„კრეატიული, მიზანმიმართული, თავისუფალი მომავალი თაობა გვყავს, რომელიც ყველა წინააღმდეგობას დაძლევს“- ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე
„მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა რთულია, 30 წლის უკან დაბრუნების შემთხვევაშიც ისევ ამ გზას შევუდგებოდი“, - ეს სიტყვები ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, მარიზა აბაშიძეს ეკუთვნის.მარიზა აბაშიძე 30 წელია მომავალი თაობების განათლებაზე დაუღალავად ზრუნავს და უკვე არაერთი ღირსეული მოქალაქე აღუზარდა ქვეყანას. ბათუმის N2 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან მოღვაწეობს და სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობას წარმატებით ითავსებს. თვლის, რომ მასწავლებლობა დირექტორისთვის აუცილებელია, რადგან სასწავლო პროცესისა და თითოეული გამოწვევის უშუალო მონაწილეა.
ენერგიული დირექტორი კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის პროფესიონალიზმის მაგალითია, რადგან მარიზა აბაშიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს და მასწავლებელთა გამოცდაზე გასასვლელად კვლავ აქტიურ სამზადისშია.
მარიზა აბაშიძემ etaloni.ge-სთან როგორც სკოლაზე, განათლების სისტემაზე ასევე, მის განვლილ გზაზე საუბრობს:- ბათუმის N2 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან ვარ. დირექტორობასთან ერთად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და დღევანდელი მდგომარეობით მაქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ჩემი ძირითადი საქმიანობა, მასწავლებლობა არასოდეს შემიწყვეტია და ზოგადად, 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს.
სკოლის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, არის სირთულეებთან დაკავშირებული, თუმცა ვინაიდან პედაგოგობა ჩემი მოწოდებაა ენერგიას არ ვიშურებ, რომ ამ მხარესაც მქონდეს გარკვეული ტიპის პრაქტიკა და გამოცდილება. მოგეხსენებათ, კანონის მიხედვით დირექტორისთვის სრული დატვირთვა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მაქვს მხოლოდ 2 კლასი. პედაგოგობა დირექტორობას ხელს არ უშლის. პირიქით, სასწავლო პროცესისას გამოწვევების უშუალო მონაწილე ვარ. ეს საშუალებას გვაძლევს მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ერთმანეთს საჭირო რეკომენდაციები მივცეთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დირექტორისთვის აუცილებელია.
- ყველა პროფესიას აქვს სირთულეები, მით უმეტეს ამდენ ხნიანი მოღვაწეობის პერიოდში ალბათ, რთული სიტუაციები გქონიათ... ოდესმე, თუ გინანიათ ეს ძალიან შრომატევადი გზა, რასაც მასწავლებლობა ჰქვია?- არასოდეს მინანია... ის კი არა ყოველთვის ვამბობ, 30 წლის უკან რომ დავბრუნდე, კვლავ ამ გზას ავირჩევდი. მიუხედავად იმისა, რომ გამოვიარე 90-იანი წლები, როგორც ჩვეულებრივმა მასწავლებელმა, ვფიქრობ ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება და ერთი წუთითაც არ ყოფილა, რომ მენანოს ეს პროფესია.
- როგორ ახერხებთ, რომ თქვენს მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მეგობრული თუ კოლეგიალური ურთიერთობა შეინარჩუნოთ და დაამყაროთ?- პირველ რიგში ხელმძღვანელს ბავშვი უნდა უყვარდეს. რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი იყო, თუ ბავშვი არ გიყვარს, იქ არაფერი გამოვა. სწორედ ამ სიყვარულიდან მოდის ურთიერთპატივისცემა და შემდეგ თანამშრომლობა. ზოგადად, ხელმძღვანელი მხოლოდ საკანონმდებლო აქტების აღმსრულებელი არ უნდა იყოს. იგი როგორც მოსწავლის, ისე კოლეგის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ვცდილობ მუდამ სამართლიანი ვიყო. ჩემი საქმე, ჩემი მოსწავლეები მიყვარს. სკოლა სათუთი და სპეციფიკური, ცოცხალი ორგანიზმია, თუ ეს ყველაფერი ერთად ხელმძღვანელს არ აქვს, ის ვერც თავს დაიმკვიდრებს და ასევე, ვერც საქმეს წარმართავს.
- სკოლებში პირბადეების გამოყენება და რიგი რეგულაციები გაუქმდა, როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?- ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან კოვიდ-19 მისუსტდა ვფიქრობ, დროული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ჩემს პრაქტიკულ შეფასებას, თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის სკოლაში ცოტა გამიჭირდება, ვინაიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე ვართ, რადგანაც ბათუმის N2 საჯარო სკოლა კაპიტალურ რემონტზე გავიდა. როგორც სკოლის ხელმძღვანელი ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო.
- 2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით?- ზოგადად პანდემიის ფონზე რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის ხარვეზები იყო, თუმცა ჩვენი სკოლა წელს დასწრებით რეჟიმზე გადავიდა; ჩვენი მოსწავლეები და ასევე, პედაგოგები მათ შორის მეც, ვცდილობდით ის ხარვეზები რაც იყო გაგვებათილებინა. იყო დამატებითი აქტივობები, სხვადასხვა სასკოლო პროექტები, რომლებიც იმ დეფიციტის აღმოფხვრაში უწყობდა ხელს, რაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების დროს იყო საგაკვეთილო ცხრილი, ტარდებოდა გაკვეთილები, თუმცა შეზღუდულმა დრომ გარკვეული კვალი მაინც დატოვა. ამ ერთმა წელმა კი, რაც სკოლას დავუბრუნდით მოგვცა საშუალება ხარვეზები აღმოგვეფხვრა.
- ქალბატონო მარიზა, პანდემიის ფონზე როგორ ფიქრობთ, რა საფუძვლით ამთავრებენ მეთორმეტეკლასელები წელს სკოლას?- მოგეხსენებათ, მე-12 კლასს ისედაც შემცირებული საათების რაოდენობა აქვს. სკოლაში დაბრუნებამ კი მოიტანა ის, რომ მეთორმეტეკლასელები გაკვეთილებს მასიურად ესწრებოდნენ და ცდილობდნენ საგნობრივი პროგრამები მაქსიმალურად აეთვისებინათ. ვფიქრობ, რადგან დამამთავრებლები ძირითადად უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებაზე არიან ორიენტირებულები და ეს რეალობაა, ისინი გაკვეთილების შემდგომაც მეცადინეობდნენ. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია პრობლემები ჩაბარებაზე არ უნდა ჰქონდეთ. ამ პანდემიამ ბავშვები ხომ სახლში ჩაკეტა და ამიტომ, საგანმანათლებლო პროგრამებს და წიგნებს მიუსხდნენ.
- სკოლებში სადიანოსტიკო ტესტირებები იგეგმება, როგორ შეაფასებდით?- სადიაგნოსტიკო ტესტები ჯერ არ მოსულა და მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუმცა, ამაზე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, პედაგოგებში გავავრცელეთ. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია სადიაგნოსტიკო ტესტები მიზნად დიაგნოსტირებას ისახავს და არა იმას, რომ მოსწავლეს შეფასება აუმაღლდეს ან დაუდაბლდეს. ეს ყველაფერი შეიძლება სამედიცინო დიაგნოზს შევადაროთ, თუ სად ვართ, რა გვჭირდება, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ვფიქრობ, ამაში რაიმე საგანგაშო და მიუღებელი არაფერია. მაგალითად ჩემი საგანი, ქართული რომ ავიღოთ პირობითად, რომ ვთქვა ეს ტესტირება საშუალებას მოგვცემს გავიგოთ სად უჭირს მე-9 კლასის მოსწავლეს, სად აქვს პირიქით, უფრო მაღალი მონაცემი და მომავალი სასწავლო პროცესი დავგეგმოთ. ვფიქრობ, ეს სიახლე სკოლებს მომავალი მიზნების დასახვაში დაგვეხმარება.
- ხომ არ თვლით, რომ ეს ტესტირება ბავშვების ფსიქიკაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდეს და დაისტრესებიან?- თუ ჩვენ ინფორმაციას სწორად მივაწვდით და სადიგანოსტიკო ტესტების მნიშვნელობას, როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს ავუხსნით, გავაკეთებთ მოქნილ გრაფიკს, არ დავტვირთავთ ბავშვებს მაშინ არ დაისტრესებიან. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ავუხსნით მოსწავლეებს. ამ შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციის როლი და პასუხისმგებლობა დიდია.
- ქალბატონო მარიზა, თქვით რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი გაქვთ, აპირებთ გამოცდაზე კვლავ გასვლას თქვენ და თქვენი პედაგოგები?- ჩვენ სკოლაში სულ 96 პედაგოგია, აქედან ოცდაორი წამყვანი ვართ, ერთი მენტორია, ხოლო დანარჩენები უფროსები არიან. პირადად მე გამოცდებზე დარეგისტრირებული ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად. მოტივაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს და ვნახოთ რა გამოგვივა... ვემზადებით, ლიტერატურას ვეცნობით და ერთმანეთთან ვთანამშრობთ. არ ვნერვიულობ. წელი რომ ჩამივარდება, როდესაც გამოცდა არ მაქვს ჩასაბარებელი ასე მგონია, რაღაც მაკლია. გამოცდები ჩვენი პროფესიული განვითარებისკენ მიმავალი გზაა და ვფიქრობ, ყველა მასწავლებელმა უნდა გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები. არც არაფერია დასაძრახი, თუ მასწავლებელს ეს არ გამოუვა... მერე რა, მთავარი მცდელობაა, რომ სტატუსი აიმაღლოს და პროფესიულად განვითარდეს. აქ საშიში არაფერია.
- და ბოლოს, როგორ შეაფასებდით თქვენს მოსწავლეებს?- ეს თაობა მე ძალიან მიყვარს. კრეატიული, მიზანმიმართული, თავისუფალი მომავალი თაობაა, რომელიც ყველა წინააღმდეგობას დაძლევს. აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდებით.
ჩემს მოსწავლეებს პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ და ყველას მოვუწოდებ, სირთულეებს არასოდეს შეუშინდნენ. დაისახონ მიზანი. დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა იოლი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი ყველაფერს შეძლებენ. ეს თაობა შეძლებს თავისი სიტყვა თქვას ქვეყნის მომავალ ცხოვრებაში.