თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება
24-10-2022
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ინტელექტუალური კონკურსი ამჯერად თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდება და მასში ჩართვა აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.
თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 26 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.
კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“