„მშობლის ერთი დღე სკოლაში“ - თბილისის N94 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
05-10-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N94 საჯარო სკოლაში მეტად მნიშვნელოვანი პროექტი - „მშობლის ერთი დღე სკოლაში“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი სასკოლო ცხოვრებაში ოჯახების მეტი ჩართულობა გახლავთ.
აღნიშნულ პროექტში მშობლები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ისინი მთელს დღეს სკოლაში ატარებენ და პედაგოგებთან ერთად სასწავლო გარემოს აკვირდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებაში მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა.
„უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან პროექტი - „მშობლის ერთი დღე სკოლაში“ მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მშობელსა და სკოლას შორის ნდობის ხარისხის ამაღლება, მიკუთვნებულობის გრძნობის გამოწვევა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
პროექტის არსი კი გახლავთ: მოხალისე მშობლები (3-დან 5 მშობლის ჩათვლით) დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებიან სასკოლო სივრცეში, აკვირდებიან სასწავლო პროცესს სრულად, ჩვენთან ერთად (და არამხოლოდ) ამოწმებენ სველ წერტილებში, კვების ობიექტსა და მთლიანად შენობაში სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას; ასევე უსაფრთხოების დაცვის სკოლაში არსებულ სხვა მექანიზმებს.
დღის ბოლოს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას. ისინი გვესაუბრებიან ყველა იმ პრობლემისა და ხარვეზის შესახებ, რაც მათი მხრიდან იქნა შემჩნეული. გვაწვდიან რჩევებს, აქვთ ორიგინალური იდეები და ინიციატივები. საბოლოოდ, ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენი ძალებითა და რესურსებით არის შესაძლებელი.
ვფიქრობთ, ეს აქტივობა ეფექტურია რამდენიმე მიმართულებით: იწვევს მოსწავლეების მოტივაციას (ბავშვებს მოსწონთ, როდესაც სკოლაში მათ მშობლებს საჭირო ადამიანად აღიქვამენ და ხედავენ), მეტია მშობელთა მხრიდან დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, ეხმარება როგორც სკოლას, ისე მშობელს, ერთ მხარედ და თანამოაზრეებად თავის აღქმაში; თვითონვე არიან სკოლაში მიმდინარე პროცესების უშუალო თვითმხილველნი და თანამონაწილენი. ასე მუშაობა გვიადვილდება ჩვენც, დირექციასაც. ისინი ჩვენი ე.წ. „მესამე თვალი“ არიან და ზოგჯერ, ჩვენთვის შეუმჩნეველს, ჩვენზე უკეთესად ხედავენ.
მათი მხრიდან წამოსული რჩევები, რეკომენდაციები კი გვეხმარება ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც უზრუნველყოფს პოზიტიური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას“, - ვკითხულობთ დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.