სიახლეები
სკოლები

გთავაზობთ უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის გეგმასა და რეფლექსიას
05-04-2018
-
+


ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული და  კარიერული წინსვლის  ფარგლებში სტანდარტიზებული თუ სამოდელო გაკვეთილების ჩატარება.

გთავაზობთ ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთლის გეგმასა და რეფლექსიას.                                 

სამოდელო  გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის ტიპი - ინოვაციური

მასწავლებელი - მანანა ლემსაძე

საგანი - ბიოლოგია

გაკვეთილის თემა - ფილტვები. აირთა ცვლა. სუნთქვის რეგულაცია

კლასი - VIII                                 

მოსწავლეთა რაოდენობა - 19

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა - 0

სტანდარტი - ბიოლ.VIII. 5

სასწავლო მიზნები, მოსალოდნელი შედეგები -მოსწავლემ შეძლოს:  მოდელის შექმნა და გამოყენება ფილტვის მოქმედების პროცესის სადემონსტრაციოდ, ვიზუალური დაკვირვება და გაზომვა ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად, მონაცემების წარმოდგენა ცხრილის სახით, ინფორმაციის დამუშავება და მსჯელობა ფილტვების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ.

წინარე ცოდნა და უნარები: სუნთქვის ორგანოები და მათი მნიშვნელობა, ჯგუფური მუშაობის და სასწავლო გაჩერებებზე მუშაობის უნარ-ჩვევები

შეფასება და თვითშეფასება: განმსაზღვრელი-მოსწავლის შეფასების რუბრიკა

განმავითარებელი-მასწავლებლის კომენტარი, დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება

სასწავლო რესურსები: ინსტრუქციები კითხვებით და ცხრილით - დაბეჭდილი თაბახის ფურცლებზე, საწერი კალმები,  ტორსის მოდელი, ბიოლოგიის სახელმძღვანელო-მაყაშვილი, ახვლედიანი - VIII კლასი, კომპიუტერი, ანიმაციური ფილმი, სანტიმეტრი,  წებოვანი სტიკერები, შეფასების რუბრიკა, დაფა, მოსწავლეების დამზადებული ფილტვის მოდელები, ცოცხალი რესურსი-მოსწავლეები.

 

                                             გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1 - გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა                                         

დრო - 5  წუთი

მეთოდი - მინილექცია

მუშაობის ფორმა-საერთო საკლასო

     მინილექციის საშუალებით განვსაზღვრავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ შეფასების ინსტრუმენტებს და ინსტრუქციას: ,,ჩვენ დღეს შევისწავლით ფილტვების აგებულებას, გაზთა ცვლას და სუნთქვის რეგულაციას, წინ გველოდება საინტერესო და სახალისო აქტივობები-გავაკეთებთ თქვენ მიერ შექმნილი ფილტვის მოდელის დემონსტრირებას, დააკვირდებით და გაზომავთ გულმკერდის გარშემოწერილობას  ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესში, მონაცემებს წარმოადგენთ ცხრილის სახით, დაამუშავებთ ინფორმაციას სახელმძღანელოში, დააკვირდებით ტორსის მოდელს და იმსჯელებთ ფილტვის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ. ამისთვის იმუშავებთ ჯგუფებში, გამოვიყენებთ თქვენთვის ნაცნობ აქტივობას ,,სასწავლო გაჩერებები“, ყველა გაჩერებას აქვს ტრაფარეტი წარწერით,  სადაც თითოეულ ჯგუფს დაგხვდებათ  სასწავლო რესურსები და დავალებები ინსტრუქციებით, თქვენ უნდა იმუშაოთ ინსტრუქციების მიხედვით, შესრულებული დავალება უნდა გამოაკრათ მითითებულ ადგილზე შებრუნებული, რადგან წარმოდგენამდე არ უნდა ჩანდეს ნამუშევარი (მივუთითებ დავალების განთავსების ადგილს). თითოეულ გაჩერებაზე მუშაობთ 7 წუთი.  ჯგუფებად უკვე დაყოფილი ხართ, I ჯგუფი დაიწყებს პირველი გაჩერებით, II ჯგუფი-მეორე გაჩერებით, III ჯგუფი მესამე გაჩერებით, IV ჯგუფი-მეოთხე გაჩერებით, გადაინაცვლებთ სასწავლო გაჩერებებზე საათის ისრის მიმართულებით, სამუშაო პროცესი დამთავრდება მაშინ, როცა ყველა ჯგუფი გაივლის ყველა გაჩერებას. თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით მუშაობის პროცესში ან რამე იქნება გაუგებარი, შეგიძლიათ მანიშნოთ ,,ცერები მაღლა-დაბლა“ საშუალებით და დაგეხმარებით.

   შეფასდებით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1.  ფილტვის მოდელის შექმნა და გამოყენება და  ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესის დემონსტრირება

2. ტექსტის გაანალიზება და კითხვებზე პასუხის გაცემა,

3. ანიმაციური ფილმის გაანალიზება და ბიოლოგიური პროცესის დაკავშირება ფიზიკურ მოვლენებთან,

4.  ექსპერიმენტის  ჩატარება და მონაცემების წარმოდგენა ცხრილის სახით,

5. ჯგუფური მუშაობის წესების დაცვა.

შეფასების კრიტერიუმები გაკრულია კლასში თვალსაჩინო ადგილზე.

აქტივობა 2 - ახალი ცოდნის კონსტრუირება                                                

დრო-28 წუთი

მეთოდი - სასწავლო გაჩერებები

მუშაობის ფორმა - ჯგუფური

გაჩერება 1 - ფილტვის აგებულება

    გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ ტორსის მოდელი, ბიოლოგიის სახელმძღვანელო და ინსტრუქცია: დააკვირდით ტორსის მოდელს, მოძებნეთ ინფორმაცია სახელმძღვანელოში-გვ.98  და წერილობითი პასუხი გაეცით კითხვებს:

სად მდებარეობს ფილტვები?

 რომელი ქსოვილითაა აგებული ფილტვის პლევრა?

რომელი ქსოვილითაა აგებული ფილტვის ბუშტუკები?

რა არის მოთავსებული კედლის ამყოლ პლევრასა და ფილტვის პლევრას შორის  და მისი დანიშნულება?

გაჩერება 2 - ფილტვის მოდელირება

      გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ ფილტვის მოდელი და ინსტრუქცია.

     ფილტვის მოდელი წინასწარ დაამზადეს მოსწავლეებმა: პლასტმასის ბოთლის ყელში ჩასვეს წვრილი მილი, რომლის ბოლო გაყოფილია ორ ნაწილად და მასზე მჭიდროდ ჩამოაცვეს რეზინის დაჩუტული ბუშტები, ბოთლის ყელი ჰერმეტულად დახურეს პლასტილინით, ხოლო ბოთლის ძირი გადაჭრეს და მჭიდრო შემოაკრეს რეზინის აპკი. ბუშტების გაბერვა და დაჩუტვა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის იმიტაციაა.

    ინსტრუქცია: მოდელის საშუალებით დააკვირდით, როგორ ჩადის და ამოდის ჰაერი ფილტვებში. ფრთხილად მოქაჩეთ ბოთლის ძირზე რეზინის აპკი, შემდეგ ხელი გაუშვით, აპკი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. გაიმეორე ცდა რამდენჯერმე.

    გაეცით წერილობითი პასუხები კითხვებს:

 ჩადის ბუშტში გარემოდან ჰაერი?

რა მოუვიდა ბუშტს აპკის წამოწევისას?

რა მოუვიდა ბუშტს, როცა აპკი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა?

როგორ იცვლება ამ დროს ბოთლში ჰაერის წნევა?

გაჩერება 3 - ექსპერიმენტი

გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ სანტიმეტრი და ინსტრუქცია:

აიღეთ სანტიმეტრი, ღრმად ჩაისუნთქეთ და გაუზომეთ ერთმანეთს გულმკერდის გარშემოწერილობა ამოსუნთქვამდე, მონაცემი შეიტანეთ ცხრილში. შემდეგ ღრმად ამოისუნთქე, შეიკავე სუნთქვა, კვლავ გაზომე გულმკერდის გარშემოწერილობა და ჩაინიშნე ცხრილში. როგორ იცვლება გულმკერდის ღრუს მოცულობა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს?

                                                       მონაცემების ცხრილი:

                    ჩასუნთქვა

ამოსუნთქვა

 

 

 

გაჩერება 4 - ანიმაციური ფილმი ,,გაზთა ცვლა ფილტვებში’’

ამ გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ ჩართული კომპიუტერი და თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი კითხვები, ინსტუქციის მიხედვით გახსნიან და ნახავენ ანიმაციურ ფილმს და წერილობით პასუხს გასცემენ კითხვებზე:

რომელ ორგანოში მიმდინარეობს ანიმაციურ ფილმში მიმდინარე პროცესი?

რომელი ფიზიკური პროცესი უდევს საფუძვლად გაზთა ცვლას?

ფილტვის რომელ ერთეულში ხდება გაზთა ცვლა?

რატომ გადაინაცვლებს ჟანგბადი სისხლში ფილტვებიდან და ნახშირორჟანგი სისხლიდან ფილტვებში?

სისხლის რომელი უჯრედებს და ნივთიერებას უკავშირდება ჟანგბადი?

სად მიაქვს სისხლს ჟანგბადი?

რომელი ფიზიოლოგიური პროცესი გამოათავისუფლებს CO2-ს გარემოში?

       პასუხებიან ფურცლებს მოსწავლეები  გააკრავენ კლასში განკუთვნილ ადგილზე.

       სასწავლო გაჩერებებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებისგან ინფორმაციას-ჭირდებათ თუ არა მასწავლებლის დახმარება- ვღებულობ ,,ცერები მაღლა-დაბლა“ საშუალებით.  როცა ყველა ჯგუფი იმუშავებს ოთხივე გაჩერებაზე, მთავრდება ინფორმაციის მიღების პროცესი.

აქტივობა 3 - ინფორმაციის შეჯამება, სწავლის პროცესის შეფასება–თვითშეფასება                                                                                                 

დრო-12 წთ                                

მეთოდი -პრეზენტაცია,  მოსწავლის შეფასების რუბრიკა, თვითშეფასება

მუშაობის ფორმა-ინდივიდუალური

      ჯგუფის შერჩეული მოსწავლეები შემოატრიალებენ ნაშრომებს და შეაჯამებენ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას-თითო გაჩერებას: I გაჩერება-I ჯგუფი, II გაჩერება-II ჯგუფი, III გაჩერება-III ჯგუფი, IV გაჩერება-IV ჯგუფი, გადახედავენ და შეადარებენ ამავე გაჩერების სხვა ჯგუფის ნამუშევრებსაც. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუსვამ დამატებით კითხვებს და ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

     ვაფასებ მოსწავლეებს ინდივიდუალურად რუბრიკის საფუძველზე.

    მოსწავლეები აკეთებენ  თვითშეფასებას სტიკერების საშუალებით: გულის ფორმის სტიკერზე წერენ, რომელი გაჩერება მოეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?  და აკრავენ გაჩერების გასწვრივ, გაჩერებების სახელწოდებები დაფაზეა ჩამოწერილი.             

 

                                           მოსწავლის  შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები

ასრულებს წარმატებულად

9-10 ქულა

ასრულებს კარგად

7-8 ქულა

საჭიროებს გაუმჯობესებას

5-6 ქულა

ქმნის და იყენებს ფილტვის მოდელს და ახდენს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესის დემონსტრირებას

 

 

 

შეუძლია ტექსტის გაანალიზება და კითხვებზე პასუხის გაცემა

 

 

 

შეუძლია ანიმაციური ფილმის გაანალიზება და ბიოლოგიური პროცესის დაკავშირება ფიზიკურ მოვლენებთან

 

 

 

ატარებს მარტივ ექსპერიმენტს  და მონაცემებს წარმოდგენს ცხრილის სახით

 

 

 

იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს

 

 

 

 

                                                                                                                                      რეფლექსია

სამოდელო გაკვეთილი ,,ფილტვები. აირთა ცვლა. სუნთქვის რეგულაცია“

პედაგოგი-მანანა ლემსაძე

    სასწავლო გაჩერებები დიფერენცირებული სწავლების ფორმაა და შესაბამისად ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა ხერხი ავირჩიე-ესენია ანიმაციური ფილმი, ექსპერიმენტი, მოდელირება, სახელმძღვანელოსთან მუშაობა. მერვე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი დამღლელი რომ არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ გაკვეთილში დავგეგმე აქტივობები და არ ავიღე გაკვეთილების სერია. დროის მოგების მიზნით კლასი წინასწარ დავყავი ჯგუფებად, მოვაწყვე ოთახში მაგიდები ჯგუფური მუშაობისთვის და დავახვედრე სასწავლო რესურსები და ინსტრუქცია, გაკვეთილზე დროის მოგების შესაძლებლობა მომცა აგრეთვე რესურსების სწორად ორგანიზებამ და განლაგებამ.

        ფილტვის მოდელირებისთვის მოსწავლეებს დავამზადებინე რამდენიმე მოდელი, რადგან ექსპერიმენტის დროს შეიძლება დაზიანებულიყო და მომდევნო ჯგუფებს არ ჰქონოდათ დაკვირვების შესაძლებლობა. მართლაც ასე მოხდა, მეორე ჯგუფს რეზინის აპკის გამოქაჩვის დროს დაუზიანდა მოდელი და ჩავანაცვლეთ რეზერვით, ამან დროის დაკარგვისა და დაბნეულობის თავიდან აცილების საშუალება მომცა.

     მოსწავლეებს სამუშაო მაგიდებთან დახვდათ მკაფიო ინსტრუქციები, ზმნები (აიღეთ, დააკვირდით, გაზომეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, კვლავ გაზომეთ, დააკვირდი, წაიკითხე, ფრთხილად მოქაჩე და სხვა) რაზედაც უნდა გაემახვილებინათ ყურადღება, გავამუქე, რის გამოც ადვილად აღსაქმელი გახდა მოსწავლეებისთვის. ინსტრუქციებს ეწერა ჯგუფის ნომრები, ამან არეულობა და ზედმეტი შეკითხვების დასმის პრობლემა მოაგვარა.

    მოსწავლეებს დახმარება ანიმაციური ფილმის გაასაანალიზებლად დაჭირდათ, დახმარება გავუწიე ყველა ჯგუფს ახნის საშუალებით.

     ნამუშევრების წარმოდგენის დროს ერთმა მოსწავლემ გააკეთა თავისი ჯგუფის პრეზენტაცია და შეადარა სხვა ჯგუფის ნამუშევრებს. უკეთესი იქნებოდა, სხვა ჯგუფებისთვის მეკითხა, განსხვავებულად ხომ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ინფორმაცია და რატომ?

     როგორც მოსწავლეთა თვითშეფასებებიდან გამოიკვეთა, ყველაზე მეტად გაჩერება ექსპერიმენტი მოეწონათ, ეს მეც შევამჩნიე საგაკვეთილო პროცესში, ყველაზე აქტიურად და ხალისით ამ გაჩერებაზე მუშაობდნენ. მოსწავლეთა შეფასება გამიადვილა ჩანაწერების გაკეთებამ ჯფუფური მუშაობის დროს დაკვირვების პროცესში, ეს გეგმით გათვალისწინებული არ მქონდა, მაგრამ ჯგუფებზე დაკვირვებისთვის ამ მეთოდს ხშირად ვიყენებ. 

   დამსწრე კოლეგებისთვის მეთოდი ,,სასწავლო გაჩერებები“ საინტერესო აღმოჩნდა, როგორც აღნიშნეს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში და ამ მეთოდს თვითონაც გამოიყენებენ მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება