სიახლეები
სკოლები

„სიტყვამ - დედამიწა სთქვა“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის მორიგი საინტერესო ნოველა 
05-10-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას გვიზიარებს. 

ის სხვადასხვა თემას, მათ შორის- საავტორო უფლებების დაცვას, აგვისტოს ომის მძიმე კვალს, სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეხება. ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდა მწერალი ანანოა, რომელიც კარიერას ახლა იწყებს. 

ჩვენ ნოველას უცვლელად გთავაზობთ. 

                                                    სიტყვამ - დედამიწა სთქვა!!!

- მოგესალმებით ახალგაზრდა, თქვენ დამსწრე ბრძანდებით თუ მონაწილე?
- მონაწილე გახლავართ - უკმაყოფილოდ მიუგო უცნობმა, არ მოეწონა უადგილო ჩაძიება მაშინ, როდესაც დიდი შენობის უზარმაზარ ფოიეში უამრავი ადამიანი ირეოდა...
-ასეთი პატარა?! - ეჭვის თვალი შეავლო ორგანიზატორმა და მიხვდა, რომ უხერხულობა ჩამოაგდო, საკუთარი ცნობისმოყვარეობის გასაქარვებლად.  
- ხელოვნებას განსაზღვრული ასაკი როდი აქვს, თუ ვცდები?!
- მართალს ბრძანებთ! თავი პატარა ბავშვივით ჩაქინდრა ხანშიშესულმა ქალბატონმა, თუმცა დაკითხვას ჯიუტად განაგრძობდა.
ერთ წამს კიდევ უნდა შეგაყოვნოთ გეთაყვა...
- თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება?
- ანანო ჭინჭარაული ..
- კი ბატონო, ახლა კი მიბრძანდით ზალაში და დაიკავეთ თქვენი ადგილი, ეს რიგის ნომერი გახლავთ. მოსაუბრემ მოწიწებით გადასცა  თხელ ფურცელზე დატანილი ციფრი და მეტი თავაზიანობით მიანიშნა ადმიანებით სასვე სივრცისაკენ...
ანანომ ნელი სვლით გადაინაცვლა განსხვავებულ წიაღში, სადაც ხელოვანი ხალხი თავის საწადელს, განცდებს და ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ... აქ ატმოსფეროც თავისებურ ელფერს სძენდა გარემოს. ეს არის იასამნის სურნელი გაზავებული ფიჭვის ნაძვნართან, მთის ფერდობზე ამოსული იისა და ოდნავ დანამული მიწის სურნელთან... თითოეული დამსწრეც ხომ ზღაპრის გმირს მოგაგონებდათ ჰავერდოვანი მოცეკვავეებივით რომ დანავარდობდნენ უკვდავების  წარმოსაჩენად. ანანო მივიდა დათქმულ ადგილას მთელი გულითა და სულით ელოდა ღონისძიების დაწყებას...
დარბაზში  სინათლე ჩაქრა, ყველამ ინტერესით  მიაპყრო მზერა სცენისაკენ,  წამყვანმა მოწიწებით მიულოცა მონაწილეებს ერთობით შეზავებული ხელოვნების ზეიმი,  რუდუნებით აღნიშნა ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული ხელოვნებისადმი,  ტრადიციული დიდსულოვნებისა და უზენაესობისადმი.... ყველაზე  მთავარ აქსესუარს  კი, რომელიც  გამორჩეული მწერლის საავტორო წიგნის პუბლიკაცია წარმოადგენდა, პატივისცემით გაუსვა ხაზი. თან დასძინა, რომ ეს უკვდავი სიმდიდრეა ნებისმიერი ხელოვანისათვის, სწორედ ამიტომ, ყველა სულგანაბული შესცქეროდა სცენაზე წარმოდგენილ, ბევრისთვის აუხდნელ ოცნებას.

- ერთ-ერთ მონაწილეს გადაეცემა სანუკვარი საჩუქარი და ეს იქნება იმ დიდი შრომის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა... მაშასადამე, ნოველა -„დაიგვიანეს”....

ანანოს სახე გაებადრა, გაუაზრებელი სიხარული იგრძნო. მოემზადა სცენაზე ასასვლელად, გარშემო მისი თანამოაზრეებიც თავაზიანად შევიწროვდნენ, რათა გზა დაეთმოთ ოცი წლის საოცრად ნიჭიერი და მომხიბვლელი გოგონასთვის.

წარმოდგენილ ნოველაში განსაკუთრებული გულწრფელობა იგრძნობოდა, ენითგამოუთქმელი ტკივილი გეძახდა საშველად, თითქოს უკანასაკნელ ნოტას კრეფდა სიცოცხლის გასახარად. სწორედ, ეს გრძნობა ადასტურებდა მის გამორჩეულობას, ამიტომ არავის გაჰკვირვებია დამსახურებული გამარჯვება.

წამყვანმა კიდევ უფრო მეტი ენერგიით განაგრძო სიტყვის განვრცობა. მაშასადამე, ამ საოცარი შედევრის ავტორი გახლავთ ირაკლი დარასელია...
უცებ დარბაზის ერთი კუთხიდან  დიდი შეძახილები გაისმა, აპლოდისმენტების თანხლებით აცილებდნენ უცნობ მონაწილეს სცენისკენ...
ანანო ადგილზე გაშეშდა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, მოცელილივით დავარდა სკამზე, ერთ წუთში გამეხდა, განადგურდა...

- როგორ ეს ხომ ჩემია, ჩემი სულის ნაწილს მართმევენ ? რატომ?! - გოგონას თვალთ დაუბნელდა და კუნძივით დაეცა იატაკზე...
მეორე დღეს  საავადმყოფოს მიტკალივით თეთრ კედლებში მოვიდა გონზე, ადვილად მიხვდა მდგომარეობის სირთულეს... წამოდგომა განიზრახა, თუმცა უშედეგოდ, სხეული მთლიანად დაჭიმული და დაუძლურებული ჰქონდა. კარი ფრთხილად გაიხსნა და სასიამოვნო ქალბატონი მზრუნველად მიუახლოვდა პაციენტს...

- მე თქვენი ექიმი გახლავართ, როგორ გრძნობთ თავს, გენაცვალე?

- ახლა უკეთ ვარ, გმადლობთ. როდის შემეძლება სახლში წასვლა?

- ჯერ ადრეა, ჭირიმე, სად გეჩქარება ასე? - კეთილშობილურად გაუღიმა ანანოს და ამით დიდი თანაგრძნობა დაანახა.

- იცით თქვენთან მნახველია მოსული, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ შემოუშვათ ?
- მე არავინ მყავს, მარტოსული და ეული ვარ, ასე რომ ეს პიროვნება უკვე დიდი ინტერესს აღძრავს ჩემში, სთხოვეთ  შემოვიდეს,  გავესაუბრები...

კარში სამოც წელს გადაცილებული შუახსნის მამაკაცი თავდახრილი შემოვიდა, მისი სახის ფერი ისეთივე თეთრი იყო, როგორც ოთახის კედლები...
- გამარჯობა ანანო...

გოგონამ ამრეზით შეხედა მომხდურს და სიმწრის ირონიამაც ვულკანივით იხეთქა..
- მოხდა რამე ბატონო ავთანდილ? რატომ შეწუხდით ასე ჩემი მდგომარეობით?
- ანანო, მე ...

სიტყვის დასრულება არც კი აცადა სიბრაზისგან აწითლებულმა ავტორმა...
- არა, არ არის საჭირო თავის მართლება, მაცადეთ ცოტა სული მოვიდგა და შემდეგ ახალ ნაწარმოებს შევქმნი, თქვენი ნიჭიერი შვილისათვის, მან ხომ ყველას და ყველაფერს დაუმტკიცა თავისი უზენაესობა!!
- სწორედ ამიტომ არ დამიბეჭდეთ წიგნი, ასეა?! თქვენი შვილისთვის რომ მიგეცათ გამარჯვების შანსი! მე კი ყველაფერი წამართვით, იმედი, რომელსაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ჩემი თვალით აღქმულ  სამყაროზე, წმინდათა წმინდა ადამინობაზე, ზნეობაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაღმერთებდი, ახლა კი, ვცდილობ, ამ ბინძურ ჭაობში რწმენა შევინარჩუნო !!! კითხვა მაქვს, რა კრიტერიუმით აფასებთ ხელოვან ხალხს, ვის უწევთ დახმარებას და ვის ცხრილავთ ცოცხალთა სიიდან, რა პრიორიტეტებით უნდა ვსარგებლობდე, გარდა იმისა, რომ ჩემი ნოველები გამოიყენოთ სათავისოდ? მოკლედ, აღარ გავაგრძელებ, თქვენ პატივცემული პროფესორი ბრძანდებით, მე შეურაცხყოფას ვერ მოგაყენებთ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან იმაზე მეტად შეგნებული უნდა იყო,  ვიდრე გარემოებით შექმნილი ატმოსფეროა. ეგ ჩემი ნაწარმოებია ტკივილითა და განცდებით სავსე... ახლა კი, უმორჩილესად გთხოვთ, დამტოვოთ.

ანანოს ცრემლები მოეძალა, ყველაფერი თვალწინ წარმოუდგა - მცხუნვარე მზის სხივებით მიმებნეული სისხლის გუბეები, სიკვდილის დახუთული ჰაერი, დაღუპული ოჯახის წევრები და მთელი ცხოვრება, რომელსაც ეს  ნოველა იტევდა...
ავთანდილი პატარა ბავშვივით იდგა კედლის კუთხეში და სათქმელს ვერ აბამდა თავს, ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და მოწიწებით მიმართა გოგონას.

- იცით ანანო, თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ მე არ ვიცოდი შექმნილი ვითარება, არც ის, თუ როგორ აღმოჩნდა ირაკლის ხელში ნაწარმოები, თქვენი დაუღალავი შრომის შემყურე, გარწმუნებთ, არასოდეს დავუშვებდი ამ უსამართლობას. საბედნიეროდ, ყველა მიხვდა შეთხზულ სიცრუეს და მეც უპირობოდ დავადასტურე ეს ჭეშმარიტება. საავტორო უფლებების მისაკუთრება ყველაზე დიდი არაადამინობაა, სწორედ ეს იგრძნო დამსწრე საზოგადოებამ, განსაკუთრებით, კი მას შემდეგ, რაც შეუძლოდ გახდით. სამწუხაროდ, მე  არ ვიყავი საქართველოში, რათა წინ აღვდგომოდი ამ უზნეობას, საქმის ვითარებაში სულ ახლახან გავერკვიე და შეძლებისდაგვარად, მივიღე საჭირო ზომები.. კიდევ ერთხელ მომიტევეთ  დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით კი ხვალ გელოდებით, კულტურის სახლში ღონისძიებაზე, რომელზეც აუცილებლად თქვენი აზრის დაფიქსირება იქნება საჭირო, ჩემო ახალგაზრდა ნიჭიერო მეგობარო...

ანანოს სითბო ჩაუდგა თვალებში, გაანალიზა, რომ ქვეყნად სიკეთე არ იკარგება... პირიქით, ღრმა და უძლეველი ფესვები აქვს. რამდენჯერ ყოფილა თავისი პროფესორის მარჯვენა ხელი, მუდამ სადარაჯოზე ედგა გუშაგივით და ცდილობდა დახმარება გაეწია მისთვის, მამაკაცი გულკეთილად  ეპყრობოდა ახალგაზრდა გოგოს, აი, ერთხელ შეუძლოდ გახდა ბატონი და ანანომ სახლამდე მიაცილა, შემდეგ  რუტინად ექცათ ასეთი ყოფა, მოწიწებით დაჰყვებოდა გოგონა დიდ ბატონს, მთელი გზა პოეზიასა და პროზას განიხილავდა, ხშირად დახედავდა ხოლმე პროფესორი მეგზურის  მომღიმარ თვალებს და უმალ გაუელვებდა ლექსად თქმული ჭეშმარიტება:
- “შენ არა გაქვს მეფის გვარი მთაფარფატა თოლია, მაშ თვალები თამარ ქალის როგორ გამგყოლია?!“- გოგონასაც ჩაეცინებოდა ამ ქათინაურზე  და  დარცხვენილი შეავლებდა თვალს ასფალტზე გაწოლილ აზვინთული ხეების ლანდებს ..
ანანო დიდი პატივისცემით უკითხავდა საკუთარ პროზას ამ დიდსულოვან განათლებულ ადამიანს და ელოდა მისგან გულწრფელ შეფასებას , თუ შეუქებდა შემოქმედებას მაშინ მეცხრე ცაზე დაფრინავდა, სწორედ იმ ერთ წამში ქმნიდა ცისარტყელის ეფექტს.. ერთი ასეთი სასიამოვნო გასეირნების დროს წინ მოულოდნელად  პროფესორის ვაჟი შემოხვდათ, ახალგაზრდა შეზარხოშებული კაცი უსიამოვნო სურნელს აფრქვევდა, მომხვდურებს არ მოეწონათ ჰარმონიული გარემოს გაუფერულება, თუმცა სხვა რა გზა არ ჰქონდათ, უნდა შეეწყვიტათ  მუსაიფი და ლიტერატურული განხილვა სხვა დღისთვის გადაედოთ...
- გაგაცილებთ გენაცვალე -დაჟინებული მზერა მიაპყრო ანანოს უცნობმა.

არ მოეწონა ასეთი თავხედური ტონი გოგონას..
- არ ვსაჭიროებ, გმადლობთ...
- არა, მე მაინც...
მგონი გიპასუხა უკვე, რომ თავად გაიკვლევს გზას. პროფესორის სიტყვა ისეთი შეუვალი იყო , რომ წინაამღმდეგობა არც ერთს არ გაუწევია..

ავთანდილი  გულისწყვეტით გამოემშვიდობა გოგონას და ვაჟთან ერთად სახლში გამოემართა.

 ამ დღის შემდეგ ანანოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა უმეცარი ახალგაზრდის გამო, რომელიც მამის სიდარბაისლისგან განსხვავებით, აბსოლუტურ უმეცრობას წარმოადგენდა. უინტერესო ტერმინებით, აზრებით გაჯერებული გამუდმებით ალკოჰოლის სუნს აფრქვევდა...
იმასაც ვერ აანალიზებდა, რომ ანანო სრულიად  გარიყული იყო მისი  გახემებული აზროვნებისაგან. მამაკაცს  მობეზრდა შეუჩვეველი  გულცივობა და გადაწყვიტა ბოროტებით ეპასუხა ქალის მიუკარებლობაზე. ანანოს  ნაშრომი, უხამსი თანამოაზრეების დახმარებით , ბინძური ჩანაფიქრისთვის გამოიყენა. ამით კი დიდი დაღი დაასვა მწერლისა და ბატონის ურთიერთობას. საბოლოო ჯამში, ავთანდილმა შესძლო სიტუაციის მობრუნება ავტორის სასარგებლოდ, ახლა კი  ლიტერატურულ საღამოზე მოიხმო ახლაგაზრდა შემოქმედი. სამართალი ხომ ყოველთვის მართალი ადამიანების მხარესაა... ვერასოდეს ვერ შესძლებ საკუთარი გულის ნადების სხვისი თვალით დანახვას, თუ საამისოდ არც გული გერჩის და არც სულიერად ხარ მზად. სამყარო, რომელიც ამ ნაშრომში სჭვიოდა, მხოლოდ ავტორის წრფელ გრძნობებს ეკუთვნოდა, ხოდა  დაიბრუნა სხეულის პატარა ნაწილი რათა ერთი მთლიანი ყოფილიყო...

იმის მერე, რაც ანანომ გაიგო, რომ პატივცემულ საზოგადოებასთან სტუმრად ეპატიჟებოდნენ,  დაურშრეტელი ენერგია იგრძნო, თითქოს სისხლის დენაც ენგურის დაზვინთული ჩქეფებივით გაუხდა...  დაიწყო მზადება ახალი დღისთვის...
გოგონა საოცრად მომხიბვლელი და თვალშისაცემი წარდგა მწერლების წინაშე, სცენაზე მტრედივით გაშალა ფრთები ახალგარდა მწერალმა და  დაიწყო საკუთარი ნაწარმოების კითხვა, მისი ხმა გალობასავით ჩაესმოდა მსმენელს. ადამიანები, რომელთაც ცოტა ეჭვი ეპარებოდათ, გამოუცდელი ქალის წარმატებაში, მოულოდნებისაგან განცვიფრებული დარჩნენ, აცრემლებულები უმზერდნენ პატარა ავტორს და ვერ აეხსნათ  მისი განცდების დიაპაზონი...
ნოველა „დაიგვიანეს" გახლავთ  2008 აგვისტოს  გამძვინვარებულ ომზე, სიცოცხლის დაუშრეტელ სურვილზე, გადარჩენის ინსტინქტზე, დაკარგულ და დასამარებულ ოჯახის წევრებზე და ამავე დროს, დიდ სიყვარულზე, სწორედ ამ გრძნობამ მომიყვანა თქვენამდე და ის მაძლევს ძალას..
ბოლოს კი ცრემლიანი თვალებით მოავლო მზერა დარბაზს და გულდაწყვეტილი წარმოსთქვა: იმედია ვიპოვი ჩემს დაკარგულ ერთადერთ  გადარჩენილ მეგობარს. უკაცრავად, მიჭირს ამაზე საუბარი. ავტორი აცრემლებული გამოემართა კულისებისაკენ, ხალხის აპლოდისმენტები ანანოს დიდი ხნის განმავლობაში ესმოდა, თუმცა მალევე კარს უკან მოიტოვა. თვალცრემლიანი გაუდგა გზას სახლისაკენ... იქ, სადაც წარსულის მოგონებები უხუთავდა სულს, მაგრამ ეს ხალხმრავლობა უფრო ძნელი ასატანი იყო მისთვის.

- უკაცრავად, დამელოდეთ, გთხოვთ...

ახალგაზრდა გოგონა დაჟინებით სთხოვდა მწერალს შეყოვნებას, სამოსის გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. სწორედ ამიტომ, გაკვირვებით შეავლო მზერა მოახლოებულ უცნობ ადამიანს...
- თითქმის მთელი ცხოვრება გეძებდი,  გადამეწურა კიდეც იმედი, მაგრამ არა! უფალი სამართლიანი ყოფილა... ვერ გამიმეტა მარტოობისთვის, ამ ნოველაში ხომ ჩვენი ცხოვრებაა გაშლილი, სიცოცხლიდან სიკვდილამდე, ტანჯვიდან ბედნიერებამდე, ჩვენ ერთ დღეში დავკარგეთ ოჯახი და დავშორდით ერთმანეთს....

გოგონას ცრემლი ერთმანეთის  მიყოლებით ჩამოუგორდა ღაწვებზე,მერე კი  მდინარე ნიაღვრად  ექცა, დაუნამა მთელი სახე, ანანოს ფეხებში ჩაუვარდა, გამალებით უკოცნიდა ხელებს.... მწერალი ქალი აანალიზებდა, რომ მის წინ ხილული სასწაული მოხდა... მან თავისი შექმნილი ხელოვნებით ერთადერთი მონათესავე სული იპოვა და ახლა მარტო არ არის უბატონო დედამიწაზე... ამდენი წლის შემდეგ შვებით ამოისუნთა, გაყინულ გულზე სითბო იგრძნო, რაც  შორეული მოგონებებიდან მოდიოდა, ანანომ გოგონა ფეხზე წამოაყენ, დიდხანს უყურა სახეზე, ხელები ფრთხილად შეახო სახეზე, რათა მეტად დარწმუნებული იყო თავის გრძნობებში, მერე კი შვება იგრძნო-„ის არის“ ჩაილუღლუღა ჩუმად და მკერდზე ძლიერ მიიკრა, წლების წინ დაკარგული მეგობარი.

როდესაც გული იჯერეს ერთმანეთის მოსიყვარულებით, სიტყვებიც უნებურად წარმოვიდა გოგონას ბაგეებიდან...

მხოლოდ ძლიერი განცდების მქონე ადმიანს შეუძლია აღწეროს ერთ ჩანაწერში ის დიდი სიყვარული და ოჯახური სითბო, რომელსაც მთელი ცხოვრების ბედიერება ჰქვია...  თურმე სიკვდილსაც შეუძლია იყოს კეთილშობილი, არ გაგვიმეტა მარტოობისთვის!

ანანოს ნაწარმოები სენივით მოედო ქალაქს, ყველა ინტერესით კითხულობდა მწერლის ტკივილით განცდილ წარსულს, მის სულიერ სამყაროსა და გულწრფელ ემოციებს.

მისთვის კი ყველაზე ღირებული დაკარგული მეგობრის პოვნა იყო,  თითქოს ვალი მოიხადა ხატისა და ღმერთის წინაშე. სწორედ ამ  განცდით იოკებდა ომისგან მოყენებულ ჭრილობებს...
ფიქრებით გართულს, კარზე კაკუნის ხმა შემოესმა, კარის ზღურბლზე კი უცნობი მამაკაცი შეეგება.
- გამარჯობა, ანანო.
- მოგესალმებით.

- პროფესორს თქვენთან საუბარი სურს და თუ შეძლებთ, იქნებ, საავადმყოფოში მიბრძანდეთ მის სანახავად.
- როგორ?
- დიახ, ბატონი ავთანდილი  გულის არეშია დაჭრილი, დანარჩენს თავად გიამბობთ ..
ანანომ იგრძნო, რომ გულის ფეთქვა გაუხშირდა, სასწრაფოდ მოიცვა ქურთუკი და დამშვიდობების გარეშე ჩაუქროლა სტუმარს.
სულ რაღაც რამოდენიმე წუთში ეახლა ავადმყოფს, რომელის ამბავიც მისთვის გაუგებარი და დაუჯერებელი იყო.  ვის შეეძლო ამ ადმიანისთვის მიეყენებინა ზიანი. მას ხომ სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია...
სამოც წელს მიახლოვებული  მამაკაცი მიტკალივით თეთრი იწვა სარეცელზე, ერთი შეხედვით გამოძერწილ ქანდაკებასაც კი მოჰგავდა. ანანოს გული შეეკუმშა ფრთხილად მიუახლოვდა  ...
პროფესორმა იგრძნო გოგონას გულთბილი მზერა და მოულოდნელი სტუმრის დანახვაზე,  ცრემლები გადმოუგორდა ღაწვებზე.
- არ იტიროთ, გთხოვთ, თქვენთვის მღელვარება არ შეიძლება, ჯერ ისევ სუსტად ხართ.

 ბატონმა განცდები ძლივს შეიკავა და დანანებით წარმოსთქვა:

- მადლობა ანანო, ყურადღებისათვის, ახლა თქვენ  მოგიწიათ ჩემი მონახულება, ავთანდილმა სიმწრით ჩაიცინა და განაგრძო...
- რამოდენიმე დღის უკან, ჩემი ვაჟი მესტუმრა, მტკიცედ გამომიცხადა, რომ უყვარდით და რადგან თქვენი გულცივობით სხვა გზა არ დაუტოვეთ, უკიდურეს ზომებს მიმართავდა. მე მას წინ აღვუდექი, მოულოდნელად , ისე რომ არც კი ველოდი, ბასრი იარაღი მომიღერა გულის არეში. გონება დავკარგე და იმის მერე აქ ვარ, როგორც მითხრეს ჩემი შვილი დააპატიმრეს, მე კი ჭრილობაზე მეტად გული მტკივა. დედის გარდაცვალების შემდეგ კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე და მწუხარებას მიეცა, სევდას ალკოჰოლით იქარვებდა, პირველ ეტაპზე ეს სრულიად აკმაყოფილებდა, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებზე გადავიდა. ჩამომშორდა მეც და გარესამყაროსაც, სამწუხაროდ, დაკარგა ყველას პატივისცემა, პირველ რიგში კი, საკუთარი თავის.. როგორც მე მითხრეს, თავად დაურეკავს დახმარებისთვის და დანაშაულიც ადამიანურად უღიარებია.  ესე იგი შერჩა რამე ღირსეული ...მისი წყალობით გადავრჩი...

- თქვენნაირ ადამიანს პროფესორო?- ანანოს შერცხვა და თავი დახარა ...
ბატონ ავთანდილს თვალებზე სევდა მოაწვა...
- მე მიყვარხართ დიდი ხანია ჩემო ძვირფასო, მაგრამ თქვენ უფრო დიდი და საინტერესო სამყარო მოგელით, ვიდრე მე შემიძლია რომ შემოგთვაზოთ...
თქვენს ძარღვებში მტკვარი ღელავს, მე კი მდორე დინებას მივყვები, ჩემი ასაკის მსგავსს...
- თქვენმა ნაწარმოებმა დამანახა, რომ გასაოცარი სამყაროს მქონე დიდად ნიჭიერი და გულთბილი ადამიანი ხართ, ყოველი ნაშრომი, რომელსაც განვიხილავდით, მეტად გვაახლოებდა სიყვარულთან, რისთვისაც მადლობას გწირავთ. გახსოვდეთ, რომ მუდამ თქვენს გვერდით  ვიქნები... ახლა კი მინდა დაგილოცოთ წარმატებისაკენ მიმავალი გზა, თქვენ ეს დაიმსახურეთ..
ანანო ფერმიხდილი ადგა და უთქმელად გამოემართა კარისაკენ, მან ერთხელ კიდევ შეხედა პროფესორს, რომლის სიყვარულიც მისთვის ისეთივე ძვირფასი იყო, როგორც საკუთარი... დაუმორჩილებლობა კი დიდ უპატივცემლობას წარმოადგენდა მისთვის, ამიტომ დასჯერდა განგებას!

გზად მიმავალს  უცნობმა თეთრხალათიანმა ქალბატონმა გააწყვეტინა ფიქრების ჯაჭვი.
- უკაცრავად, თქვენ ცნობილი ნაწარმოების „დაიგვიანეს“ ავტორი  ბრძანდებით?!
ანანოს გაეფანტა აზრები  მოულოდნელი სიხარული იგრძნო, დიახ, მე ვარ..
- ვერ წარმოიდგენთ  დღეში რამოდენიმეჯერ ვკითხულობ ამ  საოცარ ნაშრომს და ყოველ ჯერზე ცრემლებით ვივსები.
ანანომ ფრთხილად შეავლო თვალი ექიმს და გულწრფელად მიუგო - მე ვერაფერს გეტყვით ჩემო ძვირფასო მკითხველო... აი, სიტყვებმა, რომელმაც ცრემლებად დაგღვარათ, იცოდეთ, რომ დიდი ძალა აქვთ ის გულწრფელი და უძლეველია..
გახსოვდეთ, რომ სიტყვამ დედამიწა სთქვა..ეს დედამიწა კი ჩვენი მთავარი გრძნობების საზრუნავი და საფიქრალია... მიხარია, რომ ჩვენ ამ სამყაროში ვიღებთ ამხელა სითბოს და გავცემთ გულწრფელ ემოციებს...
დიდი მადლობა!!! - ანანოს სახეზე იმედის სხივი აკიაფდა, რაც მის გულში იმედიან გაზაფხულს მოასწავებდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავარი სიახლეების ჩამონათვალს, რომლითაც სკოლები მიმდინარე სასწავლო წელს იხელმძღვანელებენ

Etaloni.ge-სთან სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლე (ცერცვაძემ) სასკოლო სამზადისსა და განწყობაზე ისაუბრა

7 აკრძალვა, რომელიც სკოლებს ეხება - კანონი

როგორ გავფილტროთ ელექტრონული ჟურნალის  კალენდარში სასურველი მონაცემი

„სოფლის თავში ბავშვები ვიკრიბებოდით ხოლმე და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს სიხარულს - რა ვიყიდეთ, როგორი ჩანთით მივიდოდით სკოლაში“


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში



საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს

პედაგოგებმა ისაუბრეს  ახალი სასწავლო წლის გეგმებზე, მიზნებსა და მომავალ საქმიანობაზე 

ამ ინფორმაციას სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს



კონფერენციაზე მასწავლებლებმა სკოლისა და სწავლა-სწავლებისთვის აქტულური თემები წარადგინეს








საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება