TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

როგორ ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება დაწყებითი განათლების საფეხურზე?
09-08-2022
-
+


მკვლევარები და პედაგოგები აქტიურად მსჯელობენ განათლებაში კრიტიკული აზროვნების როლზე. რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება? უნდა ვასწავლოთ თუ არა დაწყებით კლასებში? რატომ უნდა ისწავლებოდეს და როგორ მივაღწიოთ მიზანს?

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს რთული საკითხების გადაჭრისთვის ეფექტური გზების მოძებნას.

ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური და ინფორმაციული სფეროს განსაკუთრებულად სწრაფად განვითარებამ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაზარდა ინფორმაციის მოპოვების, გაგების, გაანალიზებისა და გაზიარების საჭიროება. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჩვენს საუკუნეში მუშაობა, ფაქტობრივად, პრობლემების გადაჭრის სინონიმია. 

როგორ შევუწყოთ  ხელი    მოსწავლეებში  კრიტიკული    აზროვნების უნარის განვითარებას?  

გთავაზობთ გზებს, რომელთა საშუალებით მასწავლებელი დაეხმარება მცირეწლოვან მოსწავლეებს, იმუშაონ  ამოცანებზე და ისწავლონ საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით.  

იმის   ნაცვლად   რომ    მზა პასუხები    შესთავაზოთ   მოსწავლეებს, ყველაზე მარტივი საკითხებიც კი წარუდგინეთ როგორც ამოცანა, რომელიც თავად უნდა გადაჭრან. უმცროს ასაკში ბავშვები ადვილად ღიზიანდებიან, თუ, მაგალითად, ვერ ნახეს სკამი დასაჯდომად, ფანქარი, რომელიც მოსწონთ, ან შემთხვევით გაეხათ რვეული. მარტივია, უბრალოდ, ვუთხრათ: „აიღე, აი, ის სკამი“, „აი, აქ არის წითელი ფანქარი“, „აიღე წებო და დააწებე“, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესი და მიზანშეწონილია, შემდეგნაირად ვუპასუხოთ: „აბა, მოვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?“ მივცეთ მოსწავლეს საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი, გამოსცადოს საკუთარი სტრატეგია, მიუხედავად იმისა, მიაჩნია თუ არა მასწავლებელს ეს ვერსია საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზად. შესაძლოა პრობლემის მოგვარების გეგმა სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მოსწავლეები ამაყობენ პრობლემების გადაჭრის საკუთარი მცდელობებით.

ყოველთვის შეეცადეთგონებრივი    იერიშისთვის   გამოყოთ   დრო. სანამ წაიკითხავდეთ რაიმე წიგნს, სახელმძღვანელოს, გარკვეული დრო დაუთმეთ წიგნის ყდაზე საუბარს და მიეცით ბავშვებს საშუალება, იმსჯელონ მასზე. ყურადღება მიაქცევინეთ მათ ყდაზე ასახულ სიტუაციასა და გმირებზე. თუ წიგნს პეიზაჟი ახატია, ჰკითხეთ ბავშვებს, რის შესახებ შეიძლება იყოს მოთხრობილი წიგნში. მიეცით შესაძლებლობა მოსწავლეებს, გონებრივი იერიშის საშუალებით შექმნან იმ მოვლენების, გმირების, ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც, სავარაუდოდ, წიგნში შეხვდებათ. ჩაინიშნეთ მათი პასუხები და მოგვიანებით მიუბრუნდით მათ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკში კრიტიკული მსჯელობა, უმეტესწილად, ხმამაღლა ხდება, სასარგებლოა, ჩანაწერებით მიადევნოთ თვალი მოსწავლეთა განვითარებას.  

შეადარეთ  და დააპირისპირეთ    მოვლენები, საგნები. შეადარეთ და განასხვავეთ ნივთები, მაგალითად, ხატვის გაკვეთილზე – ფუნჯი და „ღრუბელი“ (საღებავებით ხატვისთვის საჭირო ნივთი). იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად, როგორ შეიძლება მათი გამოყენება, რა აერთიანებთ, რა განასხვავებთ ერთმანეთისგან. შეადარეთ სხვადასხვა საგნის ზომები, ფორმები, ფერები, გემო. შეადარეთ გუშინდელი და დღევანდელი ამინდი, არგონავტების გემი და თანამედროვე სამგზავრო გემი, ციფრი 6 და ციფრი 9. შეადარეთ ორი სიტყვა ასოებისა და მარცვლების რაოდენობის, პირველი და ბოლო ასოების, ან მნიშვნელობების მიხედვით. წაახალისეთ ბავშვები, ყურადღებით დაუკვირდნენ დეტალებს და იფიქრონ მათ დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

დაახარისხეთ ნივთები ისე, რომ თითოეული მოსწავლის მოსაზრება გაითვალისწინოთ. თუ ბავშვებს დაავლებთ, სამი ნივთიდან – სახაზავი, „სკოჩი“ და შოკოლადის ფილა – ამოირჩიონ ზედმეტი, რომელიც სხვა ნივთების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ზოგიერთმა შესაძლოა შოკოლადის ფილა ამოირჩიოს, რადგან მისი შეჭმა შეიძლება, სხვა ნივთებისა კი – არა. სხვა მოსწავლეებმა შესაძლოა აირჩიონ „სკოჩი“, რადგან ის მრგვალია, განსხვავებით დანარჩენი ორი ოთხკუთხედი საგნისგან. დაუშვით ორივე პასუხის სისწორე და ჩაეძიეთ ბავშვებს. მნიშვნელოვანია არა პასუხი, არამედ მსჯელობისა და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმის პროცესი.   

წაახალისეთ    შემოქმედებითობა. სასურველია, მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ მომზადებული პროექტები კი არ მიაწოდოთ, არამედ მისცეთ მათ მასალის (მაგ., რამდენიმე სახის წიგნი, პლაკატები, გაზეთიდან ამოჭრილი სურათები) და სამუშაო ინსტრუმენტების (მაკრატელი, ფუნჯები, წებო, ფანქრები) ფართო არჩევანი. განუსაზღვრეთ მხოლოდ ზოგადი მითითებები. მაგალითად, თუ მოსწავლეებს ეტყვით, რომ გარკვეული ზომის თოვლის ბაბუა გააკეთონ, დავალების შესასრულებლად მათ დასჭირდებათ თოვლისა და გაზომვის შესახებ საკუთარი ცოდნის გათვალისწინება. მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ შეთავაზებული მასალის შესაძლებლობები; უნდა შეაფასონ საკუთარი მოტორიკის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ უნდა დასახონ მოქმედების გეგმა, გამოცადონ ის და გამოძებნონ საკითხის გადაჭრის გზა. ისინი უნდა იქცნენ კრიტიკულად მოაზროვნეებად – მათ უნდა შექმნან თოვლის ბაბუა.

ასწავლეთ  ბავშვებს   კრიტიკულად    მსჯელობა  სასწავლო  გეგმის    ფარგლებში. საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებმა შესაძლოა შექმნან რომელიმე ცხოველის/ცხოველების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო; მათემატიკაში – თანაკლასელებს თანაბრად გაუყონ სხვადასხვა ზომის ორცხობილები; საზოგადოებრივ საგნებში – შექმნან სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ტანსაცმლის რუკა და ა.შ. კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია კითხვის შესწავლის პროცესშიც, ვინაიდან ხელს უწყობს წაკითხულის გაგებასა და ამბავის შემეცნებას. დაავალეთ ბავშვებს, განსხვავებულად შეხედონ გმირს ან აღწერილ სიტუაციას და სთხოვეთ, სხვა თვალთახედვით მოყვნენ ამბავს. წერილობითი ენა – სიტყვები, განმარტებები, წესები – აგრეთვე მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნისათვის. როდესაც მოსწავლეები ამოცანების გადასაჭრელად ან შედეგის მისაღწევად წერილობით ენას იყენებენ, შედეგი უფრო თვალსაჩინო და დასამახსოვრებელია.

დაეხმარეთ მოსწავლეებს,   გაიხსენონ  და    გააანალიზონ   ის, რაც უკვე   იციან    მოცემული თემის  შესახებ. შეუწყეთ ხელი მათ, ზეპირი და წერითი სამუშაოების მეშვეობით, შექმნან ნაცნობი კონტექსტი ახალი ინფორმაციის ასათვისებლად და საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის გასაზიარებლად.

დაეხმარეთ მოსწავლეებს,   გააცნობიერონ    შეხედულებების არაობიექტურობა   და შეძლონგახსნილი გონებითსაკითხის შეფასება. ჩამოაწერინეთ შეხედულებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შეფასება დაავალეთ მოგვიანებით, როდესაც ისინი მეტი ინფორმაციის შეგროვებას შეძლებენ.

დასვით ღია კითხვები. დახურული კითხვებისგან განსხვავებით, ღია კითხვებს არ მოჰყვება სავარაუდო პასუხები. სწორად ფორმულირებული ღია კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს საკითხის გაანალიზებისკენ, აზრების შეჯერებისა და შეფასებისკენ.

უხელმძღვანელეთ  მოსწავლეებს   ძიების    პროცესში. დაეხმარეთ მათ, გამოიყენონ  ინფორმაციის სხვადასხვა წყარო იმისათვის, რომ ახსნან მოვლენები და გაამყარონ საკუთარი არგუმენტები. ასწავლეთ და დაეხმარეთ მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროების სანდოობის გარკვევაში. აუხსენით მათ, რომ არ არსებობს ერთადერთი და შეუცდომელი წყარო. ერთსა და იმავე საკითხის შესახებ რამდენიმე წყაროდან ინფორმაციის მიღებით მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ხშირად არსებული ინფორმაციები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია.

დაეხმარეთ მოსწავლეებს   შეფასების    კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში. როდესაც მოსწავლეები ინფორმაციის წყაროებს ერთმანეთს ადარებენ და სწავლობენ, რომ შეხედულებებს ლოგიკური არგუმენტებით გამყარება სჭირდება, მათ კრიტიკულად მსჯელობის უნარი უვითარდებათ.  

მასწავლებელი კარგად უნდა აცნობიერებდეს მსჯელობის უნარის მნიშვნელობას და ხელს უნდა უწყობდეს მის განვითარებას სკოლაში სწავლის პირველივე წლებში. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შესწევთ უნარი, ჩამოაყალიბონ საკმაოდ რთული მოსაზრებები, რომლებიც ხშირად მასწავლებელთა მოლოდინს აჭარბებს. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, მდგომარეობს იმაში, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები ნაკლებად არიან შეზღუდულნი წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებებით, უფრო გახსნილები არიან სამყაროს შესაცნობად და უმრავლეს შემთხვევაში, გულწრფელად სჯერათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.


ამონარიდი მასწავლებლის წიგნიდან 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება