„ჩემი ენა ქართული“- თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფო ენას ნამუშევრები მიუძღვნეს
თბილისის N104 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.მოსწავლეებმა თემაზე „ჩემი ენა ქართული“ ნაშრომები შექმნეს. ბავშვებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე და საკუთარ დამოკიდებულებაზე მეტად საინტერესო თემები დაწერეს. თითოეულ თემაში მოსწავლეების დედაენისადმი უდიდესი სიყვარული გამოსჭვივის.
ალმარი სირადეგიანი მე-5 კლასის მოსწავლე: „ჩემი ენა ქართული
ვცხოვრობ საქართველოში... რა უნდა ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო, რომ მიზანს მივაღწიო? უნდა დავეუფლო ქართულ ენას, კარგად, სუფთა ქართულით რომ ვილაპარაკო...
ჩემი აზრით არც ესაა საკმარისი. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ და ალბათ აქ გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, რომ ვიყო საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე, ვალდებული ვარ არა მარტო დავეუფლო ქართულ ენას, არამედ ბევრი წავიკითხო, შევისწავლო ქართული კულტურა, მწერლობა, ვისწავლო საქართველოს ისტორია, შრომა და ჯაფა არ დავზოგო. ამ ყველაფერს ხომ ჩემთვის გავაკეთებ, რომ კარგი მომავალი მქონდეს.
მიყვარს ჩემი ისტორიული სამშობლო სომხეთი, ვცდილობ მისი ისტორიის შესწავლას, მაგრამ რადგანაც ახლა ჩემი სამშობლო საქართველოა, მსურს, ქართული ენა და საქართველო იყოს ჩემთვის როგორც ტკბილი ზღაპარი, იყოს სიმშვიდე, აღორძინდეს საქართველო. მე და ჩემმა თანატოლებმა მშვიდად ვიცხოვროთ, კარგად შევისწავლოთ ეს უნიკალური ენა“.
ალიკა ატოიანი, X კლასი:„ჩემი ენა ქართული
ენა ადამიანთა ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომლის წყალობითაც ისინი ერთმანეთს თავიანთ აზრებს უზიარებენ და ურთიერთგაგებას აღწევენ.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ენაა. იგი სახელმწიფო ენაა. ამავე დროს ეროვნულია და ყველა ქართველის დედაენაა. მსოფლიოში დაახლოებით სამი ათასი ენაა, დამწერლობა კი მხოლოდ თოთხმეტი. მათ შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია ქართული.
მაშ, რას ნიშნავს ჩემთვის ქართული ენა? ჯერ ერთი, შემიძლია ვთქვა, რომ გულწრფელად პატივს ვცემ ამ ენას, მაგრამ ასევე, მშვენივრად მესმის საქართველოში უნდა ვიცოდე ეს ენა, რადგან მომიწევს სწავლა, მუშაობა და ბოლოდაბოლოს, სრული კომუნიკაცია. კომუნიკაცია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში. თითქმის ყოველდღე ვხვდებით ვინმეს, ვუზიარებთ ინფორმაციას, ვუყვებით ერთმანეთს საინტერესო ამბებს… ამიტომ, უბრალოდ, კარგად უნდა ვიცოდე ჩემი ქვეყნის სახელმწიფო ენა. ამჟამად ვერ ვიტყვი, რომ ამ ენაზე უნაკლოდ ვლაპარაკობ, თუმცა ვეცდები და აუცილებლად მივაღწევ ჩემ მიზანს.
ქართველებისათვის დედაენა ყველაფერია: იაკობ გოგებაშვილის დახასიათებით, „ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია“ იგი არის „ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა… განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“. ილია ჭავჭავაძე - „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება”.
ალიონა ტოროსიანი, X კლასი:„ჩემი ენა ქართული…
მე სომეხი ვარ, მაგრამ დავიბადე და ვცხოვრობ საქართველოში, ქართული ენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიყვარს როგორც მშობლიური ენა. ქართული ენის ცოდნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციისა და კარგი სწავლისთვის.
ქართული ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ცივილიზებულ ენებს. ამ ენაზე შეიქმნა ისტორიულ წარსულში უმდიდრესი ლიტერატურა - როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი.
ქართული ენა ისტორიულად ეროვნული კონსოლიდაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტს წარმოადგენდა.
ქართულმა სალიტერატურო ენამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის კომპაქტურობის შენარჩუნებაში, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო შემკრავი და შემადუღებელი მთელ ქართველობის ისტორიული განვითარების პროცესში.
ქართული სალიტერატურო ენა წარსულ საუკუნეებში საფუძველს უქმნიდა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობასა და თავისუფლების მოყვარეობას.
მიხეილ რამაზიანი:„ჩემი ენა ქართული
მე ვარ სომეხი, ვლაპარაკობ სომხურად ასევე კარგად ვიცი ქართული. ეს უძველესი და ლამაზი ენაა. მსოფლიოში არის დაახლოებით 13000 ენა და 14 დამწერლობა, ერთ-ერთი ქართულია.
ქართულის სალიტერატურო ენის დასაბამად IV-V საუკუნე ითვლება. ენამ გაიარა 3 სტადია; ძველი ქართული (V-XI სს), საშუალო სკ. (XII-XVIII სს) და ახალი ქართული (XIX-XX სს).
საქართველოს და ქართველებს ჰქონდათ ძალიან ბევრი მტერი; თურქები, ვიზანტიელები, სპარსელები, თათრები, მონღოლები და ყველას უნდოდათ ქართული ენის განადგურება. მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართული ენა აყვავებულიყო და ის აყვავდა კიდევაც ლამაზი ვარდივით.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ, იყო დიდი ბრძოლა ამ ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას ქართველი მწერლები და არა მარტო. იყო ორი დასი, დასებიდან ერთ-ერთი იბრძოდა ქართული გრამატიკის და ენის განვითარებისათვის, მეორე კი მუშაობდა ეკონომიკურ და სოციალურ საქმეებზე.
ქართული ენის განვითარებისთვის იბრძოდა პირველი დასი. პირველი დასის მეთაური იყო ილია ჭავჭავაძე. მის ჯგუფში იყვნენ ვაჟა ფშაველა, წერეთელი და ალექსანდრე ყაზბეგი. მათ საკმარისად იბრძოდნენ ენის განვითარებისათვის და შენარჩუნებისათვის.
მე ვფიქრობ, რომ ქართული ერთ-ერთი უძველესი ენაა, და ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ ეს ლამაზი ენა. მე მიყვარს ქართული და ეს ჩემი ენაა, ჩემი მეორე მშობლიური ენა“.
ანი ხაჩატურიანი:„ჩვენი ენა ქართული
ქართული ენა პირველი კლასიდანვე მომეწონა და შემიყვარდა, ეს ალბათ, მამის დამსახურებაა, რადგან ყოველთვის მიმეორებდა - შენ საქართველოში ცხოვრობ, აქ დაიბადე, აქ გაიზარდე და ქართული შენი მშობლიური ენააო და სწორედ ამიტომაც უნდა გიყვარდეს.
მახსოვს, როცა სკოლაში რამდენიმე ქართული სიტყვა ვისწავლე სახლში გახარებული მივედი, მივირბინე მამასთან და ვუთხარი,რომ ქართული სიტყვები ვისწავლე, მანაც გაიზიარა ჩემი სიხარული.
თავიდან ჩემთვის ძალიან რთული იყო ქართულის სწავლა, რადგან ქართულად ჩემ გარშემო არავინ ლაპარაკობდა. ვტიროდი როცა ვერ ვიგებდი ქართულ სიტყვებს, დღეს კი თავისუფლად ვლაპარაკობ მეგობრებთან, თანაკლასელებთან.
ვემზადები მომავალში ჩავაბარო უნივერსიტეტში და მინდა, რომ ჩემი ცხოვრებით ვიყო საამაყო და საქართველომაც იამაყოს ჩემით.
გიორგი მანუკიანი, მე-7 კლასი:„ჩვენი ენა ქართული
ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მშობლიური ენა. მე ვარ სომეხი და ვიცი სომხური, მაგრამ რადგან დავიბადე საქართველოში, ფეხი დავდგი ამ მიწაზე და აქ ვცხოვრობ, ჩემი წარმატებისათვის აუცილებელია კარგად ვიცოდე ქართული ენა.
მე მინდა გავხდე დიპლომატი და იმისათვის, რომ შემისრულდეს ჩემი დიდი ხნის ოცნება, აუცილებელია ვიცოდე ქართული.
მე ძალიან მიყვარს საქართველო და ნამდვილ სამშობლოდ მიმაჩნია. ვამაყობ, რომ კარგად ვიცნობ ქართულ ლიტერატურას; „გულის ფესვიდან მინდა გიმღერო, და თუ ვერ გითხრა, როგორ მიყვარხარ, შენს თითოეულ ხეს, ბალახის ღეროს, ვკოცნი, ვეხვევი, ვეტყვი მიყვარხარ“.
მე წელს ვისწავლე შოთას უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ და ვეზიარე ისეთ სიბრძნეს, რომელიც აუცილებლად გამომადგება ცხოვრებაში.
მინდა კიდევ მეტი ვიცოდე ქართული მწერლობის შესახებ და ორი წლის მანძილზე, რაც სკოლაში უნდა ვისწავლო, უკეთ ჩავუღრმავდე ქართულ ენას.
მე დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ზედმიწევნით უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი არ ექნება.
შეიძლება ადამიანი პოლიგლოტი არ იყოს, მაგრამ კარგად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანისათვის შეუძლებელი არაფერია და თუ მთელი სულით და გულით მოვინდომებთ რაღაცას, მთელი სამყარო დაგვეხმარება ოცნების შესრულებაში.
მე ჩემი ოცნებების ასრულებაში ქართული ენის ცოდნა დამეხმარება.
დიანა მარაბიანი, მე-11 კლასი:„ჩვენი ენა ქართული
„ერთხელ სიზმარში ვნახე სამშობლოდან შორს ვიყავი,
თბილისი მენატრებოდა და სახლის წინ მრგვალი ბაღი,
მთაწმინდა და სოლოლაკი, ნარიყალა, ბაგები,
არ მეგონა ჩემს სამშობლოს თუკი ისევ ვნახავდი.
გამეღვიძა მწარე ოფლმა მთლიანად დამასველა,
თურმე სიზმარი ყოფილა და გულმაც დაისვენა.
აღარ მინდა მსგავსი განცდა, ღმერთო გადამარჩინე,
ამარიდე სხვაგან ყოფნას, თბილისში დამარჩინე.”
მიყვარს საქართველო და მისი ენა, მისი არცოდნა წუთითაც ვერ წარმომიდგენია. აბა რა ვიქნებოდი ენის უცოდინარი? ვერავისთან კონტაქტს ვერ შევძლებდი.
ქართული ენის ცოდნა საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ეს არის ქართველებთან ინტეგრაციის ერთადერთი საშუალება. არ გვეცოდინება ენა? ვერ შევძლებთ უმაღლესი განათლების მიღებას, ნორმალურ თანამდებობაზე მუშაობას, მოსახლეობასთან ურთიერთობას. ეს მართლაც დაუძლეველ პრობლემებს შეგვიქმნის.
ქართული ენა რომ შევიყვაროთ, სიტყვაკაზმულ საუკუნოვან ქართულ ლიტერატურას უნდა გავეცნოთ. მე თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან შემიძლია ქართველ თანატოლებს გავეჯობრო შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ცოდნაში.
მე მინდა ვიცხოვრო საქართველოში და ჩემი თანამემამულეების გვერდით ვიყო ჭირსა და ლხინში და ახალი ქართული სახელწიფოს მშენებლობაში ჩემი წვლილი შევიტანო.
თავს ბედნიერად ვთვლი, რომ აქ ამ მიწაზე დავიბადე, აკი გალაქტიონი ამბობდა, დავეთანხმები „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.“ ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ
საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ ყოფილა ებრაელთა მოძულეობა, ტოლერანტიზმი გამოარჩევდა ქართველ ხალხს, სწორედ ამიტომ არის, რომ ამდენი არაქართველი ბედნიერად ცხოვრობს საქართველოში.
მე ვამაყობ, რომ სრულყოფილად ვფლობ “ ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას...
ლანა მკრტიჩიანი მე-11 კლასი:„ჩვენი ენა ქართული
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენათაგანია. ის ძალიან მდიდარია ლექსიკური მარაგით. ქართველ ერს ჰყავდა უამრავი მოღვაწე, რომელიც ზრუნავდა მისი სრულყოფისათვის. შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე.
ქართული ენა სახელმწიფო ენაა,რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დაწესებულებაში წარმოება ქართულ ენაზე ხდება.
მე, როგორც სომეხი, მაგრამ ქართულ მიწაზე დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, ვცდილობ სრულყოფილად შევისწავლო ქართული ენა და ლიტერატურა, რადგან აქ ვაპირებ ცხოვრებას, სწავლის გაგრძელებას და ამ ენის ცოდნაზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი წარმატება.
ქართული ენის დაუფლებისათვის აუცილებლად მიმაჩნია ქართული მწერლობის ნიმუშების შესწავლა, რადგან მათში ჩადებულია უდიდესი სიბრძნე, რაც დამეხმარება ცხოვრებაში გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში.
მიხარია, რომ ილიასა და აკაკის შემოქმედების ცოდნაში ჩემს ქართველ თანატოლებს შემიძლია ღირსეული მეტოქეობა გავუწიო.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მივიღეთ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა დედაენის ძეგლთან და ყველა გავაოცეთ ამ ენაზე წარმოთქმული ლექსებითა და სიმღერებით.
მე პირადად ძალიან კარგად ვმღერი და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდე, ჩემი სავიზიტო ბარათია რევაზ ლაღიძის ულამაზესი სიმღერა, „თბილისო“.
მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი, მჯერა ჰაოსისა და ქართლოსის ძმობის. მინდა დამთავრდეს ამ ორ მოძმე ერს შორის ფარული მტრობა და აქ არავინ მითხრას შენ სომეხი ხარო. დარწმუნებული ვარ, ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდები უფრო შემწყნარებელი და ტოლერანტები ვიქნებით ერთმანეთის სარწმუნოებისა და ეროვნების მიმართ.
მარიამ ბადალიანი VIII კლასი:„დედაენა
მე დავიბადე თბილისში. ეროვნებით სომეხი ვარ. ალბათ ბედნიერი ვარ, რომ ორი სამშობლო მაქვს და შესაბამისად ორი დედა ენა - სომხური და ქართული. მართალია, სომხური ენა უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ქართული, მაგრამ ვცდილობ ვისწავლო, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობ და უნდა ვიცოდე არამარტო იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, არამედ ინტეგრაციისთვის. ბედნიერი ვარ რომ ვიზრდები ისეთ ოჯახში, სადაც თანაბრად უყვართ ორივე ენა, სადაც მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის დესპანი. ბებიაჩემი - ანაიდა ბოსტანჯიანი რომელიც ყოველთვის გვინერგავდა სიყვარულს ქართული ენის მიმართ. ის ყოველთვის ამბობდა რომ დედა ენა არის ეროვნული თვით აზროვნების წინაპირობა. თუ ადამიანს არ უყვარს და არ ფლობს თავის მშობლიურ ენას, მას არასოდეს არ ეყვარება სხვისი“.
მონიკა პეტროსიანი:„ჩვენი ენა ქართული
მსოფლიოში 6000-მდე ენას ითვლიან. ამათგან დამწერლობა აქვს მხოლოდ რამდენიმე ასეულს, მათ შორის არის ქართული ენაც, რომელიც უძველესი დამწერლობის მქონეა. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მას აქვს საკუთარი ანბანი და დამწერლობა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა ქვეყნის ანბანისგან.
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. ყველა ვინც საქართველოს მოქალაქეა, ვალდებულია ისწავლოს ქართული ენა.
საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს.
იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი ერის განვითარებისა ქართულ ენით აღიბეჭდა ქართველი ხალხის ისტორია, - უძველესი დროიდან დღემდე.
ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი. ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
მართალია, მე ქართველი არ ვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვარ, და როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ვსწავლობ ქართულ ენას, რადგან ჩემი სახელმწიფო ენაა, რომელიც ძალიან მიყვარს“.
ნატალი პეტროსიანი მე-11 კლასი:„ჩემი ენა ქართული
მე წარმოშობით სომეხი ვარ, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე საქართველოში და მას ვთვლი ჩემს სამშობლოდ. რატომ? ჩემი წინაპრების საფლავები აქ მეგულება. ქართველმა ხალხმა მიწილადა თავისი წილი ჰაერი, წყალი და მიწა. მე რა მევალება სანაცვლოდ? მიყვარდეს მისი ტკბილი „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“. არ მეცოდინება ქართული? ურთიერთობას ვერ დავამყარებ ჩემს თანამემამულეებთან და ვიქნები არაკომფორტულ მდგომარეობაში, ვერ ვიმუშავებ სახელმწიფო დაწესებულებაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიცოდე სახელმწიფო ენა.
მე ქართული, ვფიქრობ, კარგად ვიცი, მაგრამ მარტო ენის ცოდნა არ მიმაჩნია საკმარისად. ვცდილობ ზედმიწევნით ვისწავლო ქართველი მწერლების შემოქმედება, რადგან იგი მართლა ღირსია საფუძვლიანი შესწავლის. მსოფლიოში უამრავი ენაა და მათ შორის მხოლოდ 14-ს აქვს ანბანი მათ შორისაა სომხურთან ერთად ქართული ენა. მე მაქვს საშუალება წავიკითხო ქართულ ენაზე შოთას უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, ვაჟას პოემები და გალაქტიონ ტაბიძის პოეზია. ერთი სიტყვით
„რა რიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,..
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა და გალაქტიონი“
სწორედ ქართული ლიტერატურის და ისტორიის შესწავლამ განაპირობა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ხალხისა და „მრავალჭირვარამგადანახადი“ ქართული ენისა. მახსენდება მ. მაჭავარიანის ლამაზი სიტყვები: „ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენაა,“ მხოლოდ ქართველებისა არა, ჩვენიც.
მადლობა ღმერთს, რომ ქართულს ვფლობ და შემიძლია ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რასაც იწვევს ენის ცოდნა.
ვამაყობ შენით ჩემო სამშობლო, მჯერა შენი აწმყოსი და მომავლისა და მინდა გჯეროდეს, თუ გაგიჭირდა არავის დავანებებთ შენს მიწა-წყალს, ქართველებს გვერდით დავუდგებით, მის დასაცავად აღმდგართ გაგვამხნევებენ წინაპართა საგმირო საქმეები, ნაკადად მოჩუხჩუხე სისხლი ღიმილის ბიჭებისა.
„ჩვენი ენა ქართული
ჩემია საქართველო
და ასევე სომხეთი.
ჩემი ენაა სომხური
და აგრეთვე ქართული.
მინდა ვისწავლო ორივე კარგად
მინდა ვიზრუნო ორზე თანაბრად.
ენა ქართული, ლამაზი, თბილი
გვაერთიანებს აქ მცხოვრებ ყველას.
და თუ გვიყვარს
ეს ლამაზი მიწა
უნდა ვიცოდეთ
ქართული ენაც“.
იხილეთ ფოტოები: