დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
03-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების - ვარსენიკ ხაჩატრიანისა და ვარდანუშ ქოსიანის ხელმძღვანელობით ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სიურპრიზებით სავსე ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებას ადგილობრივი მაცხოვრებელი ბავშვებიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ანიმატორების სტუმრობამ გაალამაზა.
ღონისძიების მონაწილე ნიჭიერმა ბავშვებმა: იმღერეს, იცეკვეს, მიულოცეს ერთმანეთს და იმხიარულეს.
ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.