კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეორე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე გაითამაშეს
03-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეორე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს.
სპექტაკლი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლეებმა, პედაგოგთან სალომე კაკაურიძესთან ერთად, ზღაპრის ფინალი შეცვალეს და თავიანთი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს. მეორეკლასელებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.
„სამყაროს ორი ძალა ქმნის - ზღაპარი და ოცნება“
ზღაპარი საუკეთესო აღმზრდელი და მასწავლებელია ბავშვისათვის. ზღაპრის გმირების ისტორიები, მათი ქცევები, მოქმედების შედეგები, სირთულეები და ხერხები რთულ სიტუაციებიდან გამოსასვლელად ხშირად კარგ გაკვეთილებად იქცევა პატარებისათვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ იცხოვროს და როგორ იურთიერთობოს ადამიანებთან.
პატარა მსახიობებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები, ინგლისური ენისადმი ინტერესი და მისი შესწავლის მოტივაცია, მოსმენისა და ინფორმაციის გაგების, დიალოგური და მონოლოგური მეტყველების უნარ-ჩვევები. მათში დიდი ინტერესი გამოიწვია ცნობილი ზღაპრის ინგლისურ ენაზე წარმოდგენამ.
სალომე მასწავლებელთან ერთად ზღაპრის სიუჟეტი რამდენადმე შეცვალეს და თავისებური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინეს ზღაპრის დასასრული:
მონადირემ გადაარჩინა წითელქუდა და გააფრთხილა, არასდროს დაეივიწყებინა დედის დარიგება, მგელს თავისი დანაშაულის გამოსასყიდად ტყის დაგვა-დასუფთავება მიესაჯა, მგელმა ინანა თავის საქციელი და წითელქუდას ბოდიში მოუხადა. ტყე კი ისევ ისეთი მხიარული და უსაფრთხო გახდა, როგორიც ადრე იყო. გაიმარჯვა სიკეთემ, სიყვარულმა , მეგობრობამ!
მადლობა პატარებს! მათ შეძლეს მაყურებლებამდე ძალიან კარგად მიეტანათ ზღაპრის მთავარი სათქმელი! მადლობა მათ ინგლისურის პედაგოგს და დამრიგებელს სალომე კაკაურიძეს, პედაგოგებს ეკატერინე ჯიმშიაშვილს და ხათუნა წითელაშვილს, ბევრი წარმატება თავის აღსაზრდელებთან ერთად!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.