ფურცლებზე ასახული სურვილები და მათი ყველაზე ლამაზი დღე - თბილისის N133 სკოლის მესამეკლასელებმა ბავშვთა დაცვის დღე იზეიმეს
02-06-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N133 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მე-3ზ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ვიქტორია მელიქიძესთან ერთად მხიარულად ბავშვთა დაცვის დღე იზეიმეს.
მესამეკლასელებმა ეზოში თავიანთი სურვილები დახატეს: როგორი უნდა იყოს მათი ყოველი დღე, რა ახარებთ, ვისთან ერთად უყვართ დროის გატარება და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილება - „ჩემი ყველაზე ლამაზი დღე“.
ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.