„სკოლაში თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელია“-თბილისის N53 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურჯალიანი
ნინო ბურჯალიანმა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის კარი პირველად, მოსწავლის სტატუსით შეაღო და მისი კარიერაც სწორედ მშობლიური სკოლის კედლებში გაგრძელდა - მას შემდეგ უკვე 22 წელი გავიდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც მშობლიურ სკოლას ხელმძღვანელობს.პედაგოგობის რთული გზის არჩევა ნინო ბურჯალიანს არასოდეს უნანიადა საყვარელი საქმისადმი ყოველთვის პროფესიონალური, მეგობრული თუ გულწრფელი მიდგომით გამოირჩევა. თავმდაბალ დირექტორს, სკოლა სიცოცხლის ნაწილად მიაჩნია და მიიჩნევს, რომ ახალ თაობებთან ურთიერთობა ერთგვარად, ცხოვრების გაგრძელებაა. ალბათ, სიმბოლურიც კი გახლავთ, რომ დირექტორ ნინო ბურჯალიანის ბებია და დედაც სწორედ N53 საჯარო სკოლის ამაგდარი პედაგოგები იყვნენ და თავად მისმა შვილებმაც სწორედ ამ სკოლის კედლებში მიიღეს განათლება.
დირექტორობასთან ერთად, ნინო ბურჯალიანი დაწყებითი კლასების წამყვან პედაგოგობასაც წარმატებით ითავსებს და მომავალ თაობებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდის. კოლეგებსაც მუდამ მხარში უდგას და მათი თითოეული წარმატებით ამაყობს.
რა გზა განვლო დირექტორობამდე, როგორი იყო 2021-2022 სასწავლო წელი თბილისის N53 საჯარო სკოლისთვის და რატომ მიაჩნია მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიად -
etaloni.ge-ს საკუთარ თავზე, სკოლასა და მოსწავლეებზე ნინო ბურჯალიანი ესაუბრება:
- მოღვაწეობაში თუ ჩემს მოსწავლეობასაც ჩავთვლით, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლაში ვარ... თანამშრომელი კი 22 წელიწადია, დაწყებითებს ვასწავლიდი და დღემდე მოქმედი პედაგოგი, წამყვანი მასწავლებელი გახლავართ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აგვისტოში დავინიშნე და ჯერ ერთი წელიც არაა, რაც ხელმძღვანელობასაც ვითავსებ.
მასწავლებლობის დირექტორობასთან შეთავსება პირადად მე არ მიჭირს. ერთმნიშვნელოვნად, დირექტორისთვის პარალელურად, მასწავლებლად მოღვაწეობა აუცილებელი არ არის, მაგრამ პირადი გამოცდილებით მასწავლებლობის სირთულეებს უკეთ გაიგებ, იგრძნობ და მათ თითოეულ წარმატებასაც გაითავისებ.
- ქალბატონო ნინო, საკუთარ თავს როგორ დირექტორად მიიჩნევთ?- ვცდილობ, თანამედროვე, გულწრფელი ვიყო და მოსწავლეებთან თუ პედაგოგებთან პარტნიორული ურთიერთობები მქონდეს. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩანს. არ ვარ ავტორიტარი და მუდამ დემოკრატიას ვემხრობი. სკოლაში თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელია, რადგან ყველას ჩართულობით მეტ შედეგს მივაღწევთ. სასკოლო ცხოვრებაში თანასწორობა და პასუხისმგებლობების გადანაწილება მნიშვნელოვანია.
სკოლაში მოღვაწეობა არასოდეს მინანია და ვთვლი, რომ ეს სფერო ძალიან საინტერესოა. ჩემს მოსწავლეებს და საქმეს რაც შეეხება, სირთულეები არ მქონია.
- ქალბატონო ნინო, I კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ სიახლეს?- აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობ და გადაჭრით რაიმეს თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ ეს სიახლე უნდა ვცადოთ. ჭადრაკს თავადაც ვთამაშობ და ელემენტარულ დონეზე მეც შემიძლია ვასწავლო, თუმცა არიან მასწავლებლებიც. ვნახოთ, საბოლოოდ რა, როგორ გადაწყდება...
- სკოლის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები 20 ივნისს არის ჩანიშნული. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორგანო სასკოლო ცხოვრებაში და მშობლები პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები?- სამეურვეო საბჭოს თავისი განსაზღვრული ფუნქცია აქვს და თავის ვალდებულებებს მაქსიმალურად ასრულებს. ჩვენი მშობლები მის ფუნქციონირებასა და პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები; შეხვედრებსა და აქტივობებს ყოველთვის ესწრებიან.
- 2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით? და აქვე გკითხავთ, პანდემიისა და ონლაინ სწავლების ფონზე როგორი ცოდნით ასრულებენ სკოლას მოსწავლეები?- კმაყოფილი ვარ იმ კუთხით, რომ პანდემიასა და რიგ ყოფით პრობლემებსა თუ გამოწვევებს გავუმკლავდით, ჯანმრთელები ვართ და „ბოლო ზარიც“ მშვიდობიანად ჩავატარეთ. იმედი მაქვს, მომავალი სასწავლო წელი უკეთესი იქნება და პანდემიაც საბოლოოდ დასრულდება. ცოდნას რაც შეეხება, გულწრფელად რომ ვთქვათ, ისეთი განათლება, როგორიც პედაგოგებს, მშობლებს გვინდა და ქვეყანას სჭირდება, არ არის. ამ კუთხით არის გარკვეული ხარვეზები და როდესაც სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდება, უკეთ დავინახავთ. ბუნებრივია, როგორ შეიძლება იყოს ისეთი ხარისხის ცოდნა, როგორიც წინა წლებში იყო?! მე-12 კლასელების ცოდნას მისაღები გამოცდები უკეთ დაგვანახებს, მაგრამ სასწავლო წლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგი შედეგებით დაასრულეს ბავშვებმა სკოლა.
- სადიაგნოსტიკო ტესტირება ახსენეთ... რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?- ერთმნიშვნელოვნად, სადიაგნოსტიკო ტესტირება უნდა ჩატარდეს, მაგრამ კარგად უნდა იყოს ორგანიზებული; ამისთვის კი ჩვენი სკოლა მზად იყო თუმცა, პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია. სავარაუდოდ, სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარება დროში გაიწელება, თუმცა შესაძლებელია ადგილობრივად, თითოეულმა მასწავლებელმა სწავლის დაწყებამდე ჩაატაროს თავისი ტესტირება, რათა ნახოს მისი კლასი ცოდნის მხრივ სად არის.
სავალდებულო წერების რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ არ მგონია, მოსწავლეები ძალიან გადაიღალონ. მით უფრო იმ ფონზე, რომ თუ წინასწარ იციან რომ ეს აქვთ გასაკეთებელი, მათთვის უფრო ადვილია და არც სტრესის მომტანი იქნება. ამ სიტყვის - „სტრესის“ ყველას ეშინია, მაგრამ სტრესი განვითარებას უწყობს ხელს.
- რას იტყვით მომავალი თაობის შესახებ?- არაჩვეულებრივი ძალიან კარგი თაობაა, ჩვენ ბევრად გვჯობია. უბრალოდ, ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგეთ და ისე მივაწოდოთ საკუთარი გამოცდილება, რომ გაზიარება მოუნდეთ. ისე უნდა მოვეპყრათ, როგორც თანასწორებსა და შემდგარი პიროვნებებს, რადგან ეს ჭრის და არა სიმკაცრე.
- და ბოლოს, ქალბატონო ნინო, რატომ გიყვართ თქვენი პროფესია?- რადგან სკოლაში სიცოცხლე, სპონტანურობაა და ჩარჩოებში არ ხარ მოქცეული. მუდამ ბევრი სიახლეა, ყოველთვის ახალ-ახალი თაობა მოდის და შენც შენს ბავშვებთან ერთად ამ სიცოცხლეს ხელახლა გადიხარ..