რიონის საჯარო სკოლის პირველკლასელებს უფროსკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა გააცნეს
26-05-2022
დაკოპირებულია
-
+
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, 1-ელ და მე-8 კლასში ჩატარდა ინფორმაციის გაცვლითი აქტივობა.
უფროსკლასელებმა პატარებს გააცნეს თუ როდის მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობა და პირველკლასელებს სახალისო აქტივობები შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს დროს უთმობენ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.