„ემოციების დღე“ - წერეთელის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე იზეიმეს
03-06-2022
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგ, ლელა ჯაბანაშვილის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს და ეს დღე გაილამაზეს. ბავშვებმა ღონისძიებების ფარგლებში სახე მოიხატეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს.
„ემოციების დღე გვქონდა სკოლაში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.