,,მერე რა, რომ გოგო დავიბადე’’- ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში, დირექტორის ნანა მენაბდის ორგანიზატორობით ჩატარდა საღამო თემაზე - „მამაშვილობა“.
ღონისძიება დღეს არსებულ პრობლემას - მამებსა და შვილებს შორის გაუცხოებას და საზოგადოებაში გამეფებულ აგრესიას ეძღვნებოდა.
მოსწავლეებმა მამაშვილობაზე დაწერილი ესეები წაიკითხეს.
საღამოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მამები ესწრებოდნენ. მოზარდებს მოძღვარიც ესაუბრა.
საღამო დააგვირგვინა მე-12 კლასის მოსწავლის ნათია ცენტერაძის ჩანახატმა - „მა, მე შენ მჭირდები“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის. თუმცა ისიც კი არ ვიცი საიდან დავიწყო. მეგონა გვიან არასდროს იყო. მჯეროდა დადგებოდა დღე, როდესაც ერთმანეთის თვალებში ჩავიხედავდით და გეტყოდი: „მა, მე შენ მჭირდები“. ახლა, როცა წარსულში ვიქექები, ვცდილობ ვიპოვო მოგონება, რომელიც შენთან დამაკავშირებს და ღიმილს მომგვრის. თუმცა, ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ დავკარგეთ, როცა მე გავჩნდი.
ყველანი სამშობიაროში ხართ. დედაჩემის ტკივილები უკვე პიკს აღწევს. სადაცაა დიდ კედელს გავანგრევ და ახალ სამყაროში აღმოვჩნდები. არაფერს ველი. ვერაფერს ვგრძნობ. მხოლოდ უცნაური შიში მეპარება ძარღვებში. მე, ხომ არ ვიცი, რა მელოდება კედლის მიღმა. სანამ დედაჩემი ტკივილებისგან შეწუხებული გამაყრუებელი ხმით გაჰკივის თეთრი პალატიდან, შენ შამპანიურის ბოთლს ეძებ და უკვე რა ხანია ელოდები სიტყვებს: „ბიჭია, ბიჭი!“ ელოდები შენი გვარის გამგრძელებელი როდის აღმოჩნდება შენ გვერდით, როდის ითამაშებ მასთან ერთად ფეხბურთს, როდის ასწავლი სადღეგრძელოების თქმას ან ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამის გაკეთება გსურდა მასთან ერთად. იღიმი, ბედნიერებისგან გინდა იცეკვო, იხტუნო, ჩაეხუტო ყველას, რადგან იცი რომ მალე შვილი შეგეძინება. მამა, სიხარულისგან ხარხარებდი. ცდილობდი ამხელა დედამიწაზე საკუთარი ადგილი გეპოვა. თუმცა ვულკანმა, რომელსაც შენს შიგნით ეძინა, ერთიანად ამოხეთქა. გესმის, როგორ კვნესის დედა და ეს ხმა ღმერთის სიტყვები გგონია, ბედნიერებას რომ გპირდება და... დ ა ვ ი ბ ა დ ე...
„ექიმო, ბიჭია?“ - მთელი სახე გიბრწყინავს, მამა. თუმცა, როგორ ამბობენ, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო, არა?!
„გილოცავთ, გოგო შეგეძინათ!“
მოწყდი... ფეხქვეშ მიწა გამოგეცალა... ძალიან მაღლა აფრინდი და უცებ დაებერტყე მიწაზე. გაშრი... ღიმილი სახეზე შეგახმა, ჩემო საყვარელო მამა. შამპანიურის ბოთლი იატაკზე გაგივარდა და შენი ოცნებები წამის მეასედში დაიმსხვრა.
„რას დაარქმევთ?“ - მთელი გულწრფელობით გეკითხება ექიმი, მომღიმარი სახით. რა იცის ახლა შენს გულში რა აზრები ტრიალებს.
„რაც გინდათ ის დაარქვით“.
ხელი ჩაიქნიე და სამშობიაროდან გახვედი. იქ მიმატოვე, თეთრ სარეცელზე, ცრემლებით სავსე.
ყოველთვის შორიდან გითვალთვალებდი. ვერ ვახერხებდი შენთან ახლოს მოსვლას. არადა, როგორ მინდოდა ჩაგხუტებოდი, მა. მინდოდა შენი წვერის ჩხვლეტა მეგრძნო ლოყაზე. ერთად გვეთამაშა, თუნდაც ფეხბურთი ან უბრალოდ, ორივე ჩუმად ვმსხდარიყავით და გვესმინა, როგორ სუნთქავდა ზღვა. მხოლოდ სიცივე, ბრაზი, თითქოს სიძულვილის გრძნობა მოდიოდა შენგან.
მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ, ნუთუ გგონია იმის გაკეთება არ შემეძლო, რასაც ალექსანდრე გააკეთებდა შენთვის?! ნუთუ გგონია, რომ სიყვარულს მამები მხოლოდ ვაჟების მიმართ გრძნობენ. ერთხელ, ერთხელ რომ მაინც დაგეწნა ჩემთვის თმა, თუნდაც ერთხელ გეკითხა: „რა ქენი, მა, დღეს სკოლაში?“ ალბათ... ალბათ, კიარა შენთვის მთებს გადავდგამდი. გავიზარდე შენ გარეშე. ყოველი ტკივილი ჩემში ჩავმარხე. არც ის მითქვამს პირველად რომ მაკოცა ბიჭმა, რას ვგრძნობდი. არც ჩემი წარმატებების შესახებ მომიყოლია რამე. შენ ერთ ბნელ ოთახში ჩაიკეტე, სულ არაფრის გამო. იცი, როგორი სუსტი და უსუსური მეჩვენებოდი? მინდოდა, იმ ოთახიდან გამომეყვანე და მე გამეწია შენთვის მამობაც, დედობაც და საერთოდ ყველაფერი. ნუთუ, ადამიანები იმდენად სულელები ვართ ჩვენი ცხოვრება მსხვერპლად, რომ შევწიროთ დაუკმაყოფილებელ სურვილებს.
მტკივა. მარტო ვარ. თუმცა გაპატიე. ყოველი ზიზღით სავსე გამოხედვა გაპატიე, მა. მაგრამ დაფიქრდი, რამდენად დავიგვიანეთ. იმდენად გვიანია, რომ ახლა შენს საფლავთან ვდგავარ და ერთი ცრემლიც კი არ მადგება თვალზე. შამპანიური მოგიტანე, მა. მოდი, ახლა მაინც ავღნიშნოთ ჩემი დაბადება. მერე რა, რომ გოგო დავიბადე.“
იხილეთ ფოტოები