გუბისწყლის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო ცხაკაიას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.დირექცია და პედაგოგები თითოეული მასწავლებლის წარმატებას დიდი სიხარულით ხვდებიან. ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის, ნინო ცხაკაიას პროფესიულ წარმატებას ზეიმობენ.
პედაგოგს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური წესით, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ნინო ცხაკაიამ 2011 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით დაამთავრა, ამავე წელს გუბისწყლის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
2012-2014 წლებში დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა - „განათლების მეცნიერებები“, რომელიც დაასრულა წარჩინებით. 2021 წლიდან ნინო ცხაკაია არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - „განათლების მეცნიერებების“ დოქტორანტი. ასევე, ის გახლავთ ბრიტანეთის საბჭოს პროექტის საქართველოს მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორი წყალტუბოში.
პედაგოგმა ბრიტანეთის საბჭოს პროექტის - „საგანმანათლებლო ჰაბები, ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში იყო იმერეთის რეგიონალური ფასილიტატორი მასწავლებელთა აქტივობის ჯგუფში, რის საფუძველზეც, ბრიტანეთის საბჭოს სრული დაფინანსებით, ჩააბარა კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო გამოცდა - TKT (Teaching Knowledge Test) და სერტიფიკატები სამივე მოდულში მოიპოვა.
იგი აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა აღზრდისა და განვითარების სასკოლო კამპანიაში, იკვლია სოციუმის გავლენის ფაქტორები მოზარდთა განვითარებასა და მის შედეგებზე. აქვს ზეპირი და წერითი თარგმანის გამოცდილება ჰუმანიტარულ სფეროში, სინქრონულად თარგმნიდა კონფერენციებს, „ვორქშოფებს“, სემინარებსა და შეხვედრებს, ასევე საკონფერენციო და საპრეზენტაციო მასალებს. მას, საკუთარი სკოლის მოსწავლეები მუდამ აქტიურად ჰყავს ჩართული ღონისძიებებში, რომელიც ხელს უწყობს მათში აქტიურ მოქალაქეებად ფორმირების პროცესებს და ამასთან, ეხმარება გლობალური და მდგრადი სათემო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
სოციალური უნარების განვითარების ხელშესაწყობად, იგი სკოლაში გეგმავს პრაქტიკულ აქტივობებს და აზიარებს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სწავლების მეთოდებს. ამასთან, ქმნის თანამშრომლობით გარემოს კლასში, არის სკოლათა შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრების ინიციატორი წყალტუბოში. ეს კი ხელს უწყობს მოსწავლეებში XXI საუკუნის უნარების ჩამოყალიბებასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია ნინო ცხაკაიას განსაკუთრებული ღვაწლი სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მან სკოლას საჩუქრად გადასცა ლეპტოპი, ინგლისურ და ქართულენოვანი წიგნები და სრულად უზრუნველყო საკლასო ოთახები ინტერნეტის მიწოდებისათვის საჭირო ტექნიკით. მასვე ეკუთვნის სკოლის ინგლისური ენის კლუბისათვის განკუთვნილი საკლასო ოთახის რეაბილიტაცია.
ნინო ცხაკაია საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს, ატარებს სამუშაო შეხვედრებს, პრეზენტაციებს აქტუალურ თემებზე და ეხმარება მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში.
გუბისწყლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ნინო ცხაკაიას მენტორი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წინსვლას.