ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ აქტივობები მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით ეწყობა.
ამჯერად, თაობელების ინიციატივით, სკოლაში 22 ნოემბერი ჩახუტების დღედ დაინერგა. „თაობაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტი, რა მიმართულებითაც მოსწავლეების განვითარება სურთ, ემპათიაა. ჩახუტების დღე კი ხელს უწყობს თაობელებს შორის უშუალო, ღია, ოჯახური დამოკიდებულებების შექმნას.
გარდა ამისა, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ადამიანებს დაახლოებასა და იმის გაცნობიერებაში უწყობს ხელს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ზრუნვა და ერთმანეთის ყურადღება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „თაობაში“ თითოეული პედაგოგის მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა განვითარება და მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა.
„თუ სხვა დროს მოსწავლეებს დირექტორისა და მასწავლებლებისადმი მოკრძალება მართებთ, ამ დღეს ისინი თამამად მიდიან მათთან და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას - სითბოს, სიყვარულსა და დადებით ემოციებს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არც სხვა დროს ეკრძალებათ, მაგრამ აქტიური საგაკვეთილო პროცესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ამის საშუალება ნაკლებად ეძლევათ.
თან ბუნებრივად გამოვიდა, რომ მოსწავლეებს ერიდებათ მასწავლებლებთან მსგავსი ქმედების განხორციელება, ეს დღე კი ხელს შეუწყობს დადებითი ენერგეტიკის გაცვლასა და ჯანსაღი ემოციების გამოვლენას“,- აღნიშნავენ სკოლაში.