მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა ცოდნის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია. უამრავი სტრატეგია თუ ინსტრუმენტი არსებობს, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს შეუძლიათ დაადგინონ, რა ცოდნა მიიღო თითოეულმა მოსწავლემ გაკვეთილის დასაწყისიდან დასასრულამდე, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება.
რა მიზნით გამოიყენება შესასვლელი ბილეთები?
შესასვლელი ბილეთების მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეთა წინარე ცოდნის, ასევე ინტერესებისა და ღირებულებების გაგება. მასწავლებელს შეუძლია, მიღებული ინფორმაცია გაკვეთილში ცვლილებების შესატანად გამოიყენოს.
რა მიზნით გამოიყენება გასასვლელი ბილეთები?
გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილის ბოლოს გაიგოს, როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა ახსნილი თემა? რა შეხედულებები ჩამოუყალიბდათ? რას ფიქრობენ სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით? მასწავლებელმა მიღებული ინფორმაცია, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად უნდა გამოიყენოს.
რა უპირატესობა აქვს შესასვლელ და გასასვლელ ბილეთებს?
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი მოსწავლეებისგან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს. შესასვლელი ბილეთი ეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე.
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მოსწავლეები თავად იაზრებენ, რა იცოდნენ, რა გაიგეს ახალი, აფასებენ წინარე და ახალ ცოდნას, რაც ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
როდის და როგორ გამოვიყენოთ შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები?
მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს საკლასო ოთახში შესვლისთანავე დაურიგოს შესასვლელი ბილეთები და სთხოვს მათ, უპასუხონ კითხვებს. კითხვები უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საკითხს, რისი განხილვაც მასწავლებელს გაკვეთილზე სურს. ამ გზით მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიდანვე ჩაერთონ გაკვეთილში და შეუდგნენ მუშაობას. პედაგოგს შესასვლელი ბილეთებით შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს წინა და მიმდინარე დღის გაკვეთილი, ან შეამოწმოს, რამდენად კარგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა მიცემულ საშინაო დავალებას.
მასწავლებელმა მიღებული ინფორმაცია გაკვეთილის მიმდინარეობისას უნდა გაითვალისწინოს, მოახდინოს დაგეგმილი აქტივობების მოდიფიცირება, შეცვალოს ზოგიერთი აქტივობის ინსტრუქცია ან გადადოს რომელიმე აქტივობა მომდევნო გაკვეთლისთვის. ასევე შესაძლებელია, რომ შესასვლელი ბილეთების გადახედვის შემდეგ მასწავლებელმა გამართოს დისკუსია და მოსწავლეებთან ერთად იმსჯელოს მათ მიერ დასმული შეკითხვების ან გამოთქმული მოსაზრებების შესახებ.
რაც შეეხება გასასვლელი ბილეთებს, მისი გამოყენება გაკვეთილის დასრულებისას ხდება. კითხვები შესაძლოა იყოს შემდეგი: 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა...დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო...გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება ...
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენებამდე საჭიროა აუხსნათ მოსწავლეებს, რას გულისხმობს ეს პროცესი, რამდენი წუთი ექნებათ მათ კითხვებზე პასუხისთვის და რა არის აქტივობის მიზანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ