კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო დისკუსია გაიმართა
17-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი კი, რომელიც ბავშვებისთვის სრულფასოვანი განათლების მისაცემად დაუღალავად იღწვის მარეხ ფორჩხიძეა.
პედაგოგის ხელმძღვანელობით მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე თემაზე - „შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“ დისკუსია გაიმართა.
„სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარეხ ფორჩხიძე ხშირად მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს.
იგი თვლის, რომ ეფექტიანი სწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის.
ერთ-ერთი ასეთი მეთოდია დისკუსია, ის არის ინტერაქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისათვის. ორიენტირებულია არა მარტო შინაარსის ცოდნაზე არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე.
მე-9 კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია თემაზე - „შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“; მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრულ ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება, გამოხატეს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გაანალიზეს ბრბოსა და პიროვნების დაპირისპირება, პარალელი გაავლეს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან, ჩამოაყალიბეს არგუმენტები, რომლებიც გაამყარეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით, სხვა უკვე შესწავლილი თუ დამატებით წაკითხული ნაწარმოებების ეპიზოდების მოხმობით. გამოიტანეს დასკვნები, როგორც საკუთარი ისე სხვების მსჯელობიდან.
მასწავლებელი იყო დისკუსიის მოდერატორი, რომელმაც უზრუნველყო წესების დაცვით დისკუსიის სწორად და საინტერესოდ წარმართვა. წარმატებები ქალბატონ მარეხს მოსწავლეებთან ერთად!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.