წიფაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი:
მე ვფიქრობ, რომ ეს ტესტირება საჭიროა. ის ცოდნის დონესაც შესაბამისად დააფიქსირებს. ამ შედეგების მიხედვით კი ღონისძიებები გატარდება, რათა აკადემიური მოსწრების ხარისხმა იმატოს, რაც ძალიან კარგი იქნება. ტესტირებისთვის ჩვენ სკოლაშიც აქტიურად ემზადებიან.
გიორგი ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ტესტირება დონეების განსაზღვრისათვის საჭირო და აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ მოსწავლისთვის განსხვავებულია ხოლმე ონლაინ უწევს ტესტის შესრულება თუ ადგილზე, ფურცელზე უნდა იმუშაოს. ზოგჯერ, მოსწავლის შედეგი ამაზეცაა დამოკიდებული. როდესაც ტესტირებაზე უცხო პირი ესწრება, მოსწავლეზე მაინც მოქმედებს. მათ იციან, რომ დიაგნოსტიკური ტესტირება ჩაუტარდებათ და ამისთვის რამდენად მომზადებული არიან, ამას დრო გვიჩვენებს.
ნესტან კაკიტაძე, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ ჯერ ტესტიც არ გვინახავს და არ ვიცით რა ფორმისაა, რა შინაარსი აქვს. რა ინფორმციაც გვაქვს, იმის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ შედეგი უნდა დაიდოს. ტესტირებამ უნდა აჩვენოს მოსწავლეების დონე, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამ ეტაპზე, ამდენი პრობლემის შემდეგ, ვირუსებისა და სხვა პრობლემების ფონზე ტესტირების ჩატარება სწორი იყოს. რადგან სკოლას იმის საშუალება არ ჰქონია, რომ სწავლება სრულყოფილი ყოფილიყო. რეალურად ჩვენ მთელი მონდომებით, ყველა რესურსის გამოყენებით ვსწავლობდით, მაგრამ, პირადად მე და ჩემი სკოლა ასეთ აზრზე ვართ, რომ პირისპირ სწავლა ბავშვისთვის ბევრად მეტის მომცემია, ვიდრე ონალიან და ჰიბრიდული სწავლის მეთოდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ეს ტესტირება მომავალ წელს ჩატარდებოდა, რეალური სურათი მაშინ უფრო დაიდებოდა. პანდემიის გამო მაინც რიგი შეფერხებები გვქონდა.
თემურ ყავრიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი:
რაც მოსწავლეების განვითარებისა და ცოდნის გასაღრმავებლად კეთდება, ყველაფერი საჭიროა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე დიაგნოსტიკურ ტესტირებებს მხოლოდ მივესალმები.
ასმათი არაბული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის დირექტორი:
ტესტირება საჭიროცაა და აუცილებელიც, ხომ უნდა გავიგოთ სად ვართ, რას ვაკეთებთ და რა გვჭირდება. სწორედ ამიტომაა დიაგნოსტიკური, რომ გავიგოთ, რაზე გვჭირდება მუშაობა. ამასთან დაკავშირებით, კარგი მოლოდინი მაქვს. ველოდებით ტესტებს, ბავშვებსაც აინტერესებთ და ეს ძალიან კარგი იქნება.
შორენა უგრეხელიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის დირექტორი:
დაიგნოსტიკური ტესტირება მაინც კომპლექსურ დავალებებთანაა დაკავშირებული. ჩვენი სკოლა ამ პროექტში პირველ ეტაპზეა ჩართული და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ახალი სკოლის მოდელი ნამდვილად კარგია, რადგან თუკი მასწავლებელი რეალურად იმუშავებს, შედეგზე გასვლა შეიძლება. რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკური წერა საჭიროა, რადგან ეს არის იმის შესამოწმებლად, სად ვართ, რა გავაკეთეთ და რა დონეზე არიან ჩვენი ბავშები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო და ონლაინ ვსწავლობდით, ვფიქრობ, რომ ტესტირება მაინც საჭიროა, რადგან უნდა გავიგოთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაზე უნდა ვიმუშაოთ. როდესაც ამხელა პროექტს ხარ შეჭიდებული და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, ჩვენი საჭიროებები ზუსტადაც უნდა გავიგოთ. სკოლაშ მზაობაც ძალიან კარგია, გრაფიკზე მუშაობაც დავიწყეთ. სკოლა და მასწავლებელი გამუდმებით უნდა ვითარდებოდეს.
სარხან ხუბანოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ზოგადად, ტესტირებები კარგია. ახლაც უმჯობესია, ეს ტესტირება მე-9 კლასში იყოს და მათი ცოდნა შემოწმდეს, ეს ჩვენთვის მხოლოდ მისასალმებელია.
ნაირა ქარჩხაძე–გოგაბერიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი:
მე ვფიქრობ, რომ დიაგნოსტიკური ტესტირება რეალურ სურათს აჩვენებს და ეს მოსწავლეებისთვის კარგია. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მასწავლებლისათვის ეს ძალიან მისაღებია. შეიძლება პირველი ტესტირება ისეთი ვერ იყოს, როგორი სურვილიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ მეორე ჯერზე შესაძლებელია უკეთესი შედეგი მივიღოთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემს სკოლაში პირველადაც საკმაოდ კარგი შედეგი მექნება.
რიზვან უსუფოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეხვედრა უკვე ჩაგვიტარდა. რადგან პირველად იმართება, ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მსგავსი ტესტები საჭიროა, რათა ბავშისა და მასწავლებლის ცოდნა გამოჩნდეს. ეს კი თავის მხრივ მათ დაეხმარება.
თეა თვალაბეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი:
დიაგნოსტიკური ტესტირება საჭიროა და სიმართლე რომ გითხრათ, დროულიცაა. პანდემიის გამოა ისეა სიტუაცია შეცვლილი, რომ მსგავსი რამ ახლა აუცილებელია. უბრალოდ, არის ის მომენტიც, რომ წელს საპილოტეა და ცოტა რაღაცები გაგვიჭირდება, მაგრამ დროულიცაა და იმის გაგებაში დაგვეხმარება, როგორია ბავშვების დონე. დავინახავთ, თუ რაში სჭირდებათ მათ გამოსწორება და მგონია, რომ ამით შედეგს მივაღწევთ. პირველი ეტაპია ახლა, დასახვეწი გვაქვს რაღაცები და მგონია, რომ ბავშვების ცოდნის დონე კარგად გამოჩნება.
გოჩა ძნელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ტესტირება იმთავითვე საჭიროა, თუმცა რამდენად რეალურ საურათს წარმოაჩენს არ ვიცი, ალბათ, 100%-ით ნათელ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. სკოლაში ტესტირებისთვის, გარკვეულწილად, ვემზადებით. მსგავს ტესტირებას მივესალმებით, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო, ერთგვარი ვაკუუმი იყო და საჭიროა, რომ სწავლის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ