„ეტალონი“ წარმატებაზეა ორიენტირებული“-წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის ვინაობა ცნობილია
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
„წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე დათო თოდუა.
კონკურსი წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მისი ხელმძღვანელის, ქალბატონი ლირა ღურწკაიას მხარდაჭერით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს
etaloni.ge-ს „ეტალონი მოსწავლე“, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დირექტორი და პედაგოგი უზიარებენ.
ლირა ღურწკაია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საგანმანათლებლო პროექტია და სწორედ ამიტომ ჩვენი რესურსცენტრი მისი აქტიური მხარდამჭერია. იგი ბავშვების წარმატებაზეა ორიენტირებული და პროექტის გვერდით დგომას კვლავ განვაგრძობთ. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ყველაზე ობიექტური კონკურსია, რაც ყოველთვის ჩანდა და მისი სამართლიანობა წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პროექტი იმ მოსწავლეებზეა გათვლილი, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება და სწავლის დიდი სურვილი აქვთ. მინდა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს კონკურსის ობიექტურად ჩატარებისთვის მადლობა ვუთხრა.
დათო თოდუა, „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“:ძალიან გამიხარდა, რომ „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, რომ სწავლა კვლავ ასეთი შემართებით და მონდომებით გავაგრძელო. ყველანაირად ვცდილობდი სწორი პასუხები გამეცა და ეს დამიფასდა.
ნონა კვარაცხელია, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენი სკოლა წელსაც ტრადიციულად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ადრეც მოხვდნენ საუკეთესო ათეულში და აქედან გამომდინარე, დათოს წარმატება მოულოდნელი არ იყო. დათო ჭკვიანი, მოტივირებული, შრომისმოყვარე და კარგი მოსწავლეა. ჩვენს სკოლას თითქმის ყველა წარმატებისთვის მიუღწევია და ახლა „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსიც წილად გვერგო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და ამით ამაყები ვართ. ვფიქრობ, მოსწავლეები პროექტში აუცილებლად უნდა ჩაერთონ. ჯერ ერთი, ეს არის საკუთარი თავის შემოწმების საშუალება და ძალების მოსინჯვა. მიმაჩნია, რომ თუნდაც მეორე ეტაპზე გადასვლა ეს დიდი გამარჯვებაა. მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საკუთარი ძალების რწმენას აძლევს და სტიმულია, მეტი იმუშაონ.
მანანა ჩიქოვანი, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის პედაგოგი:პროექტში ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობდით და წარმატებასაც ვაღწევდით. ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ ჩვენი მოსწავლე ყოფილიყო „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ და ეს ნატვრა წელს ახდა. ეს წარმატება თითოეული მასწავლებლისთვის დიდი ბედნიერება და სიხარული იყო. დათო საუკეთესო მოსწავლეა და სასკოლო ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურობით გამოირჩევა. როდესაც მისი გამარჯვების შესახებ გავიგე, თითქოს არც გამკვირვებია. მინდა აღვნიშნო, რომ წელს კონკურსში ვინც დარეგისტრირდა ყველა ღირსეული მოსწავლე იყო. ეს ჩვენი სკოლისთვის დიდი წარმატებაა. დათოს წარმატება რა თქმა უნდა მასწავლებლების შრომის მაღალ ხარისხსაც ასახავს და ასევე, ნიშნავს, რომ ბავშვმა საკუთარ თავზე იმუშავა. ყველა მოსწავლე აღნიშნავდა, რომ კითხვები ზოგადი განათლებიდანაც იყო და აქედან გამომდინარე, „ეტალონი“ ზოგად განათლებასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ერთადერთი პროექტი, რომელიც მართლაც ორიენტირებულია, რომ ჩვენი ბავშვები განათლებულები გაიზარდონ და ამასთანავე ქართველობა და ქართული ტრადიციები არ დაივიწყო. პირველი ეროვნული ჩემპიონატია, რომელსაც პირადად მე დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ.
ასევე იხილეთ:
2022 წლის ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ხობი, წალენჯიხა, შუახევი, ნინოწმინდა და საჩხერე„ბავშვები ჩემპიონატის დაწყებას წლიდან-წლამდე ელიან“-ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართახობის, წალენჯიხის, შუახევი, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება