სიახლეები
სიახლეები

„ჩვენმა მოსწავლეებმა იციან - სიკეთესა და მეგობრობას, აღმსარებლობა და ეროვნება არ გააჩნია“ - მარინა გორშკოვა, სკოლა „დავითიანის“ დირექტორი
13-10-2022
-
+


თითქმის ორი ათეული წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანს“ ხელმძღვანელობს და როგორც etaloni.ge-სთან ამბობს, სკოლაში მსოფლიო რუკის მინი მოდელი აქვს - ინტერნაციონალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ და თავად ყველაზე დიდ მიღწევად იმას მიიჩნევს, არასოდეს, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კონფლიქტი რომ არ გაღვივებულა.

„დავითიანის“ დირექტორი, მარინა გორშკოვა გვიმხელს, რა არის მისი სკოლის წარმატების საიდუმლო და იმასაც დასძენს, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დახურვას არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, ესაა ჩემი მისია უფლის წინაშე - ბავშვებს სწორი გზა ვუჩვენოო.

კონკურენციის წინააღმდეგია და შესაბამისად, სკოლაში არც ჯანსაღი შეჯიბრებითობა არსებობს - „აქ ყველა ერთად, ვაკეთებთ საერთო საქმეს და საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს ბავშვებს სიკეთეს, მეგობრობას ვასწავლით“.

Etaloni.ge-სთან ინტერვიუს კი, მარინა გორშკოვა იმ წარმატებული ნაბიჯებით იწყებს, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანმა“ სასწავლო წლის დასაწყისშივე გადადგა:

- მინდა, გიამბოთ იმ სიახლეების შესახებ, რომლითაც სასწავლო წელი დავიწყეთ, თუმცა დავძენ, რომ წარმატებისკენ სწრაფვა არასოდეს შეგვიწყვეტია. ვმონაწილეობთ პროექტში „ინტელექტუალური საკუთრების დანერგვა სკოლებში“,  რომელშიც დაახლოებით 20 სკოლაა ჩართული და რომელიც ბევრ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს... ამ ეტაპზე პედაგოგები გადიან ტრენინგებს, ჩართულია „საქპატენტიც“ და განათლების სამინისტროც... პროექტი ბავშვებზეა გათვლილი და უკვე გვაქვს გაწერილი სკოლის სტრატეგიულ გეგმაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩეხეთთან დავდეთ ხელშეკრულება, მალე მემორანდუმსაც მოვაწერთ ხელს და გვექნება გაცვლითი პროგრამები; ჩვენთან მოქმედებს „ერასმუსის“ პროგრამა და არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია - „სენსიტიური კონფლიქტების მოგვარება სკოლაში“, ასევე პოლონეთთან ვთანამშრომლობთ არაფორმალური განათლების მიმართულებით, გვაქვს კინოსკოლა...

- „სენსიტიური კონფლიქტების მოგვარება სკოლაში“ - თქვენი აზრით, რამდენად მუშაობს მსგავსი პროგრამები ჩვენს რეალობაში?

- ჩვენი კუთხე არის მრავალეთნიკური და სულ ვამბობ - „დავითიანი“ გახლავთ მსოფლიო რუკის მოდელი; აქ სწავლობენ აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი, პოლონელი, რუსი... მოსწავლეები და მათ იციან - სადაც სიკეთე და მეგობრობაა, იქ აღმსარებლობა და ეროვნება გვერდით გადადის. ჩვენ ამას მივაღწიეთ, ვამაყობთ და დიახ, ჩვენმა ბავშვებმა იციან - სიყვარულს ეროვნება არ გააჩნია.

იცით, ბავშვს სწორად უნდა მიაწოდო პატრიოტიზმი... მე ვარ გორშკოვა - საქართველოს მოქალაქე, ქართველი რუსი, დაბადებული და გაზრდილი საქართველში.

ბავშვმა უნდა შეიგრძნოს ქვეყნის სიყვარული, გაითავისოს, რომ ესაა მისი სამშობლო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ ბავშვები თბილ და ტკბილ სამშობლოში, სადაც მსგავსი კონფლიქტები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.

- თავად თუ შეგხებიათ მსგავსი კონფლიქტი?

- ვცხოვრობდი კაზრეთში და ერთ კორპუსში ვიყავით ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ქართველი, გერმანელი ოჯახები... სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მეგობრობასა და სიკეთეს არ გააჩნია საზღვრები... ჩვენ სომხეთის სკოლასთანაც ვთანამშრომლობთ, წითელ ჯვართანაც,  პირველები ვიყავით, ვინც ბილინგვური სწავლების პროექტში ჩავერთეთ, გვაქვს ჩვენი მიდგომები, სწრაფი შემსწავლელი კურსები და ვაღწევთ იმას, ბავშვებმა მოკლე დროში შეისწავლონ სახელმწიფო ენა.

- ეს გამოწვევაა, ხომ?

- გამოწვევაა და ხშირად გვიწევს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ფლობდნენ სახელმწიფო ენას. გვყოლია მედალოსნები, თუმცა სამწუხაროდ მაინც გადასულან, მაგალითად, აზერბაიჯანულენოვან სკოლაში, რადგან ეროვნულების ჩაბარებისას პრივილეგიებით სარგებლობენ, რასაც პირადად, მე, სკეპტიკურად ვუყურებ.

- რატომ, ქალბატონო მარინა?

- ჩვენ, ყველა, საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა ვიყოთ თანაბარ პირობებში -  ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, აზერბაიჯანელი ხარ, რუსი თუ ქართველი. სახელმწიფო ენა ყველასთვის უნდა იყოს სახელმწიფო ენა!

ზოგადად, ბავშვი უკეთ მაშინ სწავლობს, როდესაც საგანი მისთვის თვალსაჩინოა. სწორედ ამიტომ გვაქვს როლური თამაშები, ვიქტორინები...

დაინახე - აღიქვი - მიიღე - სკოლის სასწავლო გეგმა ამ კუთხითაა მიმართული და მოდი, სიმართლე ვთქვათ: ბავშვებს შესაძლოა ნაკლებად ესმოდეთ, რაში სჭირდებათ ეს; ამიტომ უნდა გავუღვივოთ პატრიოტიზმი - ენის შესწავლასთან ერთად უნდა ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ისწავლონ სახელმწიფო ენა. მე თუ ვეუბნები, რომ სკოლაში ყოფნისას არ ისაუბრონ ეთნიკური კუთვნილების ენაზე, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სწორი მეტყველება ჰქონდეთ.

- რთულია სკოლის დირექტორობა?

- როგორც გითხარით, კაზრეთში გავიზარდე და 4 სადარბაზოიან კორპუსში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქე ვცხოვრობდით; იმ პერიოდში გაჩაღდა კონფლიქტი და ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა თქვეს - ესაა ერთეულების შეთითხნილი პროვოკცია, რომელსაც არ წამოვეგებითო.

შემდეგ იყო სამაჩაბლო... მაშინ წერილიც კი შემოგვიგდეს - ოს მეზობლებს ხელს ნუ აფარებთო, მაგრამ მაშინ მზად ვიყავით ერთმანეთისთვის სიცოცხლე გაგვეწირა. სხვათა შორის, დაწერილი მაქვს სცენარი აფხაზეთის თემაზეც - ჩემ სხეულში ორი სისხლი ერთ სისხლად მოედინება და ვის უნდა დავუპირისპირდე?!

ასეთ დროს მომიწია მუშაობა - ბოლნისიდან ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა მასობრივად წავიდა და ბავშვები მასწავლებლების გარეშე დარჩნენ. მაშინ მე და ჩემი კოლეგები 47 საათიანი დატვირთვით ვმუშაობდით, რამდენიმე ცვლაში, რათა ბავშვებისთვის განათლება მიგვეცა. მოგვიანებით; თბილისის კერძო სკოლაში ვმუშაობდი რომ ბოლოს კერძოს სკოლის მეთოდი რაიონშიც დამენერგა.

- გაამართლა, ქალბატონო მარინა?

- ვთვლი, რომ ეს არის ჩემი მისია... ახლა ავტორიზაცია გვიწევს და ხშირად მსმენია, თუ შემოსავალი არ არის, დახურეო! ამას არასოდეს გავაკეთებ! ესაა ჩემი შვილი, არც სპონსორი გვყავს, უამრავი მრავალშვილიანი თუ სოციალურად დაუცველია ჩვენთან, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ გაამართლა! სწორ გზას ვუჩვენებთ ბავშვებს და ვცდილობთ, სიკეთე ჩავუნერგოთ.

დღეს სწავლისა და განათლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის სიკეთის დანახვა...

- ისე, კერძო სკოლის მასწავლებლებიც არ არიან თანაბარ პირობებში საჯარო სკოლის პედაგოგებთან, ხომ მეთანხმებით?

- ვამაყობ ჩემი კოლექტივით, არ გვაქვს არანაირი კონკურენცია, ჯანსაღიც კი და ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, თუმცა დიახ, უთანასწორო პირობებში გვიწევს მუშაობა, მასწავლებლებს არ აქვთ სტატუსის დანამატი, საჯარო სკოლიდან გადმოსული მოსწავლეები აბრუნებენ „ბუქებს“ და სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლა თბილისში რომ იყოს, ასე არ გაგვიჭირდებოდა, თუმცა მაინც არ დავხურავ - ეს უფლისა და სამყაროს წინაშე ჩემი მისიაა.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა  წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეები თამაშების დახმარებით პროგრამირების საწყისებს სწავლობენ

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება