სიახლეები
სიახლეები

პედაგოგების ნაწილმა პასუხების ფურცელზე  ნამუშევრის გადატანა ვერ მოასწრო - რეპორტაჟი პროფესიული უნარების გამოცდიდან
14-07-2022
-
+


დღეს მასწავლებლებმა პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს, შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი საინტერესოა, თუ რა გზა განვლო თითოეულმა აპლიკამტმა რეგისტრაციიდან, საგამოცდო ცენტრის დატოვებამდე... რა საკითხები შეხვდათ და ზოგადად გამოადგათ თუ არა აქამდე ბეჯითად ნამეცადინები პროგრამა? etaloni.ge გთავაზობთ რეპორტაჟს პროფესიული უნარების გამოცდიდან, აი, რას გვიამბობს ტესტირების უშუალო მონაწილე, რომელმაც წამყვანობის გამოცდა დღეს, 14 ივლისს ჩააბარა:

საგამოცდო ცენტრს რამდენიმე კოლეგასთან ერთად მივაგენი...  რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო, თუმცა შესვლას არავინ ჩქარობდა. ხის ჩრდილში აპლიკანტები სხაპასხუპით იმეორებდნენ კვლევის მეთოდებს, პროექტის დაგეგმვას, ახსენებდნენ მასლოუს პირამიდას, ბლუმის და სოლო ტაქსონომიებს.

დაცვის თანამშრომლები რიგრიგობით უშვებდნენ აპლიკანტებს, ჩემი კოლეგები, ხელში კონსპექტდამშვენებულები, წმინდა პედაგოგიური ენითა და ტერმინოლოგიით საუბრობდნენ, ღელავდნენ, ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ, იმ მომენტში ჩემი სიმშვიდის შემრცხვა. ვიფიქრე, ესენი აუცილებლად ჩააბარებენ, მოტივაციაც და ცოდნაც ეტყობათ-მეთქი.

სკოლაში შევედით. ჩვენი ნივთები სათითაოდ პოლიეთილენის პარკში ჩაალაგეს, შეგვახსენეს, რომ მოგვეხსნა საათები და დაგვეტოვა მობილური ტელეფონები, შესამოწმებლად (რაიმე აკრძალული ნივთი ხომ არ მიგვყვებოდა) გადაგვამისამართეს, შემდეგ კი ჩვენთვის განკუთვნილ სექტორებში გადაგვანაწილეს.

ჯერ გამოცდის დაწყებამდე ნახევარი საათია დარჩენილი. აპლიკანტები ერთმანეთს ეცნობიან, გამოხატავენ წუხილს, თუ რა უსამართლობაა ამდენი გამოცდის ჩაბარება. ერთმა თქვა, რა საჭიროა დემოკრატიული მოქალაქეობის ცოდნა ჩვენთვის, რაში გამომადგება ეს ყველაფერი გაკვეთილზეო, ერთ-ერთი დამკვირვებელიც მას აჰყვა, ნამდვილად არაა საჭიროო, მასწავლებელმა გაკვეთილის ჩატარება უნდა იცოდესო, საუბარში მესამე აპლიკანტი ჩაერთო, ეს ყველაფერი დასავლეთის გავლენააო, აქეთ ისწავლოს ევროპამ ჩვენი წესები და ტერმინოლოგიაო. ერთ-ერთმა პედაგოგმა თავი ვეღარ შეიკავა და განრისხებული ტონით ჰკითხა, თქვენ ნამდვილად მიიჩნევთ, რომ პედაგოგს მაგ ყველაფრის ცოდნა არ სჭირდებაო? (სავარაუდოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იყო). სანამ დიალოგი კამათში გადაიზრდებოდა გამოცდის დაწყების დროც მოახლოვდა და დამკვირვებლებმა ინსტრუქციები გაგვაცნეს.

ტესტზე მუშაობა დავიწყეთ. ჯერ თვალი გადავავლე კითხვებს, ბედის ირონიით, საკითხების ნაწილი სწორედ მოქალაქეობრივი განათლების მნიშვნელობას შეეხებოდა, საინტერესოა, როგორ დაწერდნენ ამ დავალებას ჩემი კოლეგები, რომლებსაც აღნიშნული საკითხი ზედმეტად მიაჩნდათ.

საგამოცდო ცენტრში სამარისებული სიჩუმე იყო. მხოლოდ იმას თუ გაიგებდით, როგორი დიდი ყლუპებით სვამდა ხან ერთი და ხან მეორე აპლიკანტი წყალს. 22 არჩევითპასუხიანი დავალება ერთ საათში დავწერე, პასუხების ფურცელში გადავიტანე და ღია კითხვებზე მუშაობას შევუდექი.

მოლოდინი მქონდა, დიდ დროს მხოლოდ ისეთი მაღალქულიანი დავალებები წამართმევდა როგორსაც ველოდი: გაკვეთილზე დაკვირვება, სიტუაციის ანალიზი, ფუნქციური წერა. თუმცა პასუხების ფურცელში დათმობილი სივრცით მივხვდი, რომ 3 და 4 ქულიანი დავალებები არანაკლებ მსჯელობასა და დროს მოითხოვდა.

საკითხებს რაც შეეხება, ჩემი „დაზეპირებული“ მდგრადი განვითარების 17 მიზანი, კიბერცნობიერების ლექსიკონი, კვლევის მეთოდები და პროექტის დაგეგმვა, გვერდზე დამრჩა. საგამოცდო ტესტი მოცემული სიტუაციების აღწერას, გაანალიზებასა და მსჯელობას უფრო მოითხოვდა, ვიდრე თეორიულ ცოდნას. ეს ერთი მხრივ მომეწონა, რადგან მოცემული დავალებები სწორედ სასკოლო გარემოზე იყო მორგებული და მსგავს სიტუაციაში შეიძლება, ნებისმიერი მასწავლებელი აღმოჩნდეს, ამიტომ საკითხები რთულად არ მომეჩვენა, თუმცა მეორე მხრივ, სწორედ მსჯელობას მიჰქონდა ძალიან დიდი დრო. თუ თავდაპირველად 3-4 ქულიანი დავალებების პასუხებსაც შავ ფურცელზე ვწერდი აჩქარების გარეშე, საგამოცდო დროის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი ფუნქციური წერის დავალების წერა რომ დავიწყე, რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხების ფურცელში.

საგამოცდო ტესტში შესული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ინკლუზიური განათლება, უნივერსალური დიზაინი, მოქალაქეობრივი განათლება, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, მენტორი მასწავლებლის ვალდებულებები, როგორ უნდა განუვითაროთ მოსწავლეს კონფლიქტის მოგვარების უნარი? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სიტუაცია იყო მოცემული დამწყებ მასწავლებელზე, რომელსაც კოლეგების დახმარება სჭირდებოდა და ამას ვერ იღებდა. სიტუაციის ანალიზში რამდენიმე პრობლემა ჩანდა, თუმცა იქიდან 2 უნდა გამოგვერჩია და გვემსჯელა. კითხვა იყო დისტანციური სწავლების დროს წარმოშობილ სირთულეზე და მისი გადაჭრის გზაზე უნდა გვემსჯელა, რეკომენდაციები უნდა შეგვემუშავებინა, მასწავლებელს განმსაზღვრელი შეფასება ობიექტურად როგორ დაეწერა. ფუნქციური წერის დავალების პირობა კი ასეთი იყო - პროექტის დაფინანსება უნდა გვეთხოვა დონორი ორგანიზაციისთვის გენდერული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ციფრულ წიგნიერებაზე სტერეოტიპებს უკავშირდებოდა.

სამუშაო ფურცლიდან თავი რომ ავწიე, გამოცდის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი. ჩემს სექტორში ყველა ფაცაფუცით წერდა, დიდმა ნაწილმა შავი ფურცლებზე ნამუშევრის პასუხების ფურცელში გადატანა ვერ მოასწრო.

საგამოცდო ცენტრი დავტოვე, ჩემთან ერთად გამოსული მასწავლებლები, ყველა, დროის სიმცირეზე საუბრობდა. ტესტზე მუშაობა მართლაც ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ერთი საათით მეტ დროს ვისურვებდი. ველოდები პასუხებს და დადებით შედეგს, თუ არა და მასწავლებელი ხომ სწავლისთვისაა დაბადებული?! შემდეგ წელს უკეთ მომზადებული შევხვდები. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება