სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ის სულისკვეთება, რომელიც მაშინ იყო, მას შემდეგ აღარც მინახავს“ - ინტერვიუ 14 აპრილის მოვლენების ეპიცენტრში მყოფ თამარ ჩხეიძესთან
13-04-2018
-
+


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წელს მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. მაშინ საბჭოთა ხელისუფლებამ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული ენა სახელმწიფო ენა აღარ იქნებოდა და მთელ სსრკ-ში მხოლოდ რუსული ენა იბატონებდა.

კრემლის ინიციატივას თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს, იმ დღეს, როცა საქართველოს მაშინდელ მთავრობას, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღო, რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლებას განზრახვაზე უარი ათქმევინა.

ამ ისტორიული დღის შესახებ, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი თამარ ჩხეიძე Etaloni.ge-ს ესაუბრა.

- მაშინდელ მთავარ გაზეთში, „კომუნისტში“ გამოქვეყნდა, რომ ხელისუფლება არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებას გეგმავდა, რომლის მიხედვითაც, უნდა ამოღებულიყო წინა კონსტიტუციაში არსებული პუნქტი, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა ჩვენი სახელმწიფო ენა იყო. ანუ ჩვენს ენას სტატუსი აღარ ექნებოდა. თუ ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, როგორც მეფის რუსეთის დროს, როცა იკრძალებოდა ქართული ენა და ამ ენაზე არც სწავლა ხდებოდა, არც დაწესებულებებში იყენებდნენ. ყველგან რუსული ენა იყო გამეფებული. ეს კატასტროფა იქნებოდა. ეს ამბავი გახმაურდა და სტუდენტებში, ინტელიგენციაში, სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულებებში, თეატრებში და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. დაიწყო შეკრებები, სადაც განიხილებოდა კონსტიტუციის ახალი პროექტი და ყველა აფიქსირებდა ერთსა და იმავე აზრს, რომ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა შენარჩუნებოდა.

- თქვენ ბრძანდებით ყოველივე ამის თვითმხილველი. როგორი განწყობა და პათოსი სუფევდა?

- თვითმხილველი ვარ იმის, რაც უნივერსიტეტში ხდებოდა. მაშინ ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჩვენ, ისტორიის ფაკულტეტმა, შევადგინეთ პეტიცია, სადაც ეწერა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ქართული და მოვითხოვთ ამის აღიარებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ხელმოწერები შევაგროვეთ და ცენტრალურ კომიტეტში ჩავაბარეთ. 

ცნობილი იყო დღე, როდის უნდა შემდგარიყო უმაღლესი საბჭოს სესია, სადაც კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა იგეგმებოდა, ეს იყო 14 აპრილი. „კაგებე“ ძალიან აქტიურობდა. ყველას კუდში დაგვდევდნენ. ჩემს სახლში ჩხრეკაც კი ჩაატარეს. ამავე დროს, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, დაგიჭერთ, თუ ამ საკითხზე აქტიურობას თავს არ დაანებებთო. იმდენად შეშინდა და პანიკაში ჩავარდა ხელისუფლება, რომ თავიანთი აქტიურობით უკუშედეგი მიიღეს. 14 აპრილამდე გარკვეულწილად მიაღწიეს შედეგს - იყვნენ სტუდენტები, რომელთაც უკან დაიხიეს შიშის გამო. იმის მიუხედავად, რომ ზოგი დააშინეს და გამოთიშეს ამ საქმეს, „კაგებეს“ აქტიურობის წყალობით მოსახლეობის იმ ნაწილამდეც მივიდა ინფორმაცია, ვისაც ამის შესახებ შეიძლებოდა ვერც ვერასოდეს გაეგო. ტელევიზიით ეს არ გადაიცემოდა და გაზეთებში არ იწერებოდა. ჩვენ კი ვაქტიურობდით, მაგრამ ასეთი მასშტაბით ამ ამბავს მაინც ვერ გავავრცელებდით, როგორც თავად „კაგებემ“ გააკეთა. „კაგებეს“ პროფილაქტიკურმა ზომებმა და პანიკამ, რომელშიც ხელისუფლება იყო ჩავარდნილი, მოსახლეობის ყველა ფენა გამოაფხიზლა. ყველას აფრთხილებდნენ, 14 აპრილს სახლიდან ცხვირი არ გამოეყოთ გარეთ. სკოლებში მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, ამ დღეს სკოლის კარი ჩაეკეტათ და მოსწავლეები გარეთ არ გამოეშვათ. ასევე აფრთხილებდნენ სხვა დაწესებულებებსაც. უნივერსიტეტში ხომ საერთოდ პიკს აღწევდა „კაგებეს“ აქტიურობა.

ყოველივე ამან, ადამიანებში დიდი მისწრაფება გამოიწვია, რომ წასულიყვნენ ზუსტად იქ, სადაც ეს ამბები ხდებოდა. „გარეთ არ გაყოთ ცხვირი“ დამატებით ინტერესს იწვევდა და 14 აპრილს ხალხის უზარმაზარი მასები დაიძრა მთავრობის სახლისკენ. მილიციამ გადაკეტა გზები, მაგრამ ხალხის ამ მასას ვერაფერი შეაკავებდა იარაღის გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, აშკარად იგრძნობოდა, რომ მილიცია შინაგანად ხალხს თანაუგრძნობდა. ისინიც ხომ ქართველები იყვნენ! ასე რომ, მათ დიდი ენთუზიაზმით არც შეუკავებიათ ხალხი და მასამ მიაღწია მთავრობის სახლამდე. ეს იყო ხალხის უზარმაზარი მასა. შემდეგ წლებში დიდი მიტინგები და დემონასტრაციები იმართებოდა, მაგრამ იმ დროისთვის ეს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენა. მაშინ დაანგარიშება არ ხდებოდა, რამდენი ადამიანი მოვიდა, მაგრამ საითაც გაიხედავდი, ხალხით იყო სავსე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

საოცარი ის იყო, რომ ეს ამდენი ადამიანი თავად იცავდა წესრიგს. თვითონ ხალხს ჰქონდა იმდენი შეგნება, რომ არაფერი დაეშავებინათ და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო. ხალხი ერთმანეთს აფრთხილებდა, რომ სხვა არანაირი საკითხი არ ეხსენებინათ. კონცენტრირებულები თუ ვიქნებოდით ამ ერთ საკითხზე, უფრო მეტი შანსი გვქონდა, შედეგი მიგვეღო და მთავარი ეს იყო.

 - შიშის ფაქტორი მაინც იყო?

- შიში, რომელიც წინა დღეებში იგრძნობოდა, 14 აპრილს სრულიად გადალახული იყო. ვიცოდით, რომ სამხედრო ძალების გარკვეული მობილიზება ხდებოდა. ამას გარდა, იქ იყვნენ ჩვენი წინა თაობის წარმომადგენლები, რომელთაც კარგად ახსოვდათ 1956 წელი, როცა პროტესტისთვის უამრავი ადამიანი დახვრიტეს თბილისის ქუჩაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ეს გამეორებულიყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, შიში დაძლეული იყო და ყველა იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ არაფრით დაგვეშვა ქართული ენის სტატუსის დაკარგვა.

ცოტა ხნის მერე, ხალხთან გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე და შვილებოო - ასე მოგვმართა. ამას უარყოფითი შეძახილები მოჰყვა - ვინ არიან შენი შვილებიო. რაღაც ვარიანტი შემოგვთავაზა, მაგრამ რასაც ის გვთავაზობდა, იქ არ იყო ნათქვამი, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა. ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ ორაზროვანი იყო, ცოტა უფრო უკეთესი ვარიანტი, რასაც მანამდე აპირებდნენ. არ მივიღეთ ეს წინადადება და შევარდნაძე შებრუნდა უკან. 

მოცდის რეჟიმში ვისხედით ასფალტზე - ხომ უნდა გაგვეგო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რამდენი საათი გავიდა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც ჩანს, კრემლში მიხვდნენ, რომ ხალხი დათმობაზე არ წავიდოდა. არც სისხლისღვრა აწყობდათ, რადგან მაშინ საბჭოთა კავშირი უკვე საკმაო ანგარიშს უწევდა დასავლეთის აზრს და ეკონომიკურადაც და სხვა მხრივაც გარკვეულწილად დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნებზე. სისხლისღვრის დატრიალება მაინცდამაინც არ აწყობდათ. რომ დაინახეს, ხალხი შედეგის გარეშე არ დაიშლებოდა, დათმობაზე წავიდნენ. ისევ გამოვიდა ედუარდ  შევარდნაძე და გვამცნო, რომ ქართული ენის სტატუსი აღდგენილ იქნა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორი სიხარული გამეფდა გარშემო. ჩვენმა ხალხმა მაშინ გამოიჩინა უზარმაზარი მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნება და ქართული ენა ვერ განდევნეს. ის სულისკვეთება, რომელიც მაშინ იყო, მას შემდეგ აღარც მინახავს, რადგან ის აქცია სრულიად მოკლებული იყო პოლიტიკურ ამბიციებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლას. ეს მართლაც მხოლოდ მოქალაქეების შეკრება იყო, რომლებიც იცავდნენ თავიანთ ეროვნულ უფლებას და ქვეყნის ინტერესებს და ჩვენც დიდი სიხარულით დავიშალეთ.

- ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელს მსოფლიოში...

- დიახ, ჩვენს ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში. შეიძლება ვიღაც აპროტესტებდა, მაგრამ ასეთი მასშტაბური გამოსვლა არსად ყოფილა. რადგან იძულებულები გახდნენ, საქართველოში დათმობაზე წასულიყვნენ, ეს აისახა სხვა რესპუბლიკებზეც, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი ერთიანი სახელმწიფო იყო და ერთიანი სტანდარტებით მოქმედებდა. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება