ბუკისციხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე სახალისო აქტივობებით აღინიშნა
02-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
„ბავშვობის წლები მერცხლის ფრთები, ვაზის ფესვია, რაც მაბადია ყველაფერზე უკეთესია“ - დღე ულამაზესი მხიარული ღონისძიებებით და სიხარულით დატვირთული იყო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.