მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.
17 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ქუთაისის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ქუთაისის N31 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიკა ბურჯანაძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ქუთაისელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან ქალაქის მერი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განათლების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი და პედაგოგი საუბრობენ.
იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი:
„ეტალონი“, როგორც ეროვნული პროექტი, ყოველთვის არის მხარდაჭერილი ქუთაისის მერიის მიერ. ამ პროექტის წყალობით უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცა შანსი და შესაძლებლობა. „ეტალონმა“ ჩვენც ბევრი ჩვენი თანაქალაქელი გაგვაცნო, რომლის შემდეგ არაერთხელ მოგვეცა გამარჯვებულების წახალისების საშუალებაც. მიმაჩნია, რომ ასეთი სახის პროექტები, რომლებიც იმთავითვე არის ეროვნული მნიშვნელობის, ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს ყველას თანადგომას. მახარებს ის ფაქტიც, რომ ქუთაისი განებივრებულია იმ წარმატებებით, რასაც ამ პროექტში ჩვენი მოსწავლეები აღწევენ.
მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
მოსწავლეთა განვითარებისთვის არაფორმარული განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომაც „ეტალონს“ ჩვენ მხარს ვუჭერთ. ქუთაისში „ეტალონი მოსწავლისთვის“ ჩვენ სტიპენდია დავაწესეთ, ის 2018 წლიდან მოქმედებს და პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ. გარდა ამისა, გვაქვს გარდამავალი თასი, რომელიც გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა. ამჯერად, ეს თასი ისევ ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში დარჩება. მასზე ქუთაისის ყველა „ეტალონი მოსწავლის“ სახელი, გვარი და სკოლა წერია. ვფიქრობთ, მოსწავლეებისთვის ესეც ძალიან კარგი და სასიამოვნო ფაქტორია. დიდი მადლობა პროექტ „ეტალონსა“ და გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ყოველწლიურად სიახლეებით გვანებივრებს და გვახარებს.
სალომე ფუტკარაძე, ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განათლების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია წლებია, რაც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ განხორციელებაშია ჩართული. ამ პროექტს ყოველთვის მხარს ვუჭერთ და დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ისეთი სკოლის მოსწავლე ხდება გამარჯვებული, რომელი სკოლაც შეიძლება ყველაზე პოპულარულ სკოლებს შორის არ იყოს. განათლების მიმართულებით არსებული პროექტები ჩვენი განყოფილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და „ეტალონის“ პარტნიორები მომავალ წლებშიც სიამოვნებით ვიქნებით.
ლიკა ბურჯანაძე, „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“, ქუთაისის N31 საჯარო სკოლა:
ზოგადად, ჩვენი სკოლა ძალიან ბევრ პროექტშია ჩართული. მეც მინდოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ „ეტალონში“ მიმეღო მონაწილეობა. შემდეგ ეტაპზე ვეცდები, რომ სკოლა და ქალაქი არ შევარცხვინო. გვინდა, რომ მთელ სკოლაში ყველაზე ინტელექტუალური კლასის ტიტულიც გვქონდეს. შარშან მესამე ადგილი დავიკავე და წელს უკვე გამარჯვებასაც ველოდი. გასული წლიდან მოყოლებული, დამრიგებლის მიერ „თიმსში“ შექმნილ ჯგუფში ვმეცადინეობდით, რაც როგორც შარშან, ისე წელსაც, წარმატების მოპოვებაში დამეხმარა. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ეტალონში“ მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა.
დემეტრე მსხილაძე, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლა:
„ეტალონში“ მონაწილეობა სიხარულით მივიღე. ტესტები ჩემთვის რთული არ იყო, მალევე შევასრულე, კარგი შედეგი მივიღე და გახარებული ვარ. ინტელექტ-ჩემპიონატში შარშანაც ვმონაწილეობდი. ჩემთვის პირველი ადგილის დაკავება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ამიტომაც მონაწილეობას მომავალ წელსაც მივიღებ.
ლიზი მინდაძე, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლა:
„ეტალონში“ კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ათეულში თუ გავიდოდი, ეგეც არ მეგონა. ინტელექტ-ჩემპიონატშიც მასწავლებლის დაჟინებული თხოვნით ჩავერთე, რადგან კონკურსებში მონაწილეობის მეშინია, ვცდილობ, ჩემთვის ვიყო. მასწავლებელი კი კლასის გამოფხიზლებაზე ზრუნავს და სწორედ მისი თხოვნით ჩავერთე. მას შემდეგ, რაც მესამე ადგილი დავიკავე, თითქოს მოტივაცია მომემატა. ვფიქრობ, რომ მომავალში მსგავს პროექტებში მონაწილეობა აღარ გამიჭირდება და საკუთარი ინიციატივით ჩავერთვები.
ირმა შველიძე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონთან“ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ. წლების წინაც გვყავდა „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“. გვეამაყება რომ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები გახდნენ ჩვენი მოსწავლეები. სამივე კარგი მოსწავლეები არიან. კონკრეტულად ლიკა ბურჯანაძეს რაც შეეხება, წარჩინებული, ათოსანი მოსწავლეა. გარდა ამისა, ევროპულ ცეკვებს საუცხოოდ ცეკვავს. ის ყოველმხრივ განვითარებული და განათლებული ბავშვია. ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მიაღწია. ზოგადად, ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მოსწავლეები არიან. გვინდა, რომ მათ სკოლაში მიღებული ცოდნა სკოლის გარეთაც გაიტანონ. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა შიდასასკოლო ღონისძიებას, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ კლასის დამრიგებელი ნინო უგლავა ძალიანაა დაინტერესებული თავისი კლასის ინტელექტის დონით და მათი განვითარებისთვის შრომობს. ზოგადად, ყველა ვცდილობთ, რომ საკუთარი ადგილი და თავი ყველა მოსწავლემ იპოვოს. „ეტალონთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა.
ნინო უგლავა, „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ კლასის დამრიგებელი, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგი:
მეორე წელია, რაც „ეტალონში“ ჩავერთეთ. იქამდე, რატომღაც, ასეთი აზარტულები არ ვიყავით, პანდემიამაც უკან დაგვხია. შარშან კი სერიოზულად გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგვეღო. რადგან ისევ კოვიდის გამო, მოსწავლეებთან ხშირი შეხვედრა შეუძლებელი იყო, „თიმსში“ გავაკეთე ჯგუფი „ეტალონელები“. ფაქტობრივად, ერთი პატარა კლასი შევკარი. ბავშვები ხშირად შემოდიოდნენ, ვმეცადინეობდით და სხვადასხვა საგნის მიხედვით, პატარა ვიქტორინებს ვაწყობდით. შეკითხვები თვითონაც მოჰქონდათ, მეც ვუსვამდი ჩამჭერლ კითხვებს და სერიოზულად ვარჯიშობდნენ. შარშან, ამ დროს, რომ მიიღეს მონაწილეობა, „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულიც ჩემმა მოსწავლემ დაიკავა, გარდა ამისა საუკეთესო ათეულში უმრავლესობა სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამის შემდეგ უკვე სხვანაირად დავინტერესდით, გადავწყვიტეთ, რომ თასი, რომელიც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დააწესა, სხვისთვის არ გადაგვეცა. მოსწავლეები თვითონ მთხოვდნენ, რომ მონაწილეობა მიგვეღო. ონალიან შეხვედრები, პირისპირ შეხვედრებმა ჩაანაცვლა. ბავშვები გაკვეთილების მერეც რჩებოდნენ და ვმეცადინეობდით. კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. ჩემს კლასში 8 ძალიან ძლიერი მოსწავლეა, ისინი არიან ძირითადი ბირთვი, თუმცა წელს მათ გარდა, კიდევ სხვებიც გამოიკვეთნენ. ეს ესტაფეტა გადამდები გახდა, რაც ძალიან მსიამოვნებს. ვფიქრობ, მომავალ წელსაც იმავეს გავიმეორებთ, რადგან მოსწავლეების განწყობა ამგვარია. სკოლებში ახლა საატესტატო გამოცდები არ არის, არც რაიმე სხვა ტესტირება. ამიტომ ბავშვები რას წარმოადგენენ, გარეთ არ ჩანს. მათ კი თავიანთი თავის გამოჩენა და გაპიარება უნდათ. რაც შეეხება გამარჯვებულს, საოცარი გოგონაა, ყველა საგანს თანაბრად სწავლობს და გარდა ამისა, სურს, რომ პროფესიონალი მოცეკვავეც იყოს. ფინალურ ეტაპზე შარშანდელზე უკეთეს შედეგს ველოდებით. ძალიან გახარებული ვარ, მე თვითონაც ძალიან აზარტული ვარ, მიყვარს ინტელექტუალური თამაშები.
ლელა კინწურაშვილი, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგი:
ჩვენთვის „ეტალონში“ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონკურსი მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესოა. ჩვენი სკოლიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩართული. მიღწეულ წარმატებას მთელი სკოლის მასშტაბით ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ეტალონს“ დირექცია მაქსიმალურად უჭერდა მხარს. მე-10 კლასში ძალიან კარგი და წარმატებული მოსწავლეები გვყავს. ამიტომაც, დირექციამ გადაწყვიტა, რომ მათი კლასის დამრიგებელი ნინო უგლავა წაახალისოს. ჩვენთვის პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველ წელს სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.
ასევე იხილეთ:
2022 წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
ქალაქ ქუთაისის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი
„ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“- ქუთაისში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
ქუთაისელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა