საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებებითა და მრავლფეროვანი აქტივობებით დაიწყო
07-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი კვლავ აქტიურად და წარმატებით დაიწყო. სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყებიდან არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა არ გამორჩენიათ.
აქტივობები სექტემბერში სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. საზეიმო ცერემონიით გახარებული მოსწავლეების ხმაურმა სკოლის არე-მარე გაახალისა.
ბავშვებს და პედაგოგებს არც ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული დღე - 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის თარიღი გამორჩენიათ. დაშვებული დროშის ფონზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მაღალკლასელებმა უმცროსკლასელებს ამ დღის არსი აუხსნეს და გამოთქვეს იმედი, რომ აწეული დროშის ფონზე აფხაზეთს დაუბრუნდებიან.
სექტემბრის მიწურულს კი სკოლაში ევროპის სპორტის კვირეული გაიმართა. სპორტის მასწავლებელმა ბავშვები სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტებით“ გაახარა. აქტივობაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია პირველკლასელების ემოციები, რადგან მათთვის მსგავს აქტივობაში მონაწილეობა პირველი იყო. აქტივობის ბოლოს კი ბავშვებმა სამახსოვრო სიგელები მიიღეს.
გართობას, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება მოყვა. ულამაზესი აქტივობებით „შემოაბრძანა ანბანი“ პირველ კლასში, საგნის მასწავლებელმა, ლანა სერგიამ. მან საინტერესოდ დაიწყო პატარების მოგზაურობა ცოდნის სამყაროში. კმაყოფილი და დაინტერესებული მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ცოდნის სამყაროში სამოგზაუროდ მზად არიან.
მრავალფეროვანი აქტივობები კი 5 ოქტობერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნით გაგრძელდა. მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ლამაზად მოხატული ბარათებით მიულოცეს, რის შემდეგაც სკოლის პერსონალი მუნიციპალიტეტის ორგანიზებულ კონცერტს დაესწრო. კონცერტი ქალაქ ხობში, საღამოს საათებში გაიმართა.
„ჩვენი სკოლა და მოსწავლეები კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობებით შემოგიერთდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, - გვპირდებიან სკოლაში.