იანეულის საჯარო სკოლის სასათბურე მეურნეობაში მოსწავლეებმა მარწყვის 200 ძირი ნერგი გაახარეს
20-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ტერიტორიის 50 მ2-ზე სასათბურე მეურნეობაა გაშენებული. სათბურში მოსწავლეებმა დირექციისა და დირექტორის, ლალი წულაიას ხელშეწყობით მარწყვის კულტურა დარგეს, რომელსაც ბავშვები გულმოდგინედ უვლიან.
აღნიშნული სასათბურე მეურნეობა გურიის აგრობიზნეს ცენტრის განხორციელებული პროექტის- „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა, ხოლო მისი ხელმძღვანელი გურიის აგრობიზნეს ცენტრის თავმჯდომარე თამარ ხომერიკია.
სასათბურე მეურნეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით შრომობენ და უკვე, მარწყვის 200 ძირი ნერგი გაახარეს.
პროექტში სკოლის ჩართულობა მიზნად ისახავს, რომ ბავშვებმა სოფლის მეურნეობა და სხვადასხვა კულტურული ჯიშების მოვლა ისწავლონ.
etaloni.ge-სთან დირექტორმა, ლალი წულაიამ აღნიშნა, რომ სათბურში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რათა კარგი მოსავალი მოვიდეს და მოსწავლეებმა პროექტის მიზანს - სოფლის მეურნეობაში ცოდნის დაგროვებას, წარმატებით მიაღწიონ; როგორც დირექტორმა აღნიშნა, პროექტი თვის ბოლოს დასრულდება და შემდეგი ნაბიჯები სწორედ ამის მერე გახდება ცნობილი.