„დღეგრძელობა, ჩვენო ცხოვრების მასწავლებელო“- მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგს, აველინა გოგუას პროფესიული დღე მიულოცეს
05-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგ აველინა გოგუას მასწავლებლის დღე მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ის მრავალი თაობის აღმზრდელი, რესპუბლიკის დამსახურებულ მასწავლებელის, საპატიო ჩხოროწყუელს, არაერთი მადლობის სიგელისა და ჯილდოს მფლობელი პედაგოგია.
მას ეს დღე მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ ნელიკო გახარიასა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ირმა თოდუასთან ერთად მიულოცეს. ისინი აველინა გოგუას სახლში ესტუმრნენ.
„ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ჩვენო ცხოვრების მასწავლებელო"!- ამ სიტყვებით მიულოცეს პროფესიული დღესასწაული დიდებულ ქალბატონს.
ქალბატონ აველინას დიდი მადლი ხვდა წილად, რადგან იშვიათია პედაგოგი, რომელიც ისე უყვარდეს ყველა მოსწავლეს, რომ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები მთელი ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად გაჰყვეს!
აველინა მასწავლებელმა სტუმრებს თავისი სასკოლო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ალბომი დაათვალიერებინა...
მოსწავლეებმა სხვა ფოტოებთან ერთად ირმა და ნელიკო მასწავლებლების, ასევე სკოლის ბუღალტრის - ქალბატონ ნანა ოთხოზორიას პირველკლასელობის ამსახველი კადრებიც იხილეს...
იყო თაობათა შეხვედრა, მოგონებების ზღვა, ბევრი სიხარული, უზომო სიყვარული...
და ისევ შეხვედრის სურვილი“,- გვიყვებიან სკოლაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.