მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
როლანდ შავაძის მთავარი ამოსავალი წერტილი მოსწავლეების სწავლა - განათლება და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაა. პედაგოგს დაუღალავი შრომა დაუფასდა და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვა.
მეკეიძეების საჯარო სკოლისთვის პედაგოგის წარმატება ორმაგად საამაყოა, რადგან როლანდ შავაძე ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ბავშვებსა და საკუთარ საქმეზე შეყვარებულ პედაგოგს ჯილდოს წარდგენისას მთელი სასკოლო საზოგადოება გულშემატკივრობდა.
როგორ სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს. როლანდ შავაძემ მთელ საქართველოს გააცნო მეკეიძეების საჯარო სკოლა და აჩვენა, რომ ის სამაგალითოა.
- „როლანდ შავაძის ჯილდოზე წარდგენა ჩვენი სკოლის თითოეული წევრის ინიციატივა და სურვილი იყო. როლანდზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. მან ჩვენი სკოლა დაამთავრა, წავიდა უნივერსიტეტში - ისწავლა და კვლავ მშობლიურ სკოლას, მასწავლებლის რანგში დაუბრუნდა. მოგეხსენებათ, ვინც სოფლიდან მიდის ის უკან აღარ ბრუნდება, როლანდი კი დაბრუნდა, რაც ძალიან დასაფასებელია. იგი ბათუმის უნივერსიტეტში ასწავლის, ჩართულია ბევრ პროექტში და ასევე სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულია, რის გამოც უცხოეთში ბევრჯერ უწევს ვიზიტი, ასევე არის მენტორი მასწავლებელი... აქედან გამომდინარე, რა სიახლესაც ნახულობს ყველას სკოლაში ნერგავს. როლანდი ისეთი ადამიანია, რომელიც როგორც საკუთარ თავზე ისე სკოლაზეც ბევრს მუშაობს. იგი ჩვენთან 4 წელია ასწავლის და მისი მოღვაწეობის პერიოდში ჯამში თხუთმეტმა კურსდამთავრებულმა ინგლისურენოვან პროგრამაზე გააგრძელა წარმატებით სწავლა. ჩვენს სკოლაზე რაიმეს თქმა თუ შეიძლება ერთ-ერთი სწორედ ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე სწავლებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ერთი დღეც არ დაუგვიანია და არ გაუცდენია. წარმატებას ვუსურვებ მთელი ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, სამყაროში ყველაზე დიდ ჯილდოს დაიმსახურებს, რადგან გულწრფელი ადამიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია.
ის არის ადამიანი, რომელსაც უყვარს მოსწავლე, მასწავლებელი, სოფელი და საკუთარი პროფესია. როლანდ შავაძე ნამდვილად იმსახურებს, რომ იყოს გამორჩეული. სასკოლო საზოგადოება, სოფელი, მუნიციპალიტეტი და რეგიონი ვამაყობთ ჩვენი პედაგოგით.
ზოგადად, მეკეიძეების საჯარო სკოლაში უპირველეს ადგილას ბავშვი დგას და შესაბამისად ბევრ წარმატებას ვაღწევთ. მისი გამარჯვება ყველას ძალიან გაგვიხარდა. სკოლის თითოეული წევრი აღფრთოვანებულია, ერთმანეთს ვულოცავთ. მან მთელ საქართველოს დაანახა, რომ არსებობს მეკეიძეების საჯარო სკოლა და ის სხვებისთვის სამაგალითოა. მას იმდენად დიდი დამსახურება აქვს, რომ მისი გამარჯვება არავის გაუკვირდა“, -გვიყვება დირექტორი თემურ მიქელაძე.
გამარჯვებაზე, საკუთარ ემოციებსა და მომავალ გეგმებზე etaloni.ge-სთან თავად ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ისაუბრა და პირობა დადო, რომ მეკეიძეების საჯარო სკოლის სახელი ღირსეულად კვლავ ბევრჯერ გაიჟღერებს.
„ძალიან ამაღელვებელი და ზოგადად სასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც ჩემმა სახელმა გაიჟღერა. ამავდროულად, ზოგადად სასკოლო თემის, განსაკუთრებით მოსწავლეების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
ვფიქრობ, ადამიანმა ნებისმიერი წარმატება სკოლის და თემის სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. ასეთ სტატუსს თან ახალი კონტაქტები და ურთიერთობები ახლავს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ადამიანური რესურსი სკოლისა და მოსწავლეებისთვის. დაიგეგმოს ამ ადამიანებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაცვლა. ასევე, გამოყენება შეიძლება მატერიალური თვალსაზრისითაც. ჩვენ მაღალმთიანი სკოლა ვართ, შესაბამისად პრობლემები, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს და სწორედ ამ მიმართულებით მოვიძიებ ფინანსებს. ასევე, ჯილდოს რაღაც ნაწილი სკოლას სწორედ ამ კუთხით მოხმარდება.
მინდა ჩემს სკოლას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ნდობისთვის. მე ყოველთვის ვიქნები მათი განვითარების და განათლების სადარაჯოზე. მადლობა, რომ ხელი შემიწყვეს ამ ყველაფერში. ადამიანის თვითგანვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული, რათა ყველა მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები.
პირობას ვდებ, გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩვენი სკოლის სახელმა კიდევ ბევრჯერ გაიჟღეროს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, - ამბობს, როლანდ შავაძე.
სკოლის დირექცია, თითოეული პედაგოგი და მოსწავლე როლანდ შავაძეს ულოცავს ამ უდიდეს წარმატებას.
აღსანიშნავია, რომ მეკეიძეების საჯარო სკოლას და მის ღირსეულ პედაგოგს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლები ერთსულოვნად გულშემატკივრობდნენ.
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ხუთი ფინალისტიდან გამოვლინდა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც