კერძო სკოლა „დავითიანში“ დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
29-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს.
უფროსკლასელები შეეცადნენ ქართულ ენას კიდევ ერთხელ მოფერებოდნენ, ეამაყათ დამწერლობით, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ასოებით მოქარგულ უძველეს ხელნაწერებს ამაყად შეავლეს თვალი და პატარებს მათი ისტორია მოუყვნენ.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა კონფერენცია თემებზე - „1978 წლის მოვლენები და მისი მნიშვნელობა“ და „ლიტერატურაში, სიტყვით გამოხატული თავისუფლების იდეა“ წარადგინეს.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ქართველური ენების შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას გააცნეს ქართველური ენები თავიანთი დიალექტებით, ქართული სალიტერატურო ენის აღმოსავლურ-დასავლური დიალექტები. გარდა ამისა, თვალსაჩინოებით დატვირთული, საინტერესო ვიდეორგოლით აჩვენეს მსოფლიოში არსებული 14-ვე დამწერლობა.
„თანამედროვე საზოგადოებაში არა მხოლოდ ისტორიის გაცნობაა მნიშვნელოვანი, არამედ წარსულის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის საძირკველზე მომავლის აშენება. სწორედ ეს გახლდათ კონფერენციის მიზანი. ჩვენი მოკრძალებული სიტყვა შევაწიეთ ქართულ ენას. კიდევ ერთხელ, მოვყევით და დავაფიქრეთ დამსწრე საზოგადოება მის მნიშვნელობაზე”, - ნათქვამია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა ტყებუჩავას განცხადებაში.