მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.
ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:
არაერთი წლია, რაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონთან“ თანამშრომლობს. მასში მონაწილეობა ახალგაზრდებს ძალიან უყვართ, რადგან ისინი კარგ გამოცდილებას იღებენ. მასში არამხოლოდ იმ ცოდნის გამოვლენა შეუძლიათ, რაც აქვთ, არამედ, ზოგადად, იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ნებისყოფა, გამარჯვების ჟინი და წარმატებისაკენ სვლა. ეს ცხოვრებისეულ გზაზე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ საქართველოში წარმატებული პროექტია. ამას კი ის მრავალწლიანი გამოცდილება და სტატისტიკა მოწმობს, რაც, თუნდაც, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ფიქსირდება. ჩვენ „ეტალონი ქალაქის“ სტატუსი გვაქვს. მართალია, პანდემიის პერიოდში რაღაც წყვეტა გვქონდა, თუმცა სასიამოვნოა, რომ ეს დინამიკა აღდგა. ვულოცავ „თელავის ეტალონ მოსწავლეს“, ვუსურვებ წარმატებებსა და ყველა იმ სურვილის ასრულებას, რაც მის მომავალსა და ხვალინდელ დღეს უკავშირდება. ასეთი ახალგაზრდები თავის ქვეყანასა და მშობლიურ მხარეს ძალიან წაადგებიან.
მაია დათუნაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი:
პირველი წელი არ არის, რაც „ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ და არც ახლა არ იყო გამონაკლისი. ალბათ, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის საკმაოდ ფასეული პროექტია. მოსწავლეები თავიანთი განათლების დონის გამოვლენას ახერხებენ. როდესაც ანონსდება, რომ „ეტალონი“ იწყება, სკოლები უკვე საკმაოდ აქტიურად ერთვებიან.
ლევან მრელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან, მათი დაინტერესება საკმაოდ მაღალია და დიდი სიხარულით მონაწილეობენ. ახლა მუნიციპალური ეტაპი ჩატარდა, „თელავის ეტალონი“ მოსწავლე“ ნინი ყარაულაშვილი გამოვლინდა. ვულოცავ მას ამ წარმატებას და იმედი გვაქვს, რომ ფინალურ ეტაპზეც კარგად იასპარეზებს.
ნინი ყარაულაშვილი - „თელავის ეტალონი მოსწავლე“, თელავის N7 საჯარო სკოლა:
ინეტელექტ-ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან საინტერესო ტესტები იყო და მონაწილეობაც სასიამოვნო. მასწავლებელმა მითხრა, დაახლოებით, რა ტიპის შეკითხვები იქნებოდა და მე ამის მიხედვით ვმეცადინეობდი. ეს წარმატება მოტივაციას მაძლევს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. ფინალური ეტაპისთვის მზადება ჯერ არ დამიწყია, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ კარგი შედეგი მექნება.
მაია სილაგაძე, თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლისთვის „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წელიწადში პირველი ადგილი მეოთხედ მოვიპოვეთ. ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს და სერიოზული გამარჯვებაა. მოგეხსენებათ, აკადემიური თვალსაზრისით, როდესაც სკოლა ასეთი წარმატებულია, ეს მასზე კარგად მეტყველებს. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, გავზარდოთ თაობა, რომელიც ინტელექტუალურად მაღალი დონის იქნება. რაც შეეხება გამარჯვებულ მოსწავლეს, ის ახლა მე-10 კლასში გადავიდა. მინდა გითხრათ, რომ ყველა საგანში გამორჩეულია და ძალიან აქტიური მოსწავლეა. ვიცოდით, რომ წარმატება გარანტირებული ჰქონდა. იმდენად ნიჭიერი და ჭკვიანი გოგონაა, ვფიქრობ, რომ საპრიზო ადგილი ფინალურ ეტაპზეც ექნება.
დალი პოპიაშვილი, თელავის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი:
ნინი ძალიან გონიერი, ჭკვიანი მოსწავლეა, ხატვითაა დატაცებული, ყველა საგანს ერთნაირად სწავლობს, ფრიადოსანი და შრომისმოყვარეა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის წარმატებას მიაღწევდა. მიხარია, რომ ბოლო 7 წელიწადში 4-ჯერ გვყავდა „თელავის ეტალონი მოსწავლე“. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლებს კონკურენციაც გვაქვს. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეები სხვადახვა ინტელექტუალურ აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით მონაწილეობენ. ძალიან მინდა, რომ ნინი ფინალურ ეტაპზე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გავიდეს. ის ამისთვის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია.
გიორგი სუმბაძე - მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ნაფარეულის საჯარო სკოლა:
„ეტალონში“ მეორე ადგილის დაკავებას არ ველოდი, რადგან შარშან, შედარებით, ცუდი შედეგი მქონდა, თუმცა ახლა გავაუმჯობესე. ჩემთვის მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანია, ცოდნა განვიმტკიცე და თავდაჯერებულობაც მომემატა. „ეტალონში“ მომავალ წელსაც ჩავერთვები.
მაია ნაცვლიშვილი, ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი:
ნიჭიერი მოსწავლეა, თუმცა თავის წარმოჩენა არ უყვარს, ურჩევნია, რომ ჩრდილში იყოს ხოლმე. ვფიქრობ, რომ ეს წარმატება მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რადგან საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს. გიორგი არაჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან ადამიანური, ყველასგან გამორჩეული, ღირსეული და გონიერი ადამიანია. მისი წარმატება ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან ამისთვის ყველა საჭირო მონაცემი აქვს. მგონია, რომ ის ცხოვრებაშიც ძალიან ბევრს მიაღწევს. სკოლისთვის ნებისმიერი მოსწავლის წარმატება უდიდესი სიხარულია. ამით ჩვენი შრომის შედეგსაც ვხედავთ.
ხატია კაჭკაჭაშვილი - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, გულგულის საჯარო სკოლა:
„ეტალონის“ ტესტირებისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ტესტები ჩემთვის ადვილი და სახალისო იყო, რადგან ძალიან საინტერესო კითხვები იყო. ინტელექტ-ჩემპიონატში წელს პირველად მივიღე მონაწილეობა. სიმართლე რომ გითხრათ, მესამე ადგილის დაკავებას არ ველოდი და ეს ფაქტი ძალიან გამიხარდა. ამით მოტივაცია გამიჩნდა, რომ მონაწილეობა სხვა დროსაც მივიღო.
ლია მოსიაშვილი, გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი:
ეს წარმატება სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ხატია კაჭკაჭაშვილს, ის მიზანდასახული, აქტიური, შრომისმოყვარე მოსწავლეა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ თითოეული მოსწავლის ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ხელს უწყობს. შედეგებიც იმას ადასტურებს, რომ მონაწილეები შედეგზე ორიენტირებული და ნიჭიერი მოსწავლეები არიან. ჩვენ წლებია, რაც „ეტალონში“ აქტიურად ვმონაწილეობთ. მინდა გითხრათ, რომ ბავშვები პროექტში უდიდესი ხალისით ერთვებიან.
ელზა თანდილაშვილი, გულგულის საჯარო სკოლის პედაგოგი:
ჩემი აზრით, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ის საშულებას იძლევა, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინონ. მათაც უხარიათ კონკურსში მონაწილეობა. „ეტალონში“ ხატიამ მესამე ადგილი დაიკავა, დანარჩენმა მოსწავლეებმა ოქროს სიგელები მიიღეს. მე თითოეული მათგანის წარმატება მახარებს და მათ სიხარულს ვიზიარებ.
ასევე იხილეთ:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა