სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

„გენიოსები ხუხულებშიც იზრდებიან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სკოლას დაამთავრებ“ - თამარ ივერი
01-04-2018
-
+


ცნობილი საოპერო შემსრულებელი თამარ ივერი თურმე ისეთი ანცი ბავშვი ყოფილა, რომ  მთელ სკოლას იკლებდა, შატალოებზეც დადიოდა, ორიანებსაც იღებდა და დედისგან წკეპლაც ხშირად ხვდებოდა. 

თამარმა Etaloni.ge-ს თავისი ცხოვრებიდან სკოლისდროინდელი ამბები უამბო:

- თბილისის N150 სკოლა დავამთავრე. ეს სკოლა მდებარეობდა მდინარე ვერეს ხეობაში, გზაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ვაკეს, „მზიურს“ და ჩიქოვანისა და ხილიანის ქუჩებს. ვერ ვიტყვი, რომ მოწინავე სკოლა იყო, მაგრამ ამ სკოლამ ბევრი ცნობილი სახე აღზარდა. მაგალითად, მამუკა კიკალიშვილი, რომელსაც დღეს თავისი სტუდია აქვს; ლადო ძნელაძე - წარმატებული დეპუტატი; დავით პატარაია - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს...  ვთვლი, რომ გენიოსები ხუხულებშიც იზრდებიან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სკოლას დაამთავრებ.

- რა შეგრძნებები და მოგონებები მოგყვებათ სკოლიდან, რომელიც არ გავიწყდებათ? 

- მთელი ბავშვობა დოლიძის ქუჩაზე გავატარე - იქ მიიღო მამამ ბინა. მახსოვს, სკოლაში რომ მივდიოდი, შავი ჩანთა მიყიდეს, რომელსაც ზედ დიდი სოკო ეხატა და ძალიან მიხაროდა. მაშინ წიგნები ძალიან მძიმე იყო და მხარი მქონდა მოწყვეტილი ამ სიმძიმის თრევით. თან, ფეხით მივდიოდი სკოლაში. მახსოვს, როგორ ველოდებოდი დედაჩემის აივნიდან გადმოხედვას. გადმოიხედავდა, გაიხედავდა აქეთ-იქით, დარწმუნდებოდა, რომ არსაიდან მანქანა არ მოდიოდა და მერე დამიძახებდა, შვილო, ქუჩაზე გადადიო. მეც გადავირბენდი ქუჩას. სკოლიდან დაბრუნებული ლამის საათობით ვყვიროდი - დედა, დედა... სანამ არ გადმოიხედავდა და არ მეტყოდა, შვილო, ახლა გადმოდი გზაზეო, არ გადავდიოდი. ამაზე მთელი უბანი იცინოდა. ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ ბოლო კლასებში არ გადავედი. დოლიძის ქუჩა ძალიან დატვირთული იყო მანქანებით და დედას პანიკური შიში ჰქონდა. ამიტომ ყოველ დილით მაფრთხილებდა, არ გაბედო და შენით არ გადმოხვიდე ქუჩაზე, დამიძახეო.

კურიოზებით იყო სავსე ჩემი სკოლისდროინდელი ცხოვრება. დედა სკოლაში ყოველდღე მატანდა ქილებით სუპებს და ისეთ რამეებს, რაც მოსწავლეს, წესით, ჩანთაში არ უნდა ედოს. რამდენჯერ ჩამქცევია ჩანთაში სუპი... მერე ბიჭებმა გაიგეს, რომ დედა გემრიელ საჭმელს მატანდა და საკმარისი იყო, კლასიდან გავსულიყავი, რომ ჩემს ჩანთაში ძვრებოდნენ. კლასში დაბრუნებული კი ვხედავდი, როგორ ჰქონდა ერთს თავი ჩარგული და სუპს მიჭამდა, მეორე კი - ნამცხვრებს. ჩასაფრებულები იყვნენ.

მახსოვს, ქუდიანი პალტო  მქონდა. თურმე ეს ჩემი ქუდი უკან მსხდომი მთელი ბიჭებისთვის კალათბურთის ფარივით ყოფილა, სადაც დაგორგლილ ქაღალდებს ყრიდნენ. მივიდოდი სახლში, გავიხდიდი პალტოს და ქუდი სავსე იყო ქაღალდებითა და სხვა ნივთებით.

- ძალიან ცელქი კლასელები გყოლიათ.

-  დიახ, ძალიან ცელქები იყვნენ ისინიც და მეც. ერთმანეთს დაფის ჩვარსაც ვესროდით... ვიკლებდით სკოლას. შატალოებზეც დავდიოდით. სკოლის დარაჯს სკოლიდან ჩანთებით გასულები რომ არ დავენახეთ, მესამე სართულიდან ვყრიდით ეზოს მხარეს და ისე ვიპარებოდით. თუ მასწავლებელს კლასში ჟურნალი დარჩებოდა, ჩემი ზოგიერთი კლასელი მიეპარებოდა და ჩუმად კარგ ნიშანს ჩაიწერდა ხოლმე.

- კარგად სწავლობდით?

- მათემატიკაში სუსტი ვიყავი. ალგებრა რომ დავიწყეთ, თავიდან კარგად მივყვებოდი, მაგრამ მერე რაღაც ვირუსი შემეყარა და კარგა ხანს აღარ მივლია სკოლაში. რომ დავბრუნდი გამოჯანმრთელებული, ჩემი კლასელები უკვე იმდენად წინ იყვნენ, რომ ვეღარ დავეწიე. ჩემს უკან იჯდა ბიჭი, რომელიც მათემატიკაში ძალიან მაგარი იყო. სულ უკან ვიყურებოდი, რომ მისგან გადამეწერა. ის ხუმარა ბავშვი იყო და სულ რაღაცას მემაიმუნებოდა. ჩამოივლიდა ხოლმე მასწავლებელი და მეუბნებოდა, წყალწაღებულო, გადაიწერე, ოღონდ 6-ის მაგივრად, 9-ს ნუ იწერო. ის ბიჭი რომ 6-ს წერდა, მე უკან მიტრიალებული 9-ს ვხედავდი და ისე ვიწერდი. ხან სულ უშეცდომოდ ვწერდი, მაგრამ მაინც ორიანს მიწერდა მასწავლებელი და ქვეშ აწერდა, გადაწერილიაო. ვწიწინებდი, საიდან დამიმტკიცებთ, რომ გადაწერილია-მეთქი.

სამაგიეროდ, ძალიან ძლიერი ვიყავი ჰუმანიტარულ საგნებში. ძალიან მიყვარდა გერმანული და რუსული ენები. ამ საგნებში სამაგალითო მოსწავლე ვიყავი. დედა გერმანული ენის სპეციალისტი მყავდა და მასწავლიდა კარგად. ისტორია, ლიტერატურა, ბიოლოგია ძალიან მიყვარდა და სულ მაღალი ნიშნები მყავდა. ქიმია, ფიზიკაც და გეომეტრიაც კი მიყვარდა, მაგრამ ალგებრაში ვიყავი ძალიან სუსტი.

დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო და ორიანი რომ დაენახა, შეიძლება, ტყავი გაეძრო ჩემთვის. თავთან ჩამოკიდებული ჰქონდა ხოლმე ქამარი, ასევე ვაკის პარკიდან მოტანილი ტირიფის ხის წკეპლა და იმით მცემდა, იმდენად ცელქი ბავშვი ვიყავი. ხოდა, ამ მდგომარეობას ორიანებით ვეღარ გავართულებდი. ამიტომ, ერთმანეთის იდენტური ორი დღიური მქონდა. როცა მათემატიკაში ან სხვა საგანში დაბალ ნიშანს მივიღებდი, ის დღიური მიმქონდა მასწავლებელთან, სადაც მხოლოდ ორიანებსა და სამიანებს ვაწერინებდი. თუ კარგ ნიშანს ვიღებდი, მეორე დღიურს მივურბენინებდი. დედაჩემი რომ მეტყოდა, დღიური მაჩვენე ჩქარაო, ვაჩვენებდი იმას, სადაც მხოლოდ კარგი ნიშნები მეწერა. ერთ მშვენიერ დღეს დედა დაიბარეს და უთხრეს, ალგებრაში ორიანებს იღებსო. დედამ გააპროტესტა - რას ამბობთ, ყოველდღე მე თვითონ ვამოწმებ ჩემი შვილის დღიურსო. მოკლედ, გასკდა ჩემი ამბავი და წკეპლაც მომხვდა.

იცით, კიდევ რას ვაკეთებდი? სახლიდან რომ გავიდოდი, სადარბაზოშივე ავისხამდი საყურეებს, ბეჭდებს და ასე მივდიოდი სკოლაში. მშობელთა კრებაზე უთხრეს დედას, თქვენი შვილი სამკაულებით დადისო. რას ამბობთო, ესეც გააპროტესტა. მეორე დღეს ჩუმად გამომყვა უკან და სადარბაზოში სამკაულების ასხმის დროს დამიჭირა...

თეთრი შურით მშურდა ჩემი ერთი კლასელის, რომელსაც სანიტრის ფუნქცია შეუთავსეს-ჩამოკიდეს თეთრი „ტომსიკა“, სადაც მოთავსებული იყო ბინტი, ბამბა, იოდი და ა. შ. და დაავალეს, თუ ვინმე ხელს გაიჭრიდა ან რამე დაემართებოდა, მიეხადა. ძალიან ვინერვიულე, რადგან მე მინდოდა სანიტრობა. გადავეკიდე ამ ნინოს, მე უნდა ვიყო შენს ადგილას-მეთქი. მერე ავდექი და შევიკერე მსგავსი „ტომსიკა“ და ჩავაწყვე უფრო ბევრი და უკეთესი წამლები, ვიდრე მას ჰქონდა. ორი ბიზნესმენი რომ ერთმანეთს ეჯიბრება, ისე ვიყავით. თუ ვინმე ხელს გაიჭრიდა, ვყვიროდი, მე გერმანული იოდი მაქვს, მაგას არ უვარგა წამლები-მეთქი. ბოლოს იმ გოგომ თქვა, თამრიკოს იმდენი წამლები აქვს, რა აზრი აქვს, მე რომ მარტო ბინტს და იოდს  დავატარებო. გავიმარჯვე და გადმომილოცეს სანიტრობა.

- ექიმობა ხომ არ გინდოდათ?

- არა, ექიმობაზე არ მიფიქრია. ყოველთვის სცენა მიზიდავდა.  მამაჩემი ოპერის მომღერალი იყო. ბავშვობიდან დამატარებდა თავის კონცერტებზე და ზეპირად ვიცოდი მთელი რეპერტუარი. ბებია ნახალოვკაში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა და სულ მიყვარდა მასთან ყოფნა, რადგან იქ ეზო-ეზო დავდიოდი და ვმღეროდი. მეზობლის ქალები მეტყოდნენ ხოლმე, თამრიკო, აბა ერთი „ო სოლე მიო“ გვიმღერე და შოკოლადს და მანდარინს გაჩუქებთო. ასე ეზო-ეზო ვიღებდი შეკვეთებს.  ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი. მჩუქნიდნენ ვაშლებს და რაღაცებს და თან კვდებოდნენ სიცილით, მაღალ ნოტებზე რომ ვიჭაჭებოდი. ერთხელაც რაღაცას ვმღეროდი, უკნიდან რომ დედამ თმებში ხელი წამავლო - შე უბნის ჯამბაზო, ეს რეებს ჩადიხარ, მთელი უბანი დაგცინისო. არადა, იქ იყო ჩემი პირველი სცენა და პირველი შეგრძნებები. ედიტ პიაფის ბიოგრაფიაშიც წერია, რომ ქუჩა-ქუჩა მღეროდა და კორპუსებიდან ხურდებს უყრიდნენ. ამ სცენაზე გამოსვლა მიხაროდა. რომელ ბავშვს არ უხარია, როცა იმღერებს და „დათუნია“ კანფეტებს აჩუქებენ?! მაშინ ეს „დათუნია“ ყველაფერი იყო... მამამ შეამჩნია, როგორ ვმღეროდი ნეაპოლიტანურ სიმღერებს ეზოებში და მირჩია, მიმეხედა სიმღერისთვის. მომასმენინა ჯოან საზერლენდის შესრულებით „კასტა დივა“. მონუსხული ვუსმენდი. მამამ მითხრა, თუ იშრომებ, შენ ამ არიას ღირსეულად შეასრულებო და წლების შემდეგ „კასტა დივა“ სწორედ მის ხსოვნას მივუძღვენი.

- თამარ, თქვენი ტყუპი შვილები, რომლებიც ახლა 4 წლისანი არიან, თბილისის სკოლაში უნდა შეიყვანოთ თუ იტალიის, სადაც თქვენ ამჟამად მოღვაწეობთ?

- ბავშვები ამჟამად იტალიაში არიან, მაგრამ უნდა ჩამოვიყვანო თბილისში და ჯერ ბაღში შევიყვანო, მერე კი - სკოლაში. არ მინდა, იზოლირებულად გაიზარდნონ და ვფიქრობ, საჯარო სკოლაში ვასწავლო. მეუბნებიან, საჯარო სკოლა საშიშია, ბავშვები დანებით თავისუფლად დადიან და განმკითხავი არავინ არისო. ალბათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ფიქრობენ ასე. ისე, ბავშვი თუ ცუდად არის აღზრდილი, ყველგან მოახერხებს ცუდ წრეში მოხვდეს და ცუდი რამ ჩაიდინოს. არც ის მინდა, კერძო სკოლაში ისწავლონ, სადაც მხოლოდ 5 ბავშვი ზის და იზოლირებულები იყვნენ სხვა ბავშვებისგან. მინდა ეზოშიც ითამაშონ...  არ მინდა, სტერილურად იზრდებოდნენ. ასეთი ბავშვები თითქოს იმუნიტეტდაქვეითებულები არიან ცხოვრების სირთულეების წინაშე. ბავშვები, რომლებიც ლაღად იზრდებიან და იციან ერთგულებაც, შურიც, ღალატიც და ფეხის დადებაც, უფრო გამოწრთობილები არიან. ისე კი, ჩემი აზრით, ადამიანს ყველაფერი შუბლზე აწერია და მშობელი ვერც კარგისგან დაიცავ და ვერც - ცუდისგან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება