მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. აქედან ნაწილს პროფესიაში შესვლა სურს, ნაწილი კი მოქმედი მასწავლებელია.
საგნის გამოცდაზე კომპეტენციის დადასტურება სურთ როგორც მასწავლებლობის მსურველებს, ასევე მოქმედ პედაგოგებს, მათ, ვისაც თავის დროზე საგანი 1 ან 4 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, ახლა კი წინსვლის საშუალება არ აქვთ იქამდე, სანამ საგნის საგამოცდო ბარიერს მინიმუმ 50%-ანი შედეგით არ გადალახავენ.
საგნის გამოცდაზე 19 500-მდე მსურველი გადის. უცნობია, მათგან რამდენია მოქმედი მასწავლებელი და რამდენი პროფესიაში შესვლის მსურველი. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე კი 12 500-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლებში 42 000-ზე მეტი უფროსი და წამყვანი მასწავლებელია, დარეგისტრირებულთა რიცხვი არც ისე დიდია.
ათასობით პედაგოგმა დარეგისტრირებაზე თავი იმიტომ შეიკავა, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ტარდება, საგამოცდო ტესტი უცნობია, მოსამზადებელი ლიტერატურა კი - საკმაოდ დიდი.
რა მოხდება თუ დარეგისტრირებული მასწავლებლები გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ? შეექმნებათ თუ არა მათ სკოლაში რაიმე სახის პრობლემები, მაგალითად, საათების განაწილების დროს?
მასწავლებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული სტატუსი, მაგრამ საგნის გადაბარება ან წინსვლა სურთ, გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მიღებულ სტატუსს არ დაკარგავენ. მაგალითად, თუ პედაგოგს აქამდე საგნის კომპეტენცია 4 კრედიტზე ჰქონდა დადასტურებული, ახლა კი მას შედეგის გაუმჯობესება სურს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, მიღებულ სტატუსს არ დაკარგავს. ასევე არ ემუქრებათ საფრთხე იმ უფროს და წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც პროფესიული და კარიერული წინსვლა სურთ, თუმცა გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ.
პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება. აქედან გამომდინარე, თუ სტატუსიანი მასწავლებლები პროფესიული უნარების ან საგნის გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ, უკვე დამსახურებულ სტატუსს არ დაკარგავენ, შესაბამისად, საათების განაწილების დროსაც ისარგებლებენ უფლებით, რომ მიიღონ სრული დატვირთვა (საგნის პედაგოგებისთვის მინიმუმ 15 საათია საჭირო, რათა სტატუსის დანამატი სრულად დაერიცხოთ, დაწყებითის I-IV პედაგოგები კი დანამატს 13 საათიანი დატვირთვის დროსაც სრულად მიიღებენ).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ