მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში მუშაობა 1995 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ თავდაუზოგადავად ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თვლის, რომ საგანმანათლებლო სივრცეს და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც უფრო მეტად არის სკოლა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, მით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ განათლების ხარისხსაც ზრდის - ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძემ etaloni.ge-სთან მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის პირველადი დოკუმენტიც შეაფასა და დირექტორის ახალ სტანდარტზეც გაამახვილა ყურადღება.
- ქალბატონო სოფო, სკოლებს უკვე გადაეგზავნათ პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია, თუ გაეცანით და როგორ შეაფასებდით?
- მეც და ჩემი პედაგოგებიც ყოველთვის მზად ვართ სიახლეების მისაღებად. ნებისმიერი სიახლე ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და მზად არიან, განახორციელონ ის პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც მათ სტატუსის ასამაღლებად სჭირდებათ.
- როგორც ამ დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, გაუქმდა გარე დაკვირვება, აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებით პედაგოგებში განსხვავებული მოსაზრებები იყო, ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა. თქვენი აზრით, იყო თუ არა თავის დროზე გარე დაკვირვების შემოტანა საჭირო ან რამდენად სწორია ახლა მისი გაუქმება?
- ჩემი სკოლის პედაგოგები უმეტესობას გავლილი აქვს გარე დაკვირვება. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად კარგი იყო ეს აქტივობა და აჩვენებდა პედაგოგთა ცოდნას, გამოცდილებას ბავშვებთან მიდგომებს. ისინი ამტკიცებდნენ თავიანთ ცოდნას და ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ეს აქტივობა შენარჩუნებულიყო.
- კვლევის შენარჩუნებაზე რას ფიქრობთ?
- ეს კვლევები პედაგოგებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მათ უკვე გაიარეს და გამოცდილებაც აქვთ, ამიტომ არ ვთვლი რომ ეს აქტივობა ზედმეტია ან უნდა გაუქმებულიყო.
- ანუ თვლით, რომ მხოლოდ გამოცდა, როგორც პედაგოგების ნაწილი ითხოვს საკმარისი არ არის სტატუსის ასამაღლებლად...
- დიახ, ნამდვილად არ მგონია გამოცდა საკმარისი ამისთვის. ვფიქრობ, აუცილებელი პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ დირექტორის სტანდარტზე, თუ გაეცანით და რა იყო სიახლე ?
- დიახ, გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად სკოლის დირექტორობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. შენ ხელშია მოზარდი თაობა და ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორც დირექტორზე ისე, რა თქმა უნდა, პედაგოგზე. ამიტომაც ვთვლი, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. რაც შეეხება უშუალოდ სტანდარტს, რა თქმა უნდა ბევრი ვალდებულებაა და ასეც უნდა იყოს. არაფერია ისეთი რაზეც ვიტყოდი რომ, უცხოა ან იმდენად ახალი, რომ ჩემი გაოცება გამოიწვია.
- ქალბატონო სოფიო, დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდაზე თუ აპირებთ გასვლას?
- დიახ, ვაპირებ გამოცდაზე გასვლას.
- პროგრამას თუ გაეცანით და ზოგადად როგორ აფასებთ ტესტებს?
- ჩემი აზრით უფრო გამარტივებულია პროგრამა. მოცულობით შეიძლება დიდია, თუმცა ეს კანონები მოქმედი დირექტორებისთვის ან მოვალეობის შემსრულებლებისთვის უცხო ნამდვილად არ არის.
- საკმაოდ დიდი ხანია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობთ, საინტერესოა, თქვენი პოზიცია არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით, თუ არის საკითხი ან მიდგომა, რომელსაც შეცვლიდით?
- ის, რასაც დღეს განათლების სამინისტროს მხრიდან იგეგმება და კეთდება, ამ სიახლეების პოლიტიკა, ვფიქრობ, ძალიან კარგია. ერთადერთი რასაც შევცვლიდი და გავზრდიდი, ეს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაა.
- რას გააკეთებდით ამისთვის, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მშობელთა ჩართულობის გაზრდისთვის?
- ვფიქრობ, მშობელთა ჩართულობისთვის აუცილებელია მათთან მეტი კომუნიკაცია, მეტი ისეთი სასკოლო ღონისძიება, რომელთა განხორციელებაში მშობელთა მონაწილეობა იქნება აუცილებელი, მეტი შეხვედრის მოწყობა... ჩემი აზრით, ასეთი აქტივობები გაზრდის მშობელთა ჩართულობასა და ინტერესს.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ, სკოლის შესახებ, რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ და თვლით თუ არა, რომ თქვენი სკოლა წარმატებულია?
- როცა მუშაობა დავიწყე ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში, მაშინ ეს სკოლა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული იყო თავისი მოსწავლეებით, ამ ფაქტით ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ. მახარებს, რომ უახლოეს პერიოდში უკვე რეაბილიტირებული შენობა გვექნება. იანვარში შევძლებთ, რომ განახლებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განვაგრძოთ სასწავლო პროცესი და კიდევ უფრო მეტად წარმატებული მოსწავლეები აღვზარდოთ.
- თქვენი აზრით, მოქმედებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციაზე გარემო?
- რა თქმა უნდა, გარემო მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული სივრცით აღჭურვილობით, კომპიუტერებით და ა.შ. ეს ნამდვილად ზრდის, პედაგოგების მოტივაციას, რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები ჩაატარონ, ასევე იზრდება მოსწავლეების მოტივაცია და ინტერესი.
- ქალბატონო სოფიო, თუ გაქვთ ისეთი სურვილი, რომლის განხორციელებაც გსურდათ სკოლაში და ამ დრომდე ვერ შეძელით?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენი სკოლა ძალიან გუნდურია, იმდენად შეკრულია მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი რომ ვერ გეტყვით, თითქოს რაღაც გვინდოდა გაგვეკეთებინა და ვერ შევძელით, იმიტომ რომ ამის ინტერესი ან სურვილი არ იყო. ერთადერთი ახლა რაც მსურს, ის არის რომ მალე დავბრუნდეთ განახლებულ სკოლაში. წელს იუბილეც გვექნება, 100 წლის ხდება ჩვენი სკოლა და ამასთან დაკავშირებით მსურს, რომ მასშტაბურ ღონისძიება ჩავატარო და ასე გრანდიოზულად შევიდეთ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...