„ბრძოლა გარემოსდაცვით გამოწვევებთან“ - თბილისის N106 სკოლაში ორწლიანი წარმატებული პროექტი დასრულდა
30-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.
სკოლა მრავალფეროვან სასწავლო პროექტებითა და აქტივობებით გამოირჩევა, რაც ნაყოფიერად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალფეროვანი უნარ-ჩვევებით აღჭურვას, მშობლების აქტიურად ჩართვას შვილის სასკოლო ცხოვრებაში და სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი საკითხებისადმი.
სწორედ ამ უკანასკნელს ისახავდა მიზნად ბოლო 2 სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარე სასკოლო პროექტი - „ბრძოლა გარემოსდაცვით გამოწვევებთან“, რომელიც ევროსაბჭოს კამპანიის - „FREE to SPEAK, SAFE to LEARN - დემოკრატიული სკოლა ყველასათვის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტმა მოიცვა მთელი სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეთა აქტიურობით შეიქმნა ეკო-კლუბი, გაიშალა გარემოსდაცვითი კამპანია, მასწავლებლების თაოსნობით იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, ფილმებისა და ვიდეოების ჩვენება, სადაც მოსწავლეები ეცნობოდნენ გარემოში არსებულ გამოწვევებს, მიზეზებს და მსჯელობდნენ მათი გადაჭრის გზებზე; შემდეგ კი მოსწავლეებმა, I-დან XII კლასის ჩათვლით, დაამზადეს საინფორმაციო სახის ბანერები, პლაკატები, დიორამები, ბუკლეტები, რათა სასკოლო საზოგადოებაში ამაღლებულიყო ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე.
გამწვანდა სკოლის ბაღი, მოსწავლეებმა დარგეს ნარგავები. სკოლის მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულ კონკურსში - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა“ მონაწილეობდნენ. კონკურსში საუკეთესო ხუთეულში დაიკავეს ადგილი, რის შემდეგაც სკოლის ბაღში მოეწყო ეკომეგობრული სკვერი სკოლის ბაღის ბინადარი მწერების, ცხოველებისა და ფრინველებისთვის; ასევე განთავსდა ბანერები, ზედ დატანილი ინფორმაციით.
სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ბაღში მოეწყო პროექტის შემაჯამებელი ღონისძება, სადაც ყველა კლასმა გამოფინა საკუთარი ნაშრომები და თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ გარემოზე ზრუნვა საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვაა! პროექტი დასრულდა, თუმცა, იმის გამო, რომ ის სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი გახდა, ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან განაგრძობს და მეტად მასშტაბური, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული იქნება.