მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ზურაბაშვილი სკოლაში 2001 წლიდან მუშაობს. მან დირექტორის თანამდებობა 2009 წლის 18 მარტს დაიკავა. მას შემდეგ კი მოსწავლეთა და პედაგოგთა განვითარება მისი ყოველდღიური საზრუნავია. ამბობს, რომ მასწავლებლობა თავიდანვე უნდოდა, ეს კი სკოლის სიყვარულმა და ერთგულებამ განაპირობა.
გოჩა ზურაბაშვილი ბიოლოგიას, ბუნებასა და ქიმიას ასწავლის. მისი თქმით, ასე მოსწავლეებთან ბევრად უფრო ახლოსაა და მათ საჭიროებებსაც უკეთ ხედავს.
„რა საქმესაც ეჩვევი, შემდეგ იმ საქმეს ჩამოშორება, რთულია. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში მთავარი შეჩვევაა“,- ასე პასუხობს კითხვაზე, როგორ ინარჩუნებს მოტივაციას და როგორ არ ხდება მისთვის სკოლაში გატარებული დღეები რუტინული.
გოჩა ზურაბაშვილი etaloni.ge-სთან გასული სასწავლო წლის, სკოლის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საკუთარი თავის შესახებ საუბრობს.
- რა დამატებითი გამოწვევებისა და პასუხისმგებლობების წინაშე დგას სკოლის დირექტორი?
- სკოლის დირექტორობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ჩვენთან მცირეკონტინგენტიანი სკოლებია, ამიტომ, ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება დირექტორებს გვიწევს. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს. ვცდილობთ, ყველაფერი თვითონ გავაკონტროლოთ.
- თქვენი სკოლის მოსწავლეები რამდენად აქტიურები არიან?
- აქტიური და მონდომებული მოსწავლეები გვყავს. ისედაც, კლასში სულ 3 არიან და შეუძლებელია, რომ პასიურები იყვნენ. წელს 16 მოსწავლე გვყავდა, 1 სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლაში გავუშვით, ხოლო ახალი სასწავლო წლისთვის 4 მოსწავლე დაგვემატება.
- ამდენი წლის განმავლობაში, რა იყო მთავარი გამოწვევა, რასაც სკოლაში აწყდებით?
- ჩემთვის მთავარი გამოწვევა ის ყოველდღიური სიახლეებია, რასაც საგანმანათლებლო სფეროში ვხვდებით. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მე პირადად რაიმე პრობლემა არ მქონია. მე, როგორც მასწავლებელი და დირექტორი, დიდ ყურადღებას ვუთმობ, რომ მოსწავლეებმა სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენონ და ახალ მიდგომებს ფეხი აუწყონ.
- თქვენი სკოლისთვის როგორი იყო 2021-2022 სასწავლო წელი?
- გასული სასწავლო წელი ჩემი სკოლისთვის ძალიან კარგი იყო. პანდემიიდან გამომდინარე, მოსწავლეები გასვლით ღონისძიებებს, ფაქტობრივად, 3 წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ. წელს ეს მდგომარეობა გამოსწორდა, რაც როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. სკოლა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
- როგორ გაიარეთ ონლაინ სწავლების პერიოდი?
- ონლაინ სწავლების პროცესს ასე თუ ისე თავი გავართვით. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი იყო, რადგან მაღალმთიანი სკოლა ვართ, ინტერნეტის პრობლემა იყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ ჩამოშორებოდნენ. რამდენჯერმე დამრიგებლებმა შეუძინეს ინტერნეტი, რათა მოსწავლეები გაკვეთილზე შემოსულიყვნენ.
- მასწავლებლების გამოცდასთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- სკოლაში სულ 15 პედაგოგი მყავს. მათი ნაწილი გამოცდებზე დარეგისტრირებულია და გასვლას აპირებენ. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდები მასწავლებელთა ცოდნასა და გამოცდილებას სწორად აფასებს. მე თვითონ 2 გამოცდა ჩავაბარე. აუცილებელია, რომ მათ გამოცდები ჩააბარონ. იმისთვის, რომ ბავშვებს უმაღლესი დონე მოვთხოვოთ, პედაგოგიც იმ დონეზე უნდა იყოს.
- სკოლებში დიაგნოსტიკური ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, რომელიც გადაიდო. როგორ აფასებთ ტესტირების ამ ფორმას, თქვენი აზრით, რამდენად საჭირო იყო?
- გავეცანი სისტემას და ვფიქრობდი, რომ რეალურ სურათს ვერ აჩვენებდა. ამით მოსწავლეები სწორად ვერ შეფასდებოდნენ. განმავითარებელი შეფასება პედაგოგებს უნდა დაეწერათ. შეიძლება ისეც მომხდარიყო, რომ სხვისი მოსწავლეები, სულ სხვას შეეფასებინა.
- პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ჭადრაკი სავალდებულო საგანი ხდება. ამ ეტაპზე, თქვენს სკოლას რამდენად აქვს რესურსი, რომ ეს სიახლე დაინერგოს?
- ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, აქამდეც სავალდებულო უნდა ყოფილიყო. ეს თამაში სააზროვნოა და მოსწავლეების განვითარებას ხელს უწყობს. საკითხავია, რამდენად იქნება შესაძლებელი იმ კვალიფიციური კადრების შერჩევა, რომლებმაც ეს საგანი უნდა ასწავლონ. ჩემი სკოლის მასწავლებელი იყო ტრენინგებზე ჩართული და ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჭადრაკის პედაგოგის დისტანციურად გადამზადება არ გაამართლებს. გვყავს სპორტის მასწავლებელი, თუმცა მან ჭადრაკი არ იცის. ალბათ უფრო ჩვენი რესურსცენტრი უზრუნველყოფს კადრების შერჩევას.
- ექსტერნატის გამოცდები გადაიდო, მის ნაცვლად შემაჯამებელი კომპლექსური ტარდება. რას ფიქრობთ ზოგადად ექსტერნატის გამოცდებზე, რამდენად აუცილებელია მისი ჩაბარება?
- ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ექსტერნატის გამოცდები არ ჩაუბარებიათ, რადგან ამის საჭიროება არ დგას. კლასში სულ 2-3 მოსწავლე გვყავს და ყოველთვის ვაკონტროლებთ, თუ რატომ არ არიან სკოლაში. შესაბამისად, გაცდენების დიდი რაოდენობაც არ გროვდება. ზოგადად, როდესაც აცდენენ, გამოცდა აუცილებლად უნდა ჩააბარონ, მაგრამ ამ მიდგომით, მოსწავლემ, ფაქტობრივად, მთელი წელი რომ არ იაროს, მერე ერთი თვე მოემზადოს და ისე ჩააბაროს, ეს ფორმა მისაღები იქნება?!
- პედაგოგების დასაქმების წესთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. ვგულისხმობ იმ გადაწყვეტილებას, რომ გასაუბრებას პროფკავშირის, სამინისტროს, რესურსცენტრისა და მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი უნდა დაესწროს. როგორ ფიქრობთ, ეს სკოლის ავტონომიურობაზე რამდენად აისახება?
- ჩემი აზრით, ეს ფაქტორი სკოლის ავტონომიურობაზე არ აისახება, რადგან პროცესში ჩართული ყველა ადამიანი თავის პოზიციას დააფიქსირებს. აქ, რაც უნდა იყოს, მაინც სოფელია, ერთმანეთთან მეზობლური დამოკიდებულებაა. შესაბამისად, კომისია რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, ჩვენ შემდგომ ურთიერთობებს გაგვიადვილებს , რადგან თითს ჩვენკენ არ გამოიშვერენ. საბოლოოდ, ყველაფერს სკოლა წყვეტს, მაგრამ მაინც, უმჯობესია, რომ გასაუბრებას სხვებიც ესწრებოდნენ.
- არდადეგები მოდის, რას ურჩევდით მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ ეს პერიოდი?
- მოსწავლეებს ვურჩევ, რომ კარგად დაისვენონ და მხატვრული ლიტერატურა წაიკითხონ.
ასევე იხილეთ:
დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჭარის მასშტაბით სასწავლო-შემეცნებითი ტური მოაწყვეს
დაბაძველის საჯარო სკოლის პირველკლასელმა გიორგი დიასამიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
დაბაძველის საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...