ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს პოეზიის მარათონი მიუძღვნეს
20-04-2022
დაკოპირებულია
-
+
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს, 14 აპრილს პოეზიის მარათონი - „მრავალჟამიერ იგუგუნე, ენავ ქართულო!“ მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა დედაენის დღე საკლასო ოთახში აღნიშნეს, შემდეგ კი ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს.
პოეზიის მარათონზე მეექვსეკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, გამოხატეს თავიანთი გრძნობები და დამოკიდებულებები; ასევე, გააჟღერეს სხვადასხვა მელოდია, რომლებიც ქართულ ენას ხოტბას ასხამდა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.