TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ლექსები, რომლებიც 26 მაისისთვის ბავშვებმა უნდა იცოდნენ
25-05-2022
-
+


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეროვნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით გთვაზობთ პატრიოტულ ლექსებს სამშობლოზე:

საქართველო (გიორგი ლეონიძე)

დასაბამიდან ანდერძად გქონდა
თავისუფლება გულს დასახული,
ახლა თვითეულ კოკორში სუნთქავ
ულევ სიცოცხლით და გაზაფხულით.

დასაბამიდან ხმალშემორტყმული
დგეხარ და მტერი უამრავია,
შენი მარჯვენა და შენი დროშა
ორი ათას წლის ნაომარია!

მზიანო მხარევ, ცოტას ნათობდი,
იცოდი ბევრი შემოღამება,
ვინ ჩამოთვალოს შენი ჭრილობა,
შენი გმირობა, შენი წამება,

ყველა მოჰქროდა შენს შესამუსრად,
მეზობელი თუ გადამთიელი -
არაბი, თურქი, სპარსი, ხაზარი,
ლეკი, მონღოლი, ბიზანტიელი.

შენ ისევ დგეხარ, თუმცა სისხლის ზღვამ
და ცეცხლის წარღვნამ გადაგიარა,
ყველას უნდოდა შენი დალეწა,
თვით დაილეწნენ, იქმნენ იავარ!

 არის ასეთი ქვეყანა (იოსებ ნონეშვილი)

ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.

მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები - ბარად.

ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები და მდელო.

თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.

„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან…
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

ურმის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს - კაკაბი და გნოლი…
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.

დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში ნარინჯების ეშხი…
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.

მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა…
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.

აუვსია, რომ დაუხვდეს გაზახფულს,
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.

ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო... (ანა კალანდაძე)

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

სამშობლოს (ნიკოლო მიწიშვილი)

ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო,
გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა.
შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო,
შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა.
დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი, 
გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით -
მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული,
გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.
ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო,
გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა.
შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო,
შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა.
დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი, 
გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით -
მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული,
გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! (გალაკტიონ ტაბიძე)

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
- მუმლი მუხასა და ლილეოსი
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა -
ეს სიმღერაა საქართველოსი!

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი!

მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?
ეს სიმღერაა საქართველოსი!

თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, -
ეს სიმღერაა საქართველოსი!

აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია
ეს სიმღერაა საქართველოსი!

გმირებით სავსე სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,
იდიდე! ამ ხმას სხვაში ვერ გარევ,
ეს სიმღერაა საქართველოსი!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება