ახლა მაისია. ამ სასწავლო წლის ბოლოს რა დროს გადმოსვლა იყო. თან როგორც მახსოვს, მე მივუტანე მასწავლებელს ყვავილები 15 სექტემბერს, დღეს კი პირიქით, ჩვენმა მასწავლებელმა აჩუქა ყვავილები და ბუშტები ამ ბიჭს. კიდევ რაღაც მუსიკა ჩარეთეს და ახალი მოსწავლის დედამ გულზე დაიდო ხელი, ისე მოუსმინა. ბიჭს ყვავილები რად უნდოდა?! ცოტა დაბნეულიც ჩანს და მოწყენილიც. მასწავლებელმა ჩემს გვერდით დასვა, მე რუსული კარგად ვიცი, ჩემმა ძმამ მასწავლა და დაელაპარაკე ხოლმე თბილადო, თავაზიანად აუხსენი თუ რამე გკითხოსო. აბა, შენ იცი, ახალი მოსწავლეა და უცხოობა არ იგრძნოს, ემეგობრეო. რა ვიცი, სულ შენიშვნას მაძლევდნენ კატოს რომ გადავულაპარაკებოდი ხოლმე გაკვეთილზე, ერთი წამით გადავუჩურჩულებდი და მაშინვე მასწავლებელი მეუბნებოდა: -ანასტასია, ყურადღებით! ახლა კი მეუბნება ამ ბიჭს ელაპარაკეო, რა უცნაურია?!
აი, რას დავაკვირდი. მას ანდრეი ჰქვია, მე - ანასტასია. ორივეს სახელი ა - ზე იწყება და ორივეს ბერძნული სახელები გვქვია. დედამ მითხრა ანასტასია აღდგომას ნიშნავსო, ანდრეი- სიმამაცესო. ანდრეიმ ბერძნული არ იცის, ბერძნული არც მე ვიცი, რად გვინდოდა ბერძნული სახელები?! მისთვის უკრაინული უნდა დაერქმიათ, ჩემთვის - ქართული, მაგრამ მასწავლებლებივით მშობლებსაც რას გაუგებ?!
ისე ცოტა მოწყენილია, თორემ ცუდი ბიჭი არ ჩანს. მოწყენილი იმიტომაა, რომ მამა მოუკვდა რუსეთ-უკრაინის ომში. მეც მომიკვდა ბაბუა რუსეთ - საქართველოს ომში, სოხუმის დაცემის დღესო, ასე მეუბნებიან. მე მაშინ დაბადებული არ ვიყავი. მამაჩემი დაახლოებით ანდრეის ხელა იქნებოდა და ალბათ მამაჩემიც მასავით მოწყენილი იყო მაშინ. მამა მეუბნება ხოლმე ჩვენ დევნილები ვართო, ანდრეიც უკრაინიდანაა დევნილი. ორივეს მიწას რუსეთი გვართმევს. ნეტა რად უნდა ჩვენი მიწები რუსეთს?
მე რუკების თვალიერება მიყვარს და საქართველოს რუკაზე თითს რომ ვადებ, ჩემი თითი თითქმის მთლად ფარავს რუკაზე მთელ საქართველოს, ახლა სანამ პატარა ვარ არა უშავს, მაგრამ რომ გავიზრდები და თითიც გამეზრდება, საქართველო ჩემი ერთი თითის დადება იქნება ალბათ და მეცოდება.
ანდრეის ქალაქი დაანგრიეს. სოხუმიც დაანგრიეს. ანდრეის მამა, ბებია გალინა და ძაღლი მოუკლეს. მე ბაბუა მომიკლეს და ბებიაჩემ თამარას, აქ, სასტუმროში გაუსკდა თურმე გული. ანდრეიმ მითხრა ადამიანებთან ერთად ქალაქებიც კვდებიანო. ქალაქები როგორ უნდა მოკვდნენ-მეთქი და როცა გართმევენ ან გინგრევენ სახლებს, ისინიც კვდებიანო. ანდრეიმ კიდევ მითხრა რომ აფეთქების მერე მის მკვდარ ქალაქში გაზაფხული აღარ მოვა. მე არ ვიცი, სოხუმში თუ მოდის გაზაფხული უჩვენოდ, იქ არ გვიშვებენ. მამა ამბობს დავბრინდებითო, ანდრეის დედამაც უთხრა დედაჩემს, რომ თავის ქალაქში დაბრუნდებიან, როცა ომი დასრულდება.
ანდრეის ქვეყნის დროშა და ჩემი ქვეყნის დროშა სკოლის ეზოში გვერდიგვერდ ფრიალებს. დასვენებაზე ანდრეი თავისი დროშის ქვეშ დგება, მე- ჩემი დროშის და ვიცინით. დროშები ჩვენზე ოჯერ დიდია, ჩვენ - დროშებზე ორჯერ პატარები. ანდრეის უხარია თავისი ქვეყნის დროშის დანახვა, მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი მასწავლებელს ეკითხებოდა აქაც ხომ არ ისვრის რუსეთი ბომბებსო? მასწავლებელმა დაამშვიდა, საშიში არაფერიაო. ბომბების მეც მეშინია. არ მინდა ანდრეისავით მომიკვდეს მამა და თბილისი. ადრე სოხუმი და ბაბუა მამას ხომ მოუკვდა უკვე? მე მინდა ჩემმა ძაღლმაც იცოცხლოს. მართლა, ანდრეის გავაცანი ჩემი ძაღლი, მაგრამ ტკივილი არ შეუმსუბუქდა, ასე ამბობს უფრო ძლიერ მენატრებაო, თუ გინდა ჩემი მიმი ორივეს ძაღლი იყოს - მეთქი და კარგიო, თუ გინდა შენი ძაღლის სახელიც დავარქვათ - მეთქი და ახლა ორი სახელი დავუძახოთ და ანდრეის გაეცინა, კარგიო.
ისევ მაისია, ყაყაჩოები ყვავის თელეთის მინდვრებზე. მამამ აგვიყვანა შაბათს და ანდრეის უთხრა, რომ სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი იქ ყაყაჩო ყვავისო. ანდრეის უკვირს, რამდენი სისხლი დაგიღვრიათო, მეც მიკვირს. უკრაინულად მაისს “травень“ - ჰქვიაო, ასე მასწავლა ანდრეიმ, მე ვასწავლი. რომ მაისი აუცილებლად დადგება მის ქალაქში და ყაყაჩოებიც გაიშლება. ანდრეი მხრებს იჩეჩავს. ძალიან ლამაზი ყვავილია ყაყაჩო, მაგრამ თუ მართლა ომში დაღვრილ სისხლზე ამოდის, აღარასდროს მინდა აყვავდეს არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც სხვაგან!
ნინო ქადაგიძე