„განათლების სისტემას მოტივირებული ახალგაზრდა კადრები სჭირდება“ - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე
საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ენდელაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სკოლა ჩემთვის არის...- „ენერგიის განახლებადი წყარო“, რამაც სათანადო განათლება, ცოდნა და ცხოვრებისეული მზაობა უნდა უზრუნველყოს განსხვავებული ნიჭისა და მისწრაფებების, აზროვნების, ქცევის, ინტერესების, კულტურისა და ოჯახური წარმომავლობის მქონე მომავალი თაობისათვის.
სკოლა ხელს უნდა უწყობდეს დადებითი ენერგიის დამკვიდრებას ადმინისტრაციას, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა ურთიერთობებში.
- მოტივაცია მემატება, როცა...- თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის საშუალებას ვხედავ. მოტივაცია მძლავრი მოტორია, რომელიც გვაიძულებს მივუახლოვდეთ მიზანს.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...- „გამომშვიდობება“ არა „ნახვამდის“ ან „შეხვედრამდე“, ვფიქრობთ ასე უმჯობესია, თუმცაღა ამ სიტყვებს მაინც ახლავს ერთგვარი სევდა და ახალი შეხვედრით გამოწვეული სიხარულის მოლოდინი.
- განათლების სისტემას სჭირდება...- მოტივირებული, მიზანდასახული, ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც შესწევთ უნარი მომავალი თაობები შეაიარაღონ „გენერეციული ცოდნით“, არა ერთ ადგილზე გაყინული ცოდნით, არამედ ცხოვრებაში ფართოდ გამოსადეგი და სასარგებლო უნარ-ჩვევებით.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...- სკოლაში წარმატებით განხორციელდა სასკოლო პროექტი „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“, რომლის ფარგლებში განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი და მეტად აქტუალური მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა. გამოვარჩევდი - მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციასა და 1 ივნისს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მიუზიკლს „ვერის უბნის მელოდიები“, რომელიც ჩავატარეთ ჩვენი სკოლის ულამაზეს ეზოში. აღნიშნული ღონისძიების კადრები გაშუქდა იმედის ტელევიზიის „საინფორმაციო გამოშვებაში“, „ეტალონისა“ და „პალიტრავიდეოს“ მიერ.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...- ხელი შეუწყონ შვილებს მიღებული ცოდნის შენარჩუნებაში, გააზრებასა და აქტიურ გამოყენებაში. არ დაივიწყონ სწავლა. თუ არ ვიცით რა გვინდა და გზას გულწრფელად და თავდადებით არ მივყვებით მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
- სასწავლო წლის დასასრულს...- ჩვენც გვიხარია მზე და ზაფხული, მაგრამ წინ სკოლის ავტორიზაციისათვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ეტაპები გვაქვს გასავლელი.