მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განიცდის, რომ სკოლის ტექნიკურ პერსონალს დაბალი ხელფასი აქვს, რომ ყველა მოსწავლეს ჯერ კიდევ არ გააჩნია თანაბარი პირობები სწავლისთვის, მიიჩნევს, რომ სიახლეები და რეფორმები აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რეფორმების განსახორციელებლად პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც ჰქონდეთ შესაბამისი პირობები სკოლაში. მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ სიახლეებზე, ხელფასების მატებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტსა და სხვა საინტერესო საკითხებზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი, ლელა ჩერქეზიშვილი გვესაუბრა.
- რამოდენიმე დღის წინ დაზუსტდა რომ იანვრიდან პედაგოგების დანამატი 125 ლარით გაიზრდება, რაც თავისთავად კარგია, თუმცა პედაგოგების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მათთვის უფრო მისაღები საბაზო ხელფასის მომატება იქნებოდა. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნება, თუ საბაზო ხელფასი გაიზრდება, თუმცა თითქმის ყველა მასწავლებელს აქვს სტატუსი, პედაგოგთა ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი სტატუსის გარეშე, აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა, რადგან მოტივაცია მიმართულია იქით, რომ მუდმივად ფორმაში იყოს მასწავლებელი, მუდმივად ცდილობდეს პროფესიულ განვითარებას. ვფიქრობ, ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მიმართულია, რომ მასწავლებლებს ჰქონდეთ მოტივაცია, მუდმივად აიმაღლონ სტატუსი, განვითარდნენ და ამის ფინანსური დაინტერესებაც ჰქონდეთ... ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა.
ერთადერთს დავამატებდი - ძალიან დაბალია ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასი. მართალია, 10%-იანი ზრდა მათთვისაც დაანონსდა, თუმცა 150-160 ლარის ფონზე ათპროცენტიანი ზრდა ძალიან დაბალია, ერთადერთი შენიშვნა, და რეკომენდაცია ეს მექნებოდა. ვფიქრობ, სერიოზულად არის გადასახედი სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, განსაკუთრებით საქმისმწარმოებლის, დარაჯის, დამლაგებლის ანაზღაურება.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ თუნდაც ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასის მოსამატებლად უმჯობესი იქნებოდა უშუალოდ სკოლის დაფინანსების გაზრდა, რათა ბიუჯეტიდან უკვე დირექტორს თავად შეძლებოდა ხელფასის მომატება?
- ვფიქრობ, მაინც სჯობს, რომ სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს ანაზღაურების საკითხი, რადგან სკოლები არათანაბარ პირობებში არიან. მე შეიძლება მაქვს ბიუჯეტში თანხა და შევძლო ხელფასის გაზრდა, მაგრამ სხვა სკოლას არ ჰქონდეს ამის საშუალება.
ასე რომ, რადგან სახელმწიფო დაფინანსება აქვთ სკოლებს, ჩემი აზრით, სჯობს ეს საკითხი კვლავ სახელმწიფომ დაარეგულიროს.
- გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა საინტერესოა სკოლების დაფინანსების წესში თუ შეიტანდით ცვლილებას?
- სკოლის დაფინანსებას რაც შეეხება, მათ მრავლესობას, ყოველ შემთხვევაში პირადად ასე მგონია, აქვთ ფინანსური რესურსი რომ საჭირო ინვენტარი, საკანცელარიო მასალა და სხვა სასკოლო თვალსაჩინოებები არსებული ბიუჯეტიდან შეიძინონ...
- ქალბატონო ლელა, აუცილებლად უნდა გკითხოთ დირექტორის ახალ სტანდარტზე...
- ვერ გეტყვით, რომ დავამუშავე ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა ვნახე, გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მოცულობითია... ზოგადად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია დროის შესაბამისად შეიცვალოს, განახლდეს დირექტორის სტანდარტიც, მასწავლებლის სქემაც რათა შევძლოთ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. ძალიან ბევრი კვლევა ტარდება და ვფიქრობ, ეს შეუქცევადი პროცესია.
- სიახლეებისთვის ფეხის აწყობა ახსენეთ და აქვე გკითხავთ. რამდენად ხდება სიახლეების ათვისება თავად პედაგოგების მიერ, რამდენად ახერხებენ ისინი სრულყოფილად გაიგონ და გამოიყენონ ყველა ის სიახლე და მიდგომა, რომელსაც რეფორმის ფარგლებში სთავაზობს სამინისტრო მასწავლებლებს?
- ჩემი სკოლა დიდი ხანია ახალი სკოლის მოდელშია, თუმცა სკოლების ნაწილი წელს ჩაერთო, ნაწილი გასულ წელს. რაღაცნაირად გვიჭირს ადაპტირება და ერთი ეტაპიდან, მეორე ეტაპზე გადასვლა. სირთულეებია მოსწავლეებთან დაკავშირებითაც, რამდენად შეძლებენ ისინი ამ დავალებების მომზადებას, თუმცა მგონია, რომ უნდა ვცადოთ. რასაც მოვასწრებთ და რაც ბავშვისთვის მისაღები იქნება, ის მაინც უნდა გავაკეთოთ... მცდელობა არ უნდა მოვაკლოთ.
მე დაინტერესებული ვიყავი, რომ ამ პროგრამაში რაც შეიძლება მალე ჩავრთულიყავით. ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მოტივირებულები იყვენ პედაგოგებიც, როგორ გამოგვდის, ეს მეორე საკითხია. მცდელობას რომ არ ვაკლებთ და მაქსიმალურს ვცდილობთ, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. მოვამზადეთ კურიკულუმები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, კომპლექსური დავალებები, ძირითადი აქცენტი ამაზე გვქონდა გადატანილი. მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა იმდენად კარგად შეძლო თავის წარმოჩენა, რომ მუნიციპალურ დონეზე ჩატარებულ კონფერენციაზეც გამოვიდნენ, სადაც თავად წარმოადგინეს ნამუშევრები და 2-მა პედაგოგმა ეროვნულ კონფერენციაზეც მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, თუ შევეცდებით ყველაფერი გამოგვივა.
- ქალბატონო ლელა, თქვენ რომ იყოთ განათლების მინისტრი, რა იქნებოდა პირველი, რასაც გააკეთებდით ან შეცვლიდით?
- ვფიქრობ, რომ ყველა საჯარო სკოლა უნდა ჩადგეს თანაბარ პირობებში. მე მესმის რომ ეს დროის საკითხია, მაგრამ თაობები გადის და ბავშვი ხედავენ რომ ვიღაცის სკოლა ძალიან კარგად გამოიყურება, ინფრასტრუქტურულად გამართულია, მეტი ტექნიკაა, მეტი საშუალებაა რაც ძალიან კარგია, თუმცა არის სკოლები, სადაც ეს ყველაფერი არ არის. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც ნაკლებად არიან ჩართულნი და უჭირთ კომპლექსური დავალებების შესრულებაც.
ბავშვებს სკოლაში უნდა ჰქონდეთ სივრცე სადაც იქნება შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ისევე, როგორც მასწავლებლებს. იმ დავალებებს, რომლებსაც ხშირად მოსწავლეებს ვაძლევთ, ტელეფონით ვერ გააკეთებენ, ყველას კი არ აქვს სახლში შესაბამისი ტექნიკა, ამიტომ სკოლაში უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვი შეძლებს მუშაობას. ჩვენ ვერ დეველოდებით და არც უნდა დაველოდოთ იმას, თუ როდის შეძლებს ოჯახი ამ ყველაფრის შეძენას, ან ინტერნეტის ჩართვას. რადგან შემოგვაქვს ახალი მიდგომები, მეთოდები, ამის განხორცილებაშიც უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...