სიახლეები
ინტერვიუ

„თუ არ იკითხე, კარგს ვერაფერს დაწერ“ - ინტერვიუ პოეტ ბესიკ ხარანაულთან
22-06-2018
-
+


პოეტი ბესიკ ხარანაული წიგნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში აკრძალული იყო, ლამფის შუქზე კითხულობდა. მეტი წიგნი რომ მქონოდა, ბევრად მეტ ნავთს დავწვავდიო, ამბობს. 20-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორი წერის ნიჭს მუდმივად გრძნობდა, მაგრამ მიიჩნევს, რომ კითხვის გარეშე, ამ ნიჭის განვითარება შეუძლებელია.

- ბატონო ბესიკ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ წიგნის კითხვას და რას ურჩევთ მოზარდ თაობას, როგორი წიგნები უნდა იკითხონ?

- ახლა „ვისრამიანს“ ვკითხულობ, რომელსაც სკოლაშიც გავდიოდით, მაგრამ მაშინ ასეთი  ყურადღება არ მიმიქცევია. დღეს კი ეს ჩემთვის უძვირფასესი წიგნია. წელიწადში ორჯერ მაინც ვკითხულობ. საერთოდ, ყველა წიგნი კარგია. მკითხველმა თავისით, ინდივიდუალურად უნდა გაიკაფოს გზა. განსაკუთრებით კარგია ქართველი მწერლების წიგნები. ახლა, უკვე ასაკში მყოფი, მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილს ვკითხულობ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, უცხოურ ლიტერატურას ვეტანებოდი. უცხოური საინტერესოა და თან, ხშირ შემთხვევაში, უფრო ადეკვატურია დროსთან მიმართებაში. იქ უფრო გამძაფრებულია პრობლემები. 

ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა ავტორები აკრძალული იყო. დედაჩემი სხვენში ინახავდა ამ წიგნებს, რათა არავის დაენახა. იყო დრო, როცა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსანს“ ოჯახებში ხმამაღლა უკითხავდნენ ახლობლებს. ლევან გოთუა რომ არ წაიკითხო, შეიძლება? არ შეიძლება! ძვირფასი ხალხოსანი მწერლები გვყავდა, რომლებსაც სიტყვაც ქართული ჰქონდათ და ნაწარმოების ტონიც სუფთა ქართული იყო და არა „ლიტერტურშჩინური“ ანუ სხვა ლიტერატურიდან გაკეთებული ნაწარმოები.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?

- ახლა ისეთი ტექნოლოგიებია განვითარებული, ახალგაზრდები ცოდნას მაინც იძენენ. თუმცა, რა ინფორმაციაც უნდა მოიძიონ ინტერნეტით, ის მაინც ვერ მოვა წიგნთან. ცოცხალი სიტყვა ნაწერია და მხოლოდ  წიგნშია, სხვაგან არსად. სხვაგან მხოლოდ საგზაო ნიშნებივითაა - მიგვითითებს მარჯვნივ, მარცხნივ და ზემოთ თუ ქვემოთ. წიგნი კი ნამდვილი ენაა.

- უფროსი თაობისთვის ზოგი წიგნი რომ იშვიათობა იყო და თან გარკვეული ლიტერატურა აკრძალული, იმიტომაც ეტანებოდნენ?

- ბავშვობაში რომ ბევრი წიგნი მქონოდა, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. მართალია, ბევრ ნავთს დავწვავდი, მაგრამ მაინც მოვახერხებდი, რომ მეკითხა. არ იყო წიგნები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანი, რომელსაც წიგნი უყვარს. ასეთები სულ სხვა ხარისხისანი არიან, როგორც ადამიანები.

- წერა რომელ ასაკში დაიწყეთ და რამდენად ეხმარება ნიჭს კითხვა განვითარებაში?

- ბავშვობიდან ვწერდი რაღაცებს. მე ისეთ კუთხეში ვიზრდებოდი, სადაც სიტყვას ისედაც ფასი ჰქონდა, ფოლკლორი იყო განვითარებული თიანეთში. ლექსი ისეთ დონეზე იყო, იქ სულ ლექსად მეტყველებდნენ. უბრალო ამბავს ლექსავდნენ და ისე ყვებოდნენ. მეც ვწერდი, მაგრამ იქიდან დღეს არაფერი შემომრჩა. თუმცა, ეს აუცილებელი იყო ჩემთვის, რადგან სწორედ ეს გახლავთ  ზრდის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც კითხვასთან ერთად მოაქვს შედეგი.
 
თუ არ იკითხა ადამიანმა, ვერც მიხვდება, რომ წერა შეუძლია. რომ კითხულობ, მერე გიჩნდება აზრი, რომ შენც შეგიძლია რაღაც დაწერო. ზერელე ადამიანები კი ამბობენ, ასე ხომ მეც დავწერდიო, მაგრამ ასე არ არის... ნაწარმოები წერის იმპულსს უნდა გაძლევდეს. ნაწარმოების ჩემეული ფარული შეფასების კრიტერიუმი ეს გახლავთ. თუ არ აღგიძრა წერის სურვილი, იმპულსი ფიქრისა, იმპულსი კამათისა და, საერთოდ, შემოქმედებითი იმპულსი, ის წიგნი ჩემთვის არ არის საინტერესო. არადა, ასეთი წიგნიც ბევრია და მეც ბევრი წამიკითხავს. თუ აღძრა ასეთი იმპულსები, ესე იგი, რაღაცაა მასში და ის წიგნი რამდენჯერმეც უნდა წაიკითხო. მაგალითად, „ვისრამიანს“ რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ ახალ-ახალ რაღაცას ვპოულობ. არადა, თითქოს სიუჟეტი იცი. „ვისრამიანი“ ყველაზე ახლოს დგას „ვეფხისტყაოსანთან“. „ვეფხისტყაოსანს“ დაასწრო გამოსვლა „ვისრამიანმა“ და ეს დიდი კულტურული მოვლენა იყო, რევოლუცია მოახდინა მაშინ.

- ყველაზე დიდი გავლენა რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე?

- ჩემზე ყველაზე დიდი და ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნმა შექსპირმა. გარდამავალ ასაკს რომ ეძახიან, 14-15 წლის ვიყავი, როცა შექსპირის ტომეულების გამოსვლა დაიწყო და ბედმა გამიღიმა, რომ შევძელი წამეკითხა. „ჰამლეტი“ საოცარი დრამაა და ძალიან შთამბეჭდავია. რაც წამიკითხავს, არც ერთი წიგნით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ, მაგრამ ნათელი და მკაფიო გავლენა ჩემზე მაინც შექსპირმა და ბარათაშვილმა მოახდინეს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ ნოღის ღელეებსა და წყაროებს

ბავშვებმა საღებავების გამოყენებით შექმნეს ნამუშევარი დედამიწის, როგორც მაცოცხლებელი ძალის თემატიკაზე

მოსწავლეებს ქართული კალიგრაფიის ხელოვნების შემსწავლელი კურსი ჩაუტარდათ 

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება