„დირექტორი პირველ რიგში კომუნიკაბელური უნდა იყოს, უყვარდეს ბავშვები და საკუთარი საქმე“- ნინო გაბრიჭიძე, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ ხელმძღვანელი
ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლას“ დაარსებიდან ხუთი წელი უსრულდება და მისი თანადამფუძნებელი ნინო გაბრიჭიძე, რომელიც ამავდროულად დირექტორიც გახლავთ, სკოლას მეოთხე წელია მართავს.სკოლისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს. პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებული თანამშრომლების დამსახურებაც გახლავთ, რომ
„ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი, სწორედ ამ ამ სკოლის მოსწავლეს, დავით გაბრიჭიძეს ერგო და პირველი სამი ადგილიც, სწორედ ამ სკოლის ბავშვებმა გადაინაწილეს.
ნინო გაბრიჭიძისთვის დირექტორობა რთული არ არის, რადგან სასწავლო დაწესებულებას ურთიერთთანამშრომლობით მართავს და ოჯახური გარემოს წყალობით სწავლა-სწავლებისთვის იდეალური ატმოსფეროა შექმნილი. მისთვის დირექტორის მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რომ ხელმძღვანელი იყოს კომუნიკაბელური, უყვარდეს ბავშვები და იმ საქმეს, რომელსაც ემსახურება პროფესიონალურად მიუდგეს
Etaloni.ge-სთან „მომავლის ბიზნეს სკოლის“ დირექტორმა, ნინო გაბრიჭიძემ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეების, სკოლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.- თავდაპირველად მინდა ჩვენს გამორჩეულ და ნიჭიერ მოსწავლეს, დავით გაბრიჭიძეს მივულოცო „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება. მისმა წარმატებამ სკოლაში ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია, რადგან ჩვენთვის ეს უდიდესი წარმატებაა. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს. მადლობა დავითს და მის პედაგოგებს.
„მომავლის ბიზნეს სკოლას“ რაც შეეხება, კი ის 5 წელია გაიხსნა და ოთხი წელია რაც დირექტორი ვარ. ამავდროულად, თანადამფუძნებელიც გახლავართ. სკოლაში მოსვლის შემდგომ დავიწყე მისი გუნდურად მართვა. იმდენად კარგი და პროფესიონალი გუნდი მყავს, რომ მოდუნების საშუალება არ მაქვს. მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობთ ოჯახური გარემო შევქმნათ, ვზრდით ისეთ თაობას, რომელიც ქვეყანას მომავალში აუცილებლად გამოადგება.
ვფიქრობ, დირექტორი პირველ რიგში კომუნიკაბელური უნდა იყოს, უყვარდეს ბავშვები და საკუთარი საქმე. ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა მმართველისთვის ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი თვისებაა.
- ქალბატონო ნინო, საჯარო სკოლებში I კლასიდან ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. თქვენთან, კერძო სკოლაში ამ მხრივ რა მდგომარეობაა?- ჩვენთან ჭადრაკი პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლის გახსნის დღიდან ისწავლება, რომელსაც აკრედიტირებული და პროფესიონალი მწვრთნელი ასწავლის. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პირველკლასელს ჯერ ის უნარ-ჩვევები არ აქვს, რაც ჭადრაკის სწავლას სჭირდება... პირიქით, რაც უფრო დაბალი კლასიდან ისწავლის ბავშვი მით კარგია, რადგან ბევრ საჭირო უნარს უვითარებს, რაც მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. ჩვენი სკოლის მაგალითზე, პრაქტიკაში ეს უკვე დანერგილია და კარგადაც მუშაობს.
- მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც სკოლაში მუშაობის დასაწყებად აპლიკანტმა მინიმუმ სამწევრიანი კომისია უნდა გაიაროს. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?- ჩემი აზრით ეს კარგი არ არის. სკოლას თავად უნდა ჰქონდეს ავტონომია, რომ მასწავლებელი თავად შეარჩიოს. კერძო სკოლიდან გამომდინარე ვიტყვი, მირჩევნია მქონდეს ავტონომია და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღო. მასწავლებელი, რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციური და გამოცდებჩაბარებული უნდა იყოს, მაგრამ მისი დანიშვნა ჩემი გადასაწყვეტია და ამაში არავინ უნდა ერეოდეს.
- სტატუსიან მასწავლებლებს ურჩევნიათ საჯარო სკოლებში მივიდნენ მასწავლებლად. ამ მხრივ კერძო სკოლისთვის გამოსავალი რა არის, რომ სტატუსიანი პედაგოგები დააინტერესოს და მოიზიდოს?- კერძო და საჯარო სკოლები, მოსწავლის ვაუჩერის დაფინანსების მხრივ, როგორც იცით არათანაბარ პირობებში ვართ, ეს კი იწვევს იმას, რომ შესაბამისი ანაზღაურება კერძო სკოლებში ვერ ხერხდება; მაგრამ მერწმუნეთ, კერძო სკოლაში მასწავლებელი მეტად განვითარდება პროფესიული კუთხით, ვიდრე საჯაროში. ავტორიზაციას ჩვენ 6 წელიწადში ერთხელ გავდივართ, სტანდარტების მხრივ კერძოს უფრო მეტი მოგვეთხოვება აქედან გამომდინარე, მასწავლებელიც თავის თავს უფრო მეტად ავითარებს.
ვფიქრობ, თუ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა გვექნება სტატუსიანი მასწავლებლები მეტად დაინტერესდებიან კერძო სკოლაში იმუშაონ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მასწავლებლების ანაზღაურება გაზრდილი გვაქვს და სექტემბრიდან ისინი დანამატსა და საათობრივ ანაზღაურებასაც მიიღებენ. ამ ეტაპზე სკოლაში 27 მასწავლებელი და 10 თანამშრომელია. პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობა უფროსი და წამყვანი სტატუსების არიან.
- ქალბატონო ნინო, სკოლებში დიაგნოსტიკური ტესტირება იგეგმება. კერძო სკოლების გადმოსახედიდან რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?- პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ, როგორც კერძო სკოლას მშობლების წინაშე მეტი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. პირადად ჩვენ, თვითგანვითარებისთვის წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ წერებს, თუმცა რადგან ეს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მეორე წერა ჯერ არ ჩაგვიტარებია. აღნიშნულ სიახლეს მივესალმები, რადგან მსგავსი ტესტირება სკოლებში უნდა იყოს, რათა ვიცოდეთ სად გვაქვს პროგრესი და სად - რეგრესი.
- პანდემიის დროს, ვინაიდან ონლაინ სწავლება იყო მოხდა პრეცენდენტები, რომ კერძო სკოლებიდან საჯაროებში გადადიოდნენ მოსწავლეები. ამ მხრივ თქვენთან როგორი ვითარება იყო?- ვერ ვიტყვი, რომ ონლაინ სწავლების დროს გადინება დიდი გვქონდა. დისტანციურ რეჟიმს ძალიან მარტივად აუღეს ალღო ჩვენმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. მარტივად დავძლიეთ ყველა გამოწვევა და არც ერთი გაკვეთილი არ ჩაგვვარდნია. გაკვეთილებზე სრული დასწრება გვქონდა, რაც ძალიან სასიხარულო გახლავთ.
პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყების შემდგომ 19 მოსწავლეს ველოდებით წელს, თუმცა ვნახოთ სექტემბერში რა ვითარება იქნება, ველოდებით ნაკადის გაზრდას. ამ ეტაპზე პირველი კლასის გამოკლებით სკოლაში სულ 86 მოსწავლე გვყავს, ხოლო წელს კურსდამთავრებული ორი მოსწავლე გვყავდა, რომელთაგან ერთი ოქროს მეორე კი ვერცხლის კანდიდატები არიან. მინდა აღვნიშნო, ჩვენი სკოლის მისიიდან გამომდინარე პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით გახანგრძლივებული სწავლებაა. ანუ, სწავლა იწყება 9 საათზე და მთავრდება 4 საათზე. შესაბამისად ეროვნული გამოცდებისთვისაც მოსწავლეებს სკოლაშივე საკუთარი პედაგოგები ამზადებენ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, არამედ მოხვდეს იქ, სადაც მას თავად სურს.
- რა მთავარი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ პანდემიამ?- ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა დაგეგმილი, რომელთა განვითარებაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ასევე, იგეგმებოდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც გადაიდო. საკმაოდ ბევრი გამოწვევების წინაშე დავდექით, თუმცა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ყველა სირთულეს ღირსეულად გავუმკლავდით.
- როგორც იცით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოსწავლეს სკოლიდან გადასვლა უნდა და ამასთან, სწავლის საფასური აქვს გადასახდელი მისი მოთხოვნის ერთადერთი გზა სასამართლოა. როგორ აფასებთ ამ ცვლილებას და გქონიათ თუ არა მსგავსი ტიპის პრობლემა?- მსგავსი შემთხვევა ჩვენ პრაქტიკაში ჯერ არ გვქონია. ძალიან გულისხმიერი მშობლები მყავს და შესაბამისად, მეც ვცდილობ ყველას მდგომარეობა მაქსიმალურად გავითვალისწინო. პანდემიის დროს, მაშინ როდესაც ძალიან რთული სიტუაცია იყო შექმნილი, 2 თვის გადასახადი მოვხსენით კიდეც. სასამართლო პროცესამდე საქმე ჯერ არ მისულა, ვცდილობთ და ვახერხებთ პრობლემა მოლაპარაკების გზით გადავჭრათ.
- ქალბატონო ნინო, ბოლო დროს სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის გზების ძიებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. თქვენ პირადად, რაში ხედავთ გამოსავალს?- სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრას ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი დრო, ენერგია და შრომა სჭირდება. ვფიქრობ, განათლების რეფორმა ძირფესვიანად არის შესაცვლელი. მასწავლებლების საქმიანობაში ხშირი ცვლილებებიც არ აისახება დადებითად...
- და ბოლოს, 2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა, როგორ შეაფასებდით?- პირადად მე 2021-2022 სასწავლო წელს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ. სკოლაში წელს ბევრი კარგი და სასიკეთო ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა. ახლა, ეროვნულ გამოცდებს ველოდებით და ვიმედოვნებთ, ჩვენი ორივე კურსდამთავრებული საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. წლევანდელი სასწავლო წლის მადლიერი ვარ და იმედი, მაქვს მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
პედსაბჭო იქნება თუ სხვა სახის შეხვედრა, ყოველთვის მადლობის თქმით ვიწყებ, რადგან ჩემი გუნდის, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას მადლობელი ვარ. ჩვენი სკოლა გუნდურად იმართება და არა ერთპიროვნულად.