ქუთაისის N40 სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული სახალისო და საინტერესო აქტივობების მონაცვლეობით წარიმართა
21-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული, მე-4ბ და მე-2გ კლასებში, აქტიური თანამშრომლობითა და სახალისო აქტივობების მონაცვლეობით მიმდინარეობდა.
კლასის ხელმძღვანელები - ინგა მეტონიძე და ქეთევან გედენიძე, ქართული ენის პედაგოგ აზა ჯამბურიძესთან ერთად, მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიაწიგნიერების რაობაზე ესაუბრნენ და კონკრეტული სიტუაციური ამოცანებიც განიხილეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ციფრულმა ეპოქამ ყველას გაუადვილა მედიის შექმნა და რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, ვინ შექმნა გზავნილი, რატომ შექმნა და რამდენად სანდოა. ამიტომ, კრიტიკულად უნდა ვაანალიზებდეთ ყველა მედიაგზავნილს და უნდა შევძლოთ დასვათ შეკითხვები:
ვინ შექმნა ეს პროდუქტი?
რა არის მისი შექმნის მიზანი?
ვისთვის არის განკუთვნილი?
„პროცესი როლური თამაშებით წარმატებით განახორციელეს მოხალისე მოსწავლეებმა, რომლებმაც სურვილისამებრ მოირგეს სტატუსები: „ჟურნალისტი“ და „პიარ მენეჯერი“. მათ საკუთარი ხელით მიზანმიმართულად შექმნილი რესურსი აუდიტორიის წინაშე ეფექტური რეკლამით წარადგინეს, მათ მოუწიათ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გაეცათ პასუხები იმ კრიტიკულ კითხვებზე, რომელიც დასვეს „ჟურნალისტებმა“.
პედაგოგებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და თანამშრომლობითი კულტურის მაგალითც გვაჩვენეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.