„ჩვენი მშობლიური ენის სიყვარულით სავსე გულებით დადიან ეს პატარები“-გომბორის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
18-04-2022
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნას და მუდმივად ახალისებს სხვადსხვა ტიპის პროექტებსა და ღონისძიებებს. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უფროსკლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, თამარ არაბულისა და ლეილა არჩემაშვილის დახმარებით, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ ლამაზი დღის ღირსეულად შეხვედრისათვის.
„საკუთარი ხელით შექმნეს პლაკატები და კედლის გაზეთები ორთოგრაფიაზე, ნასესხებ ლექსიკაზე, დედაენაზე...
ამ სკოლაში, ქართველ ბავშვებთან ერთად, აზერბაიჯანელი ბავშვებიც სწავლობენ. მათაც ზუსტად ისევე უყვართ ქართული ენა და საქართველო, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი მშობლიური ენის სიყვარულით სავსე გულებით დადიან ეს პატარები გომბორის საჯარო სკოლაში და ყოველდღიურად იგრძნობა, როგორი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია მათთვის დედაენა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილ ქართველ მწერალთა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გამონათქვამები. შემდეგ გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი: „ვინ უკეთ იცის ქართული ენის ისტორია“. კონკურსში სამი გუნდი მონაწილეობდა. პირველ გუნდს სალომე ბუჯიაშვილი ხელმძღვანელობდა, მეორეს - რუსუდან ღვინიაშვილი, მესამეს - ლიკა ნოვრუზოვა. შეკითხვებზე პასუხებს ჟიურის წევრი პედაგოგები ქულებით აფასებდნენ. დაძაბული „ბრძოლის“ შემდეგ გუნდებმა საპრიზო ადგილები გადაინაწილეს, მაგრამ... მთავარი ის არის, რომ მოზარდებს უყვართ ქართული ენა, იციან მისი ისტორია და იცავენ ენის სიწმინდეს. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობისთვის ყველა მოსწავლე სიგელით დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.